2013

წლის 19 ნოემბერს, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა (შემდგომ პრემიერ–მინისტრი), ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობას რთული ეკონომიკური მემკვიდრეობა დახვდა, პრობლემები ჯერ კიდევ არის, თუმცა ეკონომიკა გაჯანსაღების გზას ადგას. დადებითი ტენდენციის დასადასტურებლად ღარიბაშვილმა შემდეგი არგუმენტები მოიყვანა: „ახალი მთავრობის მოსვლისთანავე ბიზნესი განთავისუფლდა სახელმწიფოს ზეწოლისგან, აღარ მიმდინარეობს ბიზნესზე ზეწოლა. მიმდინარე წლის მარტიდან ეკონომიკაში ტენდენცია მზარდია. ეკონომიკა გამოდის შოკიდან, დაიწყო გაჯანსაღების შეუქცევადი, თანმიმდევრული და მდგრადი პროცესი. წინა ხელისუფლების პირობებში, სამშენებლო სექტორში დაგროვილი პრობლემების მიუხედავად მიმდინარე წლის ორ კვარტალში, კერძო ბინათმშენებლობის სექტორში 10%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ სექტორის განვითარება სახელმწიფოს მიერ გაუმართლებელი პროექტების დაფინანსების გარეშეცაა შესაძლებელი. ახალი მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული დიდი მოცულობის ინვესტიციების შედეგად ამ სექტორში, ორ კვარტალში რეალურმა ზრდამ 7%–ს გადააჭარბა. 2012 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სექტორში კლება იყო დაფიქსირებული... წელს, ცხრა თვეში გვაქვს ექსპორტის 14%–ანი ზრდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. წინა წელთან შედარებით სავაჭრო დეფიციტი შემცირდა 20%–ით. 2013 წლის პირველ ნახევარში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 8024 ადამიანით გაიზარდა. რეალური მშპ 2013 წელს, ყველა თვეში უფრო მაღალია, ვიდრე ეს წინა წელს იყო, ანუ გვაქვს პოზიტიური ეკონომიკური ზრდა. კერძო სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 12%–ით გაიზარდა, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით და მნიშვნელოვნად გაიაფდა საპროცენტო განაკვეთები“.

ფაქტ–მეტრი დაინტერესდა, მართლაც მზარდია თუ არა ეკონომიკაში ტენდენცია მიმდინარე წლის მარტიდან.

კერძო მშენებლობების სექტორი „საქსტატის“ ინფორმაციით, 2013

წლის ორ კვარტალში კერძო მშენებლობის სექტორში, არა 10%–იანი ზრდა, არამედ 13 პროცენტიანი კლება (გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით) ფიქსირდება (იხ. ცხრილი)

gar სოფლის მეურნეობა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წლის პირველ კვარტალში, სოფლის მეურნეობის სექტორში, მშპ მუდმივ ფასებში 312,9 მლნ ლარს შეადგენდა, მეორე კვარტალში კი 392 მლნ–ს. მიმდინარე წლის ორი კვარტლის ჯამი 704,8 მლნ. ლარს უდრის.

2012 წლის პირველ კვარტალში, სოფლის მეურნეობის სექტორში, მშპ მუდმივ ფასებში 287,2 მლნ ლარი იყო, მეორე კვარტალში-361,4 მლნ. ლარი. გასული წლის ორი კვარტლის ჯამი 648,6 მლნ. ლარს შეადგენს, რაც 8.7%-ით ჩამორჩება წლევანდელი წლის მაჩვენებელს. საგარეო ვაჭრობა 2013 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყნის ექსპორტმა 2019 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,

რაც 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1768 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება იმპორტს, წელს, ცხრა თვეში იმპორტი 5566 მლნ. აშშ დოლარს უდრის. ეს მონაცემი 4%-ით ჩამორჩება 2012 წლის იგივე ციფრს (5824 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა წელს 3548 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და გასული წლის მაჩვენებელთან (4056 მლნ აშშ დოლარი) შედარებით 12%-ით შემცირდა.

gar1 ბიზნეს–სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2013

წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 485,700–ს შეადგენდა. მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 503,500-ს უდრის. 2013 წლის პირველი ექვს თვეში დასქმებულთა საშუალო რაოდენობა 494,600-ის ტოლია.

2012

წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს-სექტორში 470,000 დასაქმებული აღირიცხებოდა, მეორე კვარტალში კი 503,100. გასული წლის პირველ ნახევარში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 486,550–ს შეადგენდა, რაც 8050 დასაქმებულით ნაკლებია, ვიდრე 2013 წლის პირველ ნახევარში.

gar2 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთნ შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 9200-ით ნაკლებია.

თუმცა, ეს ციფრი ირაკლი ღარიბაშვილს ვერ ეცოდინებოდა, რადგან მან განცხადება 19 ნოემბერს გააკეთა, აღნიშნული სტატისტიკა კი 4 დეკემბერს გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, ეს მონაცემი ნათლად გამოხატავს, რომ ბიზნეს-სექტორში მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია არ შეინიშნება.

რეალური მშპ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის შედარებისას ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ 2013 წლის ყველა თვეში მშპ მაღალი იყო ვიდრე წინა წელს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ განცხადების ამ ნაწილში პრემიერი ცდება, რადგან ივნისის თვეში მშპ-ის 0,6%-იანი კლება დაფიქსირდა. მართალია სხვა თვეებში უარყოფითი მაჩვენებელი აღარ დაფიქსირებულა და საშუალოდ მშპ მაინც იზრდება (შესაბამისად აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს), თუმცა მისი ზრდის ტემპი მკვეთრად არის შემცირებული. მშპ-ზე საუბრისას პრემიერ-მინისტრი თითქმის სწორად ასახელებს ფაქტს, მაგრამ უგულვებელყოფს ისეთ მნიშვნელოვან კონტექსტს, როგორიცაა მშპ–ის ზრდის ტემპის შემცირება (ზრდის ტემპი ნაკლებია როგორც დაგეგმილ, ასევე შარშან დაფიქსირებულ ტემპზეც), რამაც მაგალითად, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გარღვევა განაპირობა. 2013 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, მშპ-ის რეალურმა ზრდამ 1,9% შეადგინა (სავარაუდოდ, 2013 წლის ეკონომიკური ზრდა კი 2-2,5% იქნება),

მაშინ როცა საქართველოს ეკონომიკა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში 6-7%-ით იზრდებოდა (იხ. გრაფიკი ქვემოთ). შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კონტექსტის უგულვებელყოფა ფაქტის სრულად აღქმის საშუალებას არ იძლევა და არასწორ ინტერპრეტაციას იწვევს.

 gar3 კერძო სექტორზე გაცემული სესხების რაოდენობა და საპროცენტო განაკვეთები 2013 წელს, პირველ ცხრა თვეში კერძო სექტორზე გაცემული სესხების რაოდენობა 77,084,488 ლარს შეადგენს. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 69,055,146 ლარს უდრიდა. შესაბამისად, წელს, ცხრა თვეში კერძო სექტორზე 8,029,342 ლარით მეტი (11.6%–იანი ზრდა) გაიცა, ვიდრე შარშან. 2012

წლის ცხრა თვის მონაცემებით, გაცემულ სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ 19,1%–ს შეადგენდა. 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს ციფრი, საშუალოდ 17,9%–ს უდრის.

დასკვნა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გადამოწმებისას შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა. კერძო მშენებლობის სექტორში ზრდის ნაცვლად, 13%-იანი კლებაა და განცხადების ეს ნაწილი არაზუსტია. სოფლის მეურნეობის სექტორში, პირველ ექვს თვეში მართლაც ფიქსირდება 8,7%–იანი ზრდა. პრემიერი ასევე სწორად აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ 2012 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობაში უარყოფითი მაჩვენებელი იყო. ღარიბაშვილი ზუსტად ასახელებს ექსპორტის ზრდის მაჩვენებელსაც, თუმცა არაზუსტია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დასახელებისას. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი არა 20, არამედ 12%–ით არის შემცირებული. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ პრემიერის განცხადება ზუსტია და წელს, პირველ ექვს თვეში (2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) ეს რიცხვი 8050 ერთეულითაა გაზრდილი, თუმცა დასაქმებულთა რიცხვის კლება მესამე კვარტალში შეინიშნება (ეს ფაქტი ირაკლი ღარიბაშვილს ვერ ეცოდინებოდა, რადგან აღნიშნული სტატისტიკა მისი გამოსვლიდან 15 დღეში გახდა ცნობილი). რაც შეეხება მშპ-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, იგი არაზუსტია, რადგან წელს ივნისის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მართალია სხვა თვეებში უარყოფითი ტენდენცია აღარ შეიმჩნევა, მაგრამ პრემიერის განცხადების ეს ნაწილი მაინც ვერ ჩაითვლება მართებულად, ვინაიდან ის უგულვებელყოფს ისეთ მნიშვნელოვან კონტექსტს, როგორიც მშპ–ის ზრდის ტემპის მკვეთრად შემცირებაა. კერძო სექტორზე გაცემული სესხების ზრდასთან დაკავშირებული სტატისტიკის მოშველიებისას პრემიერი მართალია. წელს, ცხრა თვეში გაცემული სესხების რაოდენობა 11.6%–ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. სიმართლეა ისიც, რომ საპროცენტო განაკვეთები კერძო სესხებზე წელს უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშან.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულ სექტორებში გაუმჯობესებული მდგომარეობა მაინც არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში სიტუაცია ცალსახად უმჯობესდება. პრობლემები ნიშანდობლივია, რაზეც ზემოთ ნახსენები მშპ–ის ზრდის ტემპის შემცირებაც მეტყველებს. გარდა ამისა, პრობლემებია ბიუჯეტის შევსების კუთხითაც და მისი დანაკლისი შემოსულობების ნაწილში, დაახლოებით 750 მლნ. ლარს შეადგენს. ასევე, 2013 წლის პირველ ცხრა თვეში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%–ით არის გაზრდილი კერძო სექტორის მიერ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა,  რაც მნიშვნელოვნად აღემატება ამავე პერიოდში კერძო დაკრედიტების ზრდის ტემპს (11.6%) და ეჭვის ქვეშ აყენებს კერძო სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, 2013 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,9%-ით არის შემცირებული ეკონომიკის შიდა დანაზოგი.

დანაზოგი კი მომავალი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. მიმდინარე დანაზოგი მომავალში ინვესტიციად იქცევა და ეკონომიკურ აქტივობას ზრდის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს მოხმარება არ შემცირებულა, შიდა დანაზოგის შემცირება ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს.

სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, ეკონომიკის მზარდი ტენდენციის და მისი შეუქცევადი, თანმიმდევრული და მდგრადი პროცესის შესახებ, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი