2013 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია ,,Russia Today’’-თან ინტერვიუში ეკონომიკურ საკითხებზე საუბრის დროს, განაცხადა:

„საგარეო ვალის დიდი ნაწილი ზუსტად რომ მათი მმართველობის [ნაციონალური მოძრაობა] პერიოდში დაგროვდა. წელს მოგვიწია მნიშვნელოვანი თანხის დაფარვა საგარეო დავალიანების ფარგლებში. იგივე მოგვიწევს მომავალ წელსაც, დაახლოებით 800 მლნ აშშ დოლარის გადახდა. ჩვენ იძულებული ვართ, წინა ხელისუფლების მიერ აღებული ვალი დავფაროთ“.

ფაქტ-მეტრი საგარეო ვალის სტატისტიკით და მართვით დაინტერესდა და პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება გადაამოწმა.

ცხრილი 1:  სახელმწიფო ვალის სტატისტიკა gari 2012 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო  საგარეო ვალი 7,206

მლნ ლარს შეადგენდა. ცხრილში არსებული 7,218 მლნ ლარი კი 2012 წლის 31 დეკემბრის მონაცემს წარმოადგენს. როგორც ცხრილიდან ვხედავთ, 2004 წელს საგარეო ვალი 3,390 მლნ  ლარი იყო. 2004 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ის გაორმაგდა და 3,816 მლნ ლარით გაიზარდა.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალი  ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში gari2

როგორც გრაფიკიდან ჩანს, საგარეო ვალი მთლიანი ვალის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და დინამიკაში მის მსგავსადვე ვითარდება. სახელმწიფო საგარეო ვალი %-ად ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში 2003 წლიდან (44.9%) რამდენიმე წლის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდება და 2007 წელს ის 16.8%-მდე ჩამოდის. 2007 წლიდან 2010 წლამდე ის კვლავ იზრდება და 33.6%-მდე აღწევს. 2010 წლიდან იგი კლებას იწყებს და მომდევნო წლებში შედარებით სტაბილურდება. 2012 წელს საგარეო ვალის წილი %-ად ნომინალურ მშპ-თან 27.6 %-მდე ჩამოდის. 2013 წელს ბიუჯეტის პროგნოზის მიხედვით ის 27.9%-მდეა, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტით კი - 27.7%-მდე.

როგორც ცხრილი 1-ის მონაცემებზე დაყრდნობით გავაანალიზეთ, 2004 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე საგარეო ვალი, როგორც ამას პრემიერი უთითებს, მართლაც მნიშვნელოვანი თანხით - 3,816 მლნ ლარით გაიზარდა. აქვე საყურადღებოა საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ (ძალაში 2013 წლის 31 დეკემბრიდან შევიდა), რომლის მიხედვით სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ აქტის მხედველობაში მიღებით და გრაფიკი 1-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 2004-2012 წლებში აკუმულირებული საგარეო ვალები ეკონომიკისთვის განსაკუთრებით „დიდ ტვირთს“ არ წარმოადგენს. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადების კრიტიკული პათოსი ამ შემთხვევაში ბოლომდე რელევანტური არ არის.

ცხრილი 2: ვალდებულებების კლების სტატისტიკა gari3

როგორც ცხრილი 2-დან ვხედავთ, 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საგარეო ვალდებულებების კლება ძირითადად 200 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობდა.

დღეის მდგომარეობით 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ 11 თვის ანგარიში მოგვეპოვება. ამ ანგარიშის მიხედვით 11 თვეში ვალდებულებები ფაქტობრივად 381 მლნ ლარით შემცირდა, რაც წლიური გეგმის 78.1%-ს წარმოადგენს. როგორც ცხრილი 2-დან ვხედავთ, საგარეო ვალდებულებების კლების მოცულობა 472 მლნ ლარია. თუმცა, ბუნებრივია, რომ 11 თვის მონაცემების მიხედვით უკვე გასტუმრებული საგარეო ვალის ოდენობაც - 381 მლნ ლარი გაცილებით მეტია წინა პერიოდში საშუალოდ ერთ წელიწადში გასტუმრებულ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება 2013 წელს საგარეო ვალების მნიშვნელოვანი წილის გასტუმრებასთან დაკავშირებით, ზუსტია. აქვე ინფორმაციისთვის უნდა დავამატოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ წარდგენილ 2013 წლის ბიუჯეტის 

მიხედვით ვალდებულებების კლება სულ 536 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, აქედან 473 მლნ ლარს საგარეო ვალდებულებების კლება წარმოადგენდა, ხოლო საშინაო ვალდებულებების კი - 63 მლნ ლარს. ეს მონაცემები კი თითქმის იგივეა, რაც ახალი ხელისფლების მიერ წარდგენილ ბიუჯეტში იყო (ცხრილი 2).

ცხრილი 2-დან ასევე ნათელია, რომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის

შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით საგარეო ვალდებულებების კლება 532 მლნ ლარით არის განსაზღვრული, რაც ვალის მხოლოდ ძირ თანხას წარმოადგენს. ხოლო თუ მას პროცენტსაც დავუმატებთ, მაშინ ეს ოდენობა 720 მლნ ლარს შეადგენს. ვინაიდან ვალის კლება მხოლოდ ძირი თანხის კლებას მოიცავს, ამიტომ ჩვენ 2014 წლის ვალის კლებაში მხოლოდ 532 მლნ ლარს ვითვალისწინებთ. თუ ამ მონაცემს აშშ დოლარებში გადავიყვანთ,  მაშინ ეს რიცხვი დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადება, „იგივე მოგვიწევს მომავალ წელსაც - დაახლოებით 800 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით საგარეო ვალის დაფარვა“, სიმართლეს არ შეესაბამება. რომც ვივარაუდოთ, რომ პრემიერი ვალის მოცულობაში (პროცენტიანად) 720 მლნ-ს (დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარი) გულისხმობდა, ეს თანხა მაინც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მის მიერ დასახელებული რიცხვი (800 მლნ აშშ დოლარი).

დასკვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში აღებული საგარეო ვალის დიდ მოცულობაზე საუბრობს. 2004 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე საგარეო ვალი მართლაც საგრძნობლად გაიზარდა (ის გაორმაგდა), თუმცა %-ად ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში და „ეკონომიკურ თავისუფლების აქტზე” დაყრდნობით, დინამიკაში იგი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მძიმე ტვირთს არ წარმოადგენს. 2013 წლის ბიუჯეტის 11 თვის ანგარიშის მიხედვით ვალდებულებები 381 მლნ. ლარით შემცირდა, რაც წინა წლებთან შედარებით ასევე  მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენს. 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით საგარეო ვალდებულებების კლება 532 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც დაახლოებით 300 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ პრემიერ მინისტრის განცხადება: „საგარეო ვალის დიდი ნაწილი ზუსტად რომ მათი მმართველობის [ნაციონალური მოძრაობა] პერიოდში დაგროვდა. წელს მოგვიწია მნიშვნელოვანი თანხის დაფარვა საგარეო დავალიანების ფარგლებში. იგივე მოგვიწევს მომავალ წელსაც, დაახლოებით 800 მლნ აშშ დოლარის გადახდა. ჩვენ იძულებული ვართ, წინა ხელისუფლების მიერ აღებული ვალი დავფაროთ“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი