2014

წლის 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონს განიხილავდნენ. განხილვისას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, განაცხადა: „მოქმედი კანონით [საქართველოს მოქალაქეობის შესახებ] ჯერ უნდა წარგედგინა საბუთი, რომ არ იყავი არცერთი ქვეყნის მოქალაქე და მერე უნდა მოგეპოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ეს ფაქტიურად მოქალაქეობის გარეშე გტოვებდა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირების თაობაზე 1961 წლის გაეროს კონვენციას ეწინააღმდეგებოდა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა 2 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ (06.09.2013

მდგომარეობით),  საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეძენა ხდება: ა) დაბადებით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით); გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით (მუხ. 10). ჩვენს შემთხვევაში ყურადღებას მოქალაქეობის მიღებაზე გავამახვილებთ, რადგან მინისტრის მოადგილე ძირითადად სწორედ ამის შესახებ საუბრობდა.

ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიიღება სრულწლოვანი პირი, რომელიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებს:

ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;

გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;

დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან/და საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს (მუხ. 26).

რაც შეეხება უშუალოდ მოქალაქეობის მიღების პროცედურას, ის საქართველოს პრეზიდენტის №34 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ (2009

წ.) რეგულირდება. არც ორგანული კანონით და არც ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე პირის მიერ უკვე არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის მოთხოვნა პირდაპირ არ განისაზღვრება. ბრძანებულებაში მოცემულია განმცხადებლის მიერ წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი (მუხ. 22), ასევე დანართი № 2, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქეობის მიღების განცხადების ფორმას, სადაც წერია: „ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი განვაცხადო (კონკრეტული ქვეყნის) მოქალაქეობაზე“.

აქედან გამომდინარე, არც ორგანულ კანონში და არც პრეზიდენტის ბრძანებულებაში აშკარა ჩანაწერი იმისა, რომ პირი ვალდებულია საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის წინასწარ დაკარგოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა, არ გვხვდება. დანართის ფორმის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეს მას შემდეგ უნდა ეთქვა უარი თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე, როდესაც მისი თხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე დაკმაყოფილდებოდა.

პარლამენტში კანონპროექტის

სახით წარდგენილი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეობის მიღების იმავე სტანდარტებს ადგენს (მუხ. 12), მაგრამ ვხვდებით ახალ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც „უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით. საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის შემდეგ, ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობიდან ამ პირის გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე“ (მუხ. 15).

როგორც ვხედავთ, ახალ ორგანულ კანონში, განსხვავებით მისი ძველი რედაქციისგან, პირდაპირ ჩაიწერა უცხოელთათვის მოქალაქეობის დაკარგვისა  და შემდგომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ. განმარტებით

ბარათშიც ვკითხულობთ, რომ „მოქმედი კანონი ნათლად არ ადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას. კანონპროექტში კი მკაფიოდ არის განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს მოქალაქედ მიღების შესაძლებლობა.“ შესაბამისად, უცხოელზე საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ის უცხო ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს.

ალექსანდრე ბარამიძემ თავის გამოსვლაში 1961 წლის გაეროს კონვენციაზე

მიუთითა, რომლის წინააღმდეგაც, მისი აზრით, ძველი რედაქცია მოდიოდა. საქართველოს პარლამენტმა გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის  რატიფიცირება 2014 წლის 2 აპრილს მოახდინა. კონვენციის მიხედვით, „ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც ცდილობს მოქალაქეობა მიიღოს ნატურალიზაციის გზით, სხვა ქვეყანაში არ დაკარგავს მოქალაქეობას მანამ, სანამ არ მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ან სათანადო მტკიცებულებას, რომ ექნება მოქალაქეობა“ (მუხ. 7(2)).

დასკვნა

ალექსანდრე ბარამიძის განცხადების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ადრე მოქმედ ორგანულ კანონში საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე პირის მიერ უკვე არსებული მოქალაქეობაზე უარის თქმის მოთხოვნა, პირდაპირ არ განისაზღვრებოდა. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ კანონის ძველ რედაქციაში მოქალაქეობის მიღების წესი მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო, სიმართლეს შეესაბამება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეობის მიღების შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მას შემდეგ უნდა ეთქვა უარი სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, როდესაც მისი თხოვნა, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, დაკმაყოფილებული იქნებოდა. ბრძანებულების დანართში მოცემული ჩანაწერი მიანიშნებს, რომ ალექსანდრე ბარამიძის განცხადების კონტექსტი არამართებულია, ვინაიდან განცხადებაში ამ ბრძანებულების არსებობის ფაქტი იგნორირებულია. აქედან გამომდინარე, არაზუსტია იმის მტკიცებაც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ უნდა დაეკარგა თავისი ძველი მოქალაქეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელ დოკუმენტს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავდა, რომ ადრე მოქმედი რეგულაციები გაეროს 1961 წლის კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. ამ კონტექსტში, თუ მხოლოდ „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონს განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა გაეროს კონვენციის მოთხოვნებს და კანონის ახალი რედაქცია უფრო მკაფიოდ განმარტავს მოქალაქეობის მიღებას. თუმცა, თუ აღნიშნული კანონის ძველ რედაქციას პრეზიდენტის ბრძანებულებასთან ერთად გავაანალიზებთ, ვნახავთ რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მას შემდეგ უნდა ეთქვა უარი სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, როდესაც მისი თხოვნა, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, დაკმაყოფილებული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეობის მიღების წესი მთლიანობაში გაეროს კონვენციასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა და ალექსანდრე ბარამიძის განცხადების ეს ნაწილიც არ არის ბოლომდე ზუსტი.

ჩვენ ვასკვნით, რომ ალექსანდრე ბარამიძის განცხადება: „მოქმედი კანონით [საქართველოს მოქალაქეობის შესახებ] ჯერ უნდა წარგედგინა საბუთი, რომ არ იყავი არცერთი ქვეყნის მოქალაქე და მერე უნდა მოგეპოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ეს ფაქტიურად მოქალაქეობის გარეშე გტოვებდა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირების თაობაზე 1961 წლის გაეროს კონვენციას ეწინააღმდეგებოდა“, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი