მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება პენსიების ზრდაზე  გაამახვილა. მან ახალი ხელისუფლების პირობებში პენსიების ზრდის ტემპი წინა ხელისუფლების მიერ პენსიების ზრდის მაჩვენებელთან მინიმუმ გააიგივა. „შედარებისთვის, წინა ხელისუფლების პერიოდში პენსიების ზრდის ტემპი იყო შემდეგი: 2004 წელს 4 ლარი, 2005 წელს 10 ლარი, 2006 წელს 10 ლარი, 2009 წელს გაიზარდა ასევე 10 ლარით, 2010 წელს პენსია არ გაზრდილა, 2011 წელს გაიზარდა 20 ლარით, 2012 წელს გაიზარდა 10 ლარით, ზოგიერთი პენსიონერისთვის კი 25 ლარით. ჩვენ, პირველი სამი წლის განმავლობაში პენსიები გავზარდეთ 35 და ზოგიერთისთვის 50 და 60 ლარით“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფაქტ-მეტრი პენსიების ზრდის ტემპით დაინტერესდა და დიმიტრი ხუნდაძის განცხადება გადაამოწმა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ფაქტ-მეტრს წლების მიხედვით პენსიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 2005

წლიდან 2015 წლის ჩათვლით პენსიების ზრდა მხოლოდ 2010 და 2014 წლებში არ დაფიქსირებულა. 2004 წელს პენსიის ოდენობა 14 ლარი იყო, 2012 წელს ზოგიერთი პენსიონერისთვის - 110, ზოგიერთისთვის კი პენსია 125 ლარს შეადგენდა. 2013 წლის აპრილში პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის 125 ლარი, 2013 წლის სექტემბრიდან კი 150 ლარი გახდა. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა, 2015 წლის სექტემბრიდან კი ის 10 ლარით გაიზრდება.

პენსიის ზრდის ტემპის გასაანალიზებლად ჩვენ პროცენტული ზრდები დავიანგარიშეთ.

გრაფიკი 1:

პენსიის ოდენობა და პროცენტული ზრდის ტემპი (2004-2015 წწ.)

image001

აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან 2012 წლამდე ასაკით პენსიონერები სახელმწიფო პენსიაზე დანამატს სამუშაო სტაჟის მიხედვით, ორიდან ათ ლარამდე იღებდნენ.

2005 წლიდან 2013 წლის ჩათვლით პენსიები საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა. ახალი ხელისუფლების პირობებში პენსია მნიშვნელოვნად მხოლოდ 2013 წელს გაიზარდა. თუმცა, 2013 წლისთვის პენსიის ანალოგიური ზრდა გათვალისწინებული იყო  წინა ხელისუფლების მიერ პარლამენტში წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტშიც.

დიმიტრი ხუნდაძე მიმდინარე წელს პენსიების ნულოვან და მომავალ წელს 10 ლარით ზრდას წინა ხელისუფლების პერიოდში პენსიის ზრდის მაჩვენებლებთან აიგივებს. პენსიის ოდენობის ნულოვანი ზრდა წინა ხელისუფლების პერიოდში 2010 წელს დაფიქსირდა, თუმცა მომდევნო წელს ის 25%-ით (20 ლარით) გაიზარდა. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოციალური ხარჯების ზრდა ეკონომიკის ზრდის პარალელურად ხდება. 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა მინუს 3.7% იყო (რაც რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგია). ბუნებრივია, რომ ამ ფაქტმა 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

2006

და 2009 წლებში პენსია 10 ლარით გაიზარდა, თუმცა პენსიის ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ინფლაციის დონე. 2006 და 2009 წლებში 10 ლარის მსყიდველობითი უნარი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე 2015 წლის სექტემბერში იქნება. 2006 წლის 10 ლარის მსყიდველობითი უნარი დღეს, დაახლოებით, 15 ლარია, ხოლო 2009 წელს პენსიის 10 ლარით ზრდა კი, დღევანდელი 12.5 ლარის ტოლია.

ფულის მსყიდველობითი უნარი 2013 წლის სექტემბრიდან (როდესაც პენსიის ბოლო მატება დაფიქსირდა) დღემდე 7.2%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაციის მომავალი დონის გათვალისწინებით, 2015 წლის სექტემბერში მინიმუმ 10%-ით იქნება შემცირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პენსიის 6.7%-იან ზრდას (150 ლარიდან 160 ლარამდე ზრდას) ინფლაციის დონე გადაფარავს. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, პენსიონერს 2013 წლის სექტემბერში 150 ლარად უფრო მეტი სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება შეეძლო შეეძინა, ვიდრე 2015 წლის სექტემბრიდან 160 ლარად შეიძენს.

  დასკვნა

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში მოყვანილი სტატისტიკა თითქმის ემთხვევა 2004-2015 წლებში პენსიების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელს. თუმცა, ამ განცხადების კონტექსტი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში პენსიის ზრდის ტემპი წინა ხელისუფლების პერიოდში დაფიქსირებულ ზრდის ტემპს მინიმუმ უტოლდება, მცდარია.

2013

წელს ასაკით პენსიონერების პენსია 150 ლარამდე, ანუ 25-40 ლარით გაიზარდა. თუმცა, 2013 წლისთვის პენსიის ანალოგიური ზრდა წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული.

2014

წელს პენსია არ გაზრდილა, მომდევნო წელს კი ის 10 ლარით (6.7%-ით) იზრდება. 2005-2013 წლებში ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდებოდა სოციალური ხარჯების დაფინანსება და, მათ შორის, პენსიის ოდენობაც. 2009 წელს შემცირებული ეკონომიკის ფონზე 2010 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ იყო გათვალისწინებული. თუმცა, ეკონომიკა მალე გამოცოცხლდა და 2011 წლის ბიუჯეტზეც შესაბამისად აისახა – ნულოვანი ზრდის შემდეგ პენსია 25%-ით გაიზარდა.

პენსიის 10 ლარიანი ზრდა 2006 და 2009 წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა მზარდი ინფლაციის ფონზე 2015 წლის სექტემბერში 10 ლარის მსყიდველობითი უნარი გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე ეს 2006 და 2009 წლებში იყო. ასევე, 2015 წელს, 2013 წელთან შედარებით,  რეალური პენსია (ინფლაციის გათვალისწინებით) ზრდის ნაცვლად შემცირდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი