2014

წლის 24 ივლისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით "საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში" შესატან ცვლილებს განიხილავდნენ (კანონპროექტი 1 აგვისტოს მესამე მოსმენით მიიღეს). განხილვის დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა: "…საერთოდ, მუდმივად ისმის ხოლმე კრიტიკა, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების მესვეურთა მხრიდან, რომ გამოსაცდელი ვადა მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის რისკია. ასეთი რამ არსებობს ისეთ მოწინავე დემოკრატიაში, როგორიც გერმანიაა".

ფაქტ-მეტრმა განცხადებაში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა.

2013 წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება არანაკლებ 10 წლის ვადით ხორციელდებოდა. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე ხდება. თანამდებობაზე მოსამართლის უვადოდ განწესებამდე, კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსამართლის განსაზღვრული ვადით განწესება, თუმცა, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს (მუხ. 86.2). ფაქტ-მეტრი მოსამართლეთა უვადო განწესებაზე ადრეც წერდა.

ცვლილებები ასევე განხორციელდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომელშიც მანამდე კონკრეტულად არ იყო ჩამოთვლილი, თუ რა კრიტერიუმებითა და პროცედურებით მოხდებოდა მოსამართლეთა უვადო არჩევა. სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტრომ ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოახდინა, რომლითაც მიღებული იქნა იმ პროცედურებისა და კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლითაც მოსამართლეთა უვადო განწესება განხორციელდება.

როგორც უკვე მიღებული საკანონმდებლო პაკეტიდან ირკვევა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით განწესებული მოსამართლეები ყოველი წლის ბოლოს (მუხ. 36.44)

შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდებიან:

კეთილსინდისიერების კრიტერიუმი:

ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;

ბ)დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;

გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა;

დ)პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;

ე)ფინანსური ვალდებულება.

კომპეტენტურობის კრიტერიუმი:

ა) სამართლის ნორმების ცოდნა;

ბ)სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია;

გ) წერის უნარი;

დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის ქცევა სასამართლო დარბაზში;

ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა;

ზ) პროფესიული აქტივობა (მუხ. 363). მოსამართლეთა საქმიანობის შეფასებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი მოსამართლე და ერთი არამოსამართლე წევრი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, პარალელურ რეჟიმში ახორციელებენ (მუხ. 364). 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ (მუხ 364.16). მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესებას 2013 წლის 28 სექტემბერს "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გამოეხმაურა:

 "როგორც ეუთო, ასევე ვენეციის კომისია იზიარებს იმ აზრს, რომ გამოსაცდელი ვადით დანიშვნამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. შესაბამისი რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ საქართველოს ჯერ კიდევ 2010 წელს მისცა".

ნიშანდობლივია, რომ ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს მოსამართლეებისთვის საცდელი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებული წინადადების ამოღებას“

 (პუნქტი 91). ვენეციის კომისია მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რომელიც მოსამართლეების დამოუკიდებლობას შეიძლება შეექმნას. თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს არ უნდა აიხსნას ისე, თითქოს დროებით მოსამართლეების დანიშნვის შესაძლებლობა საერთოდ უნდა გამოირიცხოს (პუნქტი 90).

ალექსანდრე ბარამიძეს განცხადება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის არსებობის კუთხით, გერმანიის პრაქტიკასაც უსვამს ხაზს, რომელიც ჩვენ ასევე შევისწავლეთ. გერმანიაში მოსამართლეები განწესდებიან უვადოდ და განსაზღვრული ვადით (განსაკუთრებით შემთხვევებში). სანამ მოსამართლე უვადოდ დაინიშნება, მან აუცილებლად უნდა გაიაროს 5 წლიანი გამოსაცდელი ვადა. ამასთანავე, აუცილებელია, რომ მოსამართლეს გავლილი ჰქონდეს 4 წლიანი საუნივერსიტეტო სწავლება, 2 წლიანი მოსამზადებელი ტრეინინგი და ჩაბარებული ჰქონდეს სახელმწიფო გამოცდა.

გამოსაცდელი ვადიდან მოსამართლე შეიძლება გათავისუფლდეს (მე-3 ან მე-4 წელს) იმ შემთხვევაში, თუ ის შესაფერისი არ არის მოსამართლის თანამდებობისთვის, ან მოსამართლეთა შერჩევის კომისია მოსამართლეს უარს ეტყვის უვადო დანიშვნაზე. 5 წლიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ, მოსამართლე უკვე უვადოდ ინიშნება თანამდებობაზე. ჩვენ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით ევროპის სხვა ქვეყნების პრაქტიკასაც გავეცანით, საიდანაც ირკვევა, რომ 46 ქვეყნიდან 18 ქვეყანას აქვს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის პრაქტიკა.

 მაგალითად: ესტონეთში, უნგრეთში და სერბეთში მოსამართლეების უვადოდ განწესებამდე, მათ აუცილებლად უნდა გაიარონ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა. საფრანგეთში და მონაკოში გამოსაცდელი ვადა 5 წელს შეადგენს. საბერძნეთში მოსამართლის გამოსაცდელი ვადა 18 თვეა. პორტუგალიაში, ისევე როგორც ესპანეთში, მოსამართლის უვადოდ განწესებამდე აუცილებელია, რომ მათ 2 წლიანი გამოსაცდელი ვადა გაიარონ.

  დასკვნა

საქართველოში, მოსამართლეებმა უვადოდ განწესებამდე აუცილებელი 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა უნდა გაიარონ. ამ სამი წლის განმავლობაში, თანამდებობაზე უვადოდ განწესებისთვის, მათ უნდა დააკმაყოფილონ ახალი საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები.

გამოსაცდელი ვადის პრაქტიკა, ისევე როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში, გერმანიის მართლმსაჯულებაშიც გვხვდება, სადაც მოსამართლე უვადოდ დანიშვნამდე 5 წლიან გამოსაცდელ ვადას გადის. ჯამში, გამოსაცდელი ვადის პრაქტიკა ევროპის 19 ქვეყანაში გვხვდება.

აქვე, გასათვალისწინებელია ვენეციის კომისიის დასკვნაც, რომელიც გამოსაცდელი ვადის ამოღების რეკომენდაციას იძლევა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ გერმანიის (რომელიც მართლაც მოწინავეა დემოკრატიის კუთხით) პრაქტიკის მოყვანა საქართველოს მაგალითზე ამომწურავ სურათს არ იძლევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ალექსანდრე ბარამიძის განცხადება „...საერთოდ, მუდმივად ისმის ხოლმე კრიტიკა, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების მესვეურთა მხრიდან, რომ გამოსაცდელი ვადა მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის რისკია. ასეთი რამ არსებობს ისეთ მოწინავე დემოკრატიაში, როგორიც გერმანიაა“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი