მიმდინარე წლის 19 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ტყემალაძემ საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს პირველი მოსმენით წარუდგინა. მან საგადასახადო კანონში ცვლილებების განხორციელების მიზეზი განმარტა: „დღეს მოქმედი სპეციალური წესი ითვალისწინებს, რომ ის იმპორტიორები, რომლებიც წლის განმავლობაში 200 000 ლარს იხდიან დღგ-ს სახით, თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადისაგან, ანუ ხდება გადასახადის გადავადება. ეს ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის, თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ კანონების მოთხოვნებს“. ზურაბ ტყემალაძის აზრით, ეს წესი არაკონკურენტუნარიან გარემოში აყენებს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს, რაც დისკრიმინაციას წარმოადგენს.

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესის გაუქმებას გულისხმობდა. ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა. ჩვენ გადავამოწმეთ, თუ რას გულისხმობს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი და ეწინააღმდეგება თუ არა ის საქართველოს კონსტიტუციის, საგადასახადო კოდექსის და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162 მუხლის თანახმად, პირს რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარსგადააჭარბებს, უფლება აქვს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესით ისარგებლოს.

აღნიშნული სპეციალური წესის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, გააგრძელოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები, აგრეთვე გადაავადოს ცალკეული გადასახადის მიხედვით გადასახადისა და მიმდინარე გადასახდელების გადახდა. აღნიშნული, გადასახადისგან გათავისუფლებას არ გულისხმობს. ეს ნორმა საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს საშუალებას აძლევს მოგვიანებით გადაიხადონ გადასახადი.

საგადასახადო კოდექსში დაშვებული სპეციალური წესი საგადასახადო კოდექსთან შეუსაბამობაში არ მოდის. საქართველოს საგადასახადო კანონის მე-60 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა ცალკეულ კატეგორიას უფლება აქვს საგადასახადო შეღავათით ისარგებლოს. ამასთან, კოდექსის თანახმად საგადასახადო შეღავათი შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანით დგინდება. ამ შემთხვევაში ეს პირობაც დაცულია. აქვე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსი ინდივიდუალური ხასიათის შეღავათის დაწესებას და ცალკეული პირის გადასახადისაგან გათავისუფლებას კრძალავს. თუმცა, მოცემული შემთხვევა [ერთი წლის მანძილზე ბიუჯეტში გადახდილი თანხა თუ 200 000 ლარს აღემატება, იმპორტიორი შეღავათით სარგებლობს] ინდივიდუალურ შეღავათს არ წარმოადგენს და ამ შეღავათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობას დააკმაყოფილებს.

საგადასახადო კოდექსის სპეციალური წესი არც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კონსტიტუციის მეექვსე თავის 94 მუხლის თანახმად გადასახადების სტრუქტურას შესაბამისი კანონი (საგადასახადო კოდექსი) ადგენს.

2014 წლის 21 მარტს პარლამენტმა თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. შეიცვალა კანონის სათაურიც და მას „კონკურენციის შესახებ“ კანონი ეწოდა. სწორედ აღნიშნული კანონპროექტის თანმდევი პროექტი იყო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებიც. აღნიშნული საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და შესაბამისად, ის იმპორტიორები, რომელთა დღგ-ს გადასახადი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 200 000 ლარს აღემატება, 2014 წლის 1 ივნისიდან სპეციალური წესით ვეღარ ისარგებლებენ.

კონკურენციის შესახებ კანონის 10-ე მუხლში განმარტებულია, რომ დაუშვებელია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ეკონომიკური აგენტისათვის (პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას) ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები დააწესონ, რომლებიც კონკურენტებთან (ან პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და ზღუდავს კონკურენციას.

კონკურენციის შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანახმად სახელმწიფო დახმარება, რომელიც კონკურენციას აფერხებს, ან კონკურენციის შეფერხების საშიშროებას ქმნის, იკრძალება. სახელმწიფო დახმარება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებშია დასაშვები:

  • გაიცემა ინდივიდუალური მომხმარებლისთვის სოციალური დახმარების სახით და არ იწვევს შესაბამისი საქონლის/მომსახურების მწარმოებელთა დისკრიმინაციას;

  • მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენებისა და ფორსმაჟორული გარემოებებით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრას;

  • მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას;

  • მიზნად ისახავს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას;

  • გაიცემა ინდივიდუალური დახმარების მიზნით, უმნიშვნელო ოდენობით;

ასევე, სააგენტოს ნებართვით დაშვებულია სახელმწიფო დახმარება:

  • გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის;

  • კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით;

ამდენად, საგადასახადო კოდექსში სპეციალური წესი, რომლის თანახმადაც იმპორტიორთა გარკვეულ კატეგორია საგადასახადო შეღავათით ჯერ კიდევ სარგებლობს, წინააღმდეგობაში მოდის კონკურენციის შესახებ მიღებულ ახალ კანონთან და ის არც დასაშვებ სახელმწიფო დახმარების ჩამონათვალს შეესაბამება.

ზურაბ ტყემალაძე ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული წესი მცირე, საშუალო და დიდი ბიზნეს არათანაბარ პირობებში აყენებს. დიდ და საშუალო ბიზნესს, რომელთა დღგ-ს გადასახადი 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში 200 000 ლარს აღემატება, შეიძლება ითქვას, აღნიშნული სპეციალური წესი მეტ ფინანსურ მოქნილობას სძენს და გარკვეული თვალსაზრისით, არაკონკურენტუნარიანი გარემო ყალიბდება. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონპროექტების განხილვისას, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მთავრობას შესთავაზეს, საგადასახადო კოდექსის სპეციალური წესის გაუქმების ნაცვლად, 200 000 ლარიანი ზღვარი შეემცირებინათ, რაც გათვალისწინებული არ იქნა.

დასკვნა

საგადასახადო კანონის 162-ე მუხლის თანახმად, იმპორტიორებს უფლება აქვთ სპეციალური წესით ისარგებლონ, თუ მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი დღგ-ს გადასახადი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 200 000 ლარს აღემატება. სპეციალური წესის თანახმად კი გადასახადის გადავადება ხდება.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით გადასახადების სტრუქტურას საგადასახადო კანონი განსაზღვრავს. საგადასახადო კანონი გარკვეულ კატეგორიაზე საგადასახადო შეღავათს თავად უშვებს. შესაბამისად, სპეციალური წესი წინააღმდეგობაში არ მოდის არც კონსტიტუციასთან და არც საგადასახადო კოდექსის სხვა მუხლებთან.

იმპორტიორებისთვის საგადასახადო კოდესით დაშვებული შეღავათი ეწინააღმდეგებოდა კონკურენციის შესახებ კანონპროექტს, რომელიც იმ ეტაპზე პარლამენტს უნდა მიეღო. 2014 წლის 21 მარტს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონში [ამჟამად კონკურენციის შესახებ კანონი] ცვლილებები შევიდა. მისი თანმდევი კანონპროექტი იყო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც იმპორტიორთა გარკვეული კატეგორიისთვის სპეციალური წესით სარგებლობის გაუქმებას გულისხმობდა. კონკურენციის შესახებ კანონის თანახმად, დაუშვებელია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ეკონომიკური აგენტისათვის [პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას] ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები დააწესონ, რომლებიც კონკურენტებთან (ან პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და კონკურენციასზღუდავს. ამასთან, სპეციალური წესი კონკურენციის შესახებ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო დახმარების კატეგორიას არ შეესაბამება.

შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ტყემალაძის განცხადება: „დღეს მოქმედი სპეციალური წესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნას, ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის, თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ კანონების მოთხოვნებს“, არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი