2013

წლის 20 ნოემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ახალ შემადგენლობას უყარეს კენჭი. სიტყვით გამოსვლისას  საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ასევე განაცხადა: "სამჯერ არის შემცირებული საქართველოს ეკონომიკის ზრდა. ერთ მილიარდამდეა დაახლოებით ბიუჯეტი გარღვეული. მომავალ წელს 1.1 მლრდ ლარზე მეტ ვალს იღებთ. თქვენ ზრდით ბიუჯეტის დეფიციტს’’.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს.

ჯაფარიძის საუბრის კონტექსტიდან გამომდინარე „ეკონომიკური ზრდის შემცირებაში“ ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება იგულისხმება. ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი  მთლიანი შიდა პროდუქტის (ერთი წლის განმავლობში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულებით) ცვლილების მიხედვით განისაზღვრება.  ინფორმაცია, თუ რამდენად შემცირდა ეკონომიკის ზრდის ტემპი, ჩვენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე

დაყრდნობით გადავამოწმეთ.

jkaaff ცხრილში 2012 და 2013  წლების პირველი სამი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებია ნაჩვენები.  2012 წლის მშპ-ის პირველი სამი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო  მაჩვენებელი  7.4% იყო, ხოლო 2013 წლის პირველი სამი კვარტლის

საშუალო მაჩვენებლი კი - 1.7%,  რაც  2012 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებზე 4.3 ჯერ ნაკლებია - იმაზე მეტიც კი, ვიდრე დეპუტატი საუბრობდა.

jaf

ბიუჯეტში არსებული გარღვევა შემოსულობებში არსებული სხვაობით განისაზღვრება, რომელიც შემოსავლებს, ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებების ზრდას მოიცავს. ზემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია 2013 წლის შემოსულობების  9 თვის საპროგნოზო საწყისი მაჩვენებლები კორექტირებამდე  და 9 თვის საკასო შესრულება. მათ შორის სხვაობა 749.1 მილიონი ლარია. ეს მონაცემი მართალია ნაკლებია მილიარდზე, რაზეც ზურაბ ჯაფარიძე მიუთითებდა, თუმცა, ლოგიკურად თანხვედრაში მოდის მის განცხადებასთან, რადგან 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ასეთი ტენდენციით, წლის ბოლოს, ბიუჯეტის ერთ მილიარდამდე გარღვევა ნამდვილად შესაძლებელია. ამასთან, დეპუტატი „დაახლოებით მილიარდამდე“ მოცულობას მიუთითებს.

რაც შეეხება ვალის საკითხს, განცხადების გაკეთებისას, ზურაბ ჯაფარიძე 2014 წლის საბიუჯეტო პროექტის მეორე  წარდგენას ეყრდნობოდა, სადაც სახელმწიფო ვალის მოცულობა 1,132 მლნ. ლარს შეადგენდა. საქართველოს 2014 წლის საბიუჯეტო პროექტის (მესამე  წარდგენა)

მიხედვით. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა (სახელმწიფო ვალი) 1,636 მლნ. ლარის ოდენობით განისაზღვრა. აქედან, 600 მლნ ლარს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან მიღებული თანხა შეადგენს; იგეგმება საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტებსა და უცხო ქვეყნის მთავრობებისაგან გრძელვადიანი  საინვესტიციო კრედიტების აღება 600  მლნ  ლარის ოდენობით; მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში გათვალისწინებულია 136 მლნ  ლარი და სხვადასხვა საფინანსო  ინსტიტუტებიდან  ბიუჯეტის მხარდასაჭერად ასევე გათვალისწინებულია 300 მლნ ლარის  ოდენობის ფინანასური რესურსი.

ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდასთან დაკავშირებით, ერთმანეთს  2013 წლის და 2014 წლის ბიუჯეტების დეფიციტი შევადარეთ. ბიუჯეტის პარლამენტში მეორე წარდგენით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 418 მილიონ ლარს (მშპ-ის 1.5 %), ხოლო 2014 წლის მეორე წარდგენით ბიუჯეტის დეფიციტი კი 628 მილიონ ლარს (მშპ-ის 2 %) შეადგენდა. მესამე წარდგენით ბიუჯეტის დეფიციტი კი 1,118 მილიონ ლარამდე (მშპ-ის 3.8 %) გაიზარდა.

დასკვნა

ეკონომიკური ზრდის ტემპი იმაზე მეტად არის შემცირებული, ვიდრე ეს ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაშია აღნიშნული. დღეის მდგომარეობით მშპ-ს მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემები გვაქვს, რომელთა შედარება წინა წლის სამი კვარტლის მონაცემებთან  გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.3-ჯერ არის  შემცირებული. რაც შეეხება ბიუჯეტის „დაახლოებით ერთ მილიარდამდე გარღვევას“, სამი კვარტლის მონაცემებით გარღვევა 750 მლნ. ლარამდეა. თუმცა, ბიუჯეტის შესრულების ამჟამინდელი ტენდენციით, წლის ბოლოს 1 მილიარდამდე გარღვევა სავსებით შესაძლებელია. 2014 წლის საბიუჯეტო პროექტის (მეორე წარდგენა) მიხედვით სახელმწიფო  ვალი 1,320 მილიონ ლარს შეადგენდა. ასევე სახეზეა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, როგორც ნომინალურ, ისე ფარდობით მაჩვენებლებში.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: ,,სამჯერ არის  შემცირებული საქართველოს ეკონომიკის ზრდა. ერთ მილიარდამდეა დაახლოებით ბიუჯეტი გარღვეული. მომავალ წელს 1.1 მლრდ. ლარზე მეტ ვალს იღებთ. თქვენ ზრდით ბიუჯეტის დეფიციტს’’, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი