2014 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესების შესახებ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებების პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში (პარლამენტში კანონპროექტი ჯერ არ შესულა), სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობასა და შეძენაზე უცხოელი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდება. მთავრობის მიერ აღნიშნული რეფორმების პაკეტის დამტკიცებას გადაცემა „რეაქციაში“ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გიორგი გაბაშვილი გამოეხმაურა. მან განაცხადა: „როცა საკონსტიტუციო სასამართლო გეუბნებათ, რომ მორატორიუმი მიწების გასხვისებაზე არის არაკონსტიტუციური, ამის შემოვლით, იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ თუ ერთი მეუღლე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და მეორე მეუღლე საქართველოს მოქალაქე და თუ ისინი გაშორდნენ, არასაქართველოს მოქალაქეს ევალება, რომ საქართველოში შეძენილი ყველა აქტივი გაასხვისოს“.

ფაქტ-მეტრმა გიორგი გაბაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2014 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე – „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამოქვეყნდა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული საქმის განხილვამდე, ანალოგიურ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე წლით ადრე, 2012 წლის 26 ივნისს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება

საქმეზე – „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

2012 წელს, დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტმა გაასაჩივრა იმ დროს მოქმედი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ნორმა, რომლის თანახმადაც, უცხოელ ფიზიკურ პირს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძლება მოეპოვებინა მხოლოდ მემკვიდრეობით, ან იმ შემთხვევაში, თუ იგი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მართლზომიერად ფლობდა მიწას. ამასთან, კანონის იმ დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, უცხოელი ფიზიკური პირი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრებას მოიპოვებდა, ვალდებული იყო ის საკუთრების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე გაესხვისებინა. შესაბამისად, კანონის 2012 წელს მოქმედი რედაქცია უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას, მემკვიდრეობის ან მართლზომიერი მფლობელობის შემთხვევების გარდა, არ უშვებდა. ამ გამონაკლისი შემთხვევის არსებობის პირობებშიც კი, პირი იძულებული იყო ქონება 6 თვის ვადაში გაეყიდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ აღნიშნული შეზღუდვა დადგენილია კანონით, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და არის ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.[1] ამ საქმეში საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებად სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა და აგრარული სექტორის გაუმჯობესების ხელშეწყობა დასახელდა. სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, აღნიშნული ნორმა მდიდარი ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიწის მასობრივი შეძენის პრევენციას უზრუნველყოფდა და არ უშვებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მასიურად უცხოელთა საკუთრებაში გადასვლას.[2] საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესაძლებლობა სახელმწიფოს ერთნაირად აქვს, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ეროვნების პირს ეკუთვნის მიწა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ უცხოელის მიერ მიწის ფლობა არ არის დაკავშირებული ქვეყნის ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა ლოგიკური კავშირი ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მიღწევის საშუალებას შორის.[3]

სწორედ ამიტომ, ჰეიკე ქრონქვისტის მიერ გასაჩივრებული ნორმები სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, უცხოელებს შეუზღუდავად შეეძლოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესყიდვა. 2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება

შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 28 ივნისს შეტანილი ცვლილებები ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერმა გაასაჩივრა. მოსარჩელის არგუმენტით, აღნიშნული ნორმა საკუთრების უფლებას არღვევდა და დისკრიმინაციული იყო. მათიას ჰუტერმა თავის სარჩელში ასევე აღნიშნა, რომ ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმის ანალოგიური იყო. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერს, ხოლო მიუღებლობის შესახებ განჩინებას იღებს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით შეუძლია ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება, არის შემთხვევა, როდესაც სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი იმავე შინაარსის ნორმებს შეიცავს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაკონსტიტუციურად სცნო.[4] მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება სწორედ ანალოგიური ხასიათის იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნორმათა მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვითაც, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს.[5] სასამართლოს მსჯელობის თანახმად, მოცემულ შემთხვევაშიც ცვლილების მიღების ლეგიტიმური მიზანი ძალადაკარგული ნორმის ანალოგიური იყო, რადგან ორივე მათგანი უცხოელის მიერ ყველა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების არსებობას კრძალავდა. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება უფრო მძიმე ხასიათის შეზღუდვა იყო, რადგან იგი დროებითაც კი არ ითვალისწინებდა უცხოელის მიერ მიწის საკუთრების შესაძლებლობას.[6] საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განიხილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ნორმის ხასიათზე იმ ფაქტს, რომ შეზღუდვა დროებითი იყო და 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არა უფლებებში ზედმეტად მკაცრმა და ინტენსიურად ჩარევამ გამოიწვია, არამედ იმ ფაქტმა, რომ შეზღუდვა საერთოდ არ იყო ლოგიკურ ბმაში პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან.[7]

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება უკვე ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმის ანალოგიურად მიიჩნია, საქმე არსებითად განსახილველად არ მიიღო და განჩინებითვე გამოაცხადა იგი არაკონსტიტუციურად.

დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განცხადებაში აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების ახალი პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის ერთ-ერთი გზა იყო. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პაკეტი

შემდეგი ტიპის ცვლილებებს ითვალისწინებს:

  1. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი;
  2. საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5 კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში, უცხოელი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია მიწას ვეღარ შეისყიდის;
  3. თუ ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მეორე უცხოელი, განქორწინების შემთხვევაში, მეუღლეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, აქვს მიწის შესყიდვის უპირატესი უფლება. თუ ყოფილმა მეუღლემ ეს უფლება არ გამოიყენა, უცხოელ ყოფილ მეუღლეს ევალება გაასხვისოს ეს მიწა;
  4. კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნდებიან, ექნებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. უცხოელ ფიზიკურ პირს 5 წლიან გამოცდილებასთან ერთად, მიწის შესაძენად მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება სჭირდება;
  5. ამ პირობებში, უცხოეულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება ექნება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა შეისყიდოს;
  6. ამასთან, უცხოელებს, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო მიწას, ასეთი მიწის საკუთრებაში ქონის უფლება აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ შესაძლებელია არსებობდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომელზე საკუთრების უფლებაც, თავისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილს წარმოადგენდეს, ან მნიშვნელოვანი იყოს გარემოს დაცვისთვის, თუმცა ზოგადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ასეთად ვერ იქნება განხილული. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა, რომ შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს, თუმცა აღნიშნა, რომ აბსოლუტური აკრძალვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას არ ემსახურება.[8]

შესაბამისად, შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლომ სასაზღვრო ზოლში მიწების გასხვისება, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, მიზანშეწონილად ჩათვალოს.

დამოუკიდებლად შეფასების საგანია კანონპროექტით შემოთავაზებული ახალი კრიტერუმი, რომელიც განქორწინების შემთხვევაში უცხოელ მეუღლეს თანასაკუთრებაში არსებული მიწის გაყიდვას ავალდებულებს. ფაქტ-მეტრის აზრით, მსგავსმა შეზღუდვამ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს თანაზომიერების კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილოს, რადგან იგი აბსოლუტური ხასიათისაა და პირის საკუთრებაში არსებული მიწის დაუსაბუთებელ ჩამორთმევას ითვალისწინებს. თუმცა, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი კრიტერიუმები (პარლამენტის მიერ მათი დამტკიცების შემთხვევაში), დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპული პრაქტიკაც გამოიკვლია.

როგორც აღმოჩნდა, პოლონეთში, ჩეხეთსა და რუმინეთში ევროკავშირში შესვლამდე ნამდვილად არსებობდა შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეზღუდვები სრულ აკრძალვას არ წარმოადგენდა.

ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის გარეშე შეუძლებელია იმის თქმა, არაკონსტიტუციურია თუ არა შემოთავაზებული ცვლილებები. ფაქტ-მეტრი ინიცირებული ნორმების კონსტიტუციურობას არ აფასებს.

როგორც გიორგი გაბაშვილი აღნიშნავს, ეს ცვლილებები არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის გზა, რაც თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ცვლილება არაკონსტიტუციურია. ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გარკვეული შეზღუდვები დააწესოს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილება, პარლამენტმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება მიწების შესყიდვაზე გარკვეული ვადით დაეწესებინა მორატორიუმი. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმაც გააუქმა, საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ახალი ცვლილებების პროექტი გააცნო, რომელიც არა აბსოლუტურ, არამედ მიწის შესყიდვაზე პირობადადებულ შეზღუდვებს აწესებს.

დასკვნა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისს საქმეზე - „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების საფუძველზე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომელიც უცხოელს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებას უკრძალავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ლოგიკური საშუალება არ იყო.

მოგვიანებით, 2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებების პროექტი მიიღო, რომლის თანახმადაც უცხოელთა მიერ მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აიკრძალა. ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ნორმის ბათილად გამოცხადება მოითხოვა, ვინაიდან მისი საკუთრების უფლება ირღვეოდა, ამასთან, ის დისკრიმინაციული და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ბათილად გამოცხადებული ნორმის ანალოგიური იყო. საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეს დაეთანხმა და ნორმა არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნო.

2014

წლის 19 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უცხოელების მიერ მიწის შესყიდვაზე არა აბსოლუტურ, არამედ პირობადადებულ შეზღუდვებს აწესებს. ის თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას, ეს შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც გახდეს. თუმცა, შემოთავაზებული ცვლილებების ნაწილი, კერძოდ განქორწინების შემთხვევაში უცხოეული მეუღლის მიერ მიწის სავალდებულო გაყიდვის წესი, შესაძლოა არ იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება და ამდენად ის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლების შინაარსს არ შეესაბამებოდეს.

მთავრობამ ცვლილებების ინიცირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, იმის მტკიცება, რომ ზემოთგანხილული შემოთავაზებული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის გზაა, მართებული არაა. თუმცა, ფაქტ-მეტრს მიაჩნია, რომ ცვლილება რომელიც განქორწინების შემთხვევაში უცხოელ მეუღლეს თანასაკუთრებაში არსებული მიწის გაყიდვას ავალდებულებს, აბსოლუტური ხასიათისაა და პირის საკუთრებაში არსებული მიწის დაუსაბუთებელ ჩამორთმევას ითვალისწინებს.

გიორგი გაბაშვილი ცდება, როდესაც ამბობს, რომ ახალი ცვლილებების თანახმად უცხოელი მეუღლე ვალდებულია საქართველოში შეძენილი ყველა აქტივი გაასხვისოს. ცვლილებების კანონპროექტი არა ყველა აქტივის, არამედ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას ეხება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინიცირებული ცვლილებები არ ითვალისწინებენ ისეთივე ტოტალურ შეზღუდვებს, როგორსაც 2012 წელს („ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება) მოქმედი ნორმა ან 2014 (კოალიცია –„ქართული ოცნების“ ხელისუფლება) წელს მიღებული მორატორიუმი ითვალისწინებდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, უცხოელ ფიზიკურ პირს კვლავ შეეძლება საქართველოში მიწის შესყიდვა, თუ მას აგრარულ სექტორში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება ექნება. ამასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნულ პირს ჰქონდეს მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის მოწმობაც.

ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერდიქტის გამოტანისგან თავს ვიკავებთ, თუმცა საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ და მკითხველს შესაბამის ინფორმაციას პროცესის განვითარების მიხედვით მივაწვდით.


[1]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე, “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” პარაგრაფი 60.

[2]

Ibid. პარაგრაფი 62

[3]

Ibid. პარაგრაფი 65

[4] “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41

ნაწილი.

[5]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე “ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” პარაგრაფი 9.

[6]

Ibid. პარაგრაფი 13

[7]

Ibid. პარაგრაფი 20

[8]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე, “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” პარაგრაფი 69


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი