31

ოქტომბერს, თოქშოუ „რეაქციაში,“ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებთ, სადაც უცხოური კომპანიები ფლობენ ფარული მოსმენების გასაღებს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

ბოლო რამდენიმე თვეა საზოგადოება აქტიურად განიხილავს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ კამპანიაც

მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორი ორი გასაღების არსებობას ემხრობა. ამ მოდელით, საუბრის ჩაწერა შესაძლებელი გახდება მაშინ, თუ შსს-ს სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსთან წვდომას დაუშვებენ როგორც მობილური ოპერატორი, ისე სასამართლო.

მათივე განცხადებით, „მოსმენებთან დაკავშირებით შსს-ს დომინირება უნდა მორჩეს. ვიდრე სერვერი უწყებიდან არ გამოვა, შსს-ს მოსმენებზე სრული უფლებამოსილება კვლავაც რჩება“.

ევროსაბჭოს ექსპერტის, ჯოზეფ კანატაჩის განცხადებით:

„მეორე გასაღები უნდა იყოს სხვის ხელში და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. მეორე გასაღები გადამოწმებისთვის უნდა იყოს გამოყენებული იმ დროს, როცა კომუნიკაციებში ჩართვის თაობაზე სასამართლო განჩინება გაიცემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის გასაღებს გამოიყენებს. მეორე უწყებას, სადაც მეორე გასაღების შენახვა გადაწყდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს განჩინების სინამდვილე. ეს შეიძლება იყოს კერძო პროვაიდერი ან სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, სადაც მეორე გასაღები შეინახება“.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით 3 საკანონმდებლო პაკეტი იყო შემუშავებული:

  • პირველი – ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის კანონპროექტი იყო, რომელიც ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. აქედან, ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელშია (პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა 30 ნოემბერს მიიღო);
  • რიგით მეორე კანონპროექტი პარლამენტში დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ დაარეგისტრირა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას სთავაზობდა (კანონპროექტს მხოლოდ 61 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა 71 დეპუტატმა მისცა);
  • მესამე კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავდა, რომელიც პარლამენტს არ განუხილავს.
2014 წლის 30 ნოემბერს პარლამენტმა ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის კანონპროექტების პაკეტებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში,"  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“

საქართველოს კანონებში ცვლილები მიიღო.

ძირითადი ცვლილება მონიტორინგის სისტემის დანერგვით განხორციელდა. კერძოდ, შემოღებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემა, რომელმაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე, სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მეშვეობით, ფარული მოსმენის განხორციელების შესაძლებლობა უნდა გამორიცხოს.

ძირითადი „შავი ყუთი“ (მოსასმენი სისტემა) ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება, მაგრამ პერსონალური დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე, კანონით მისი გამოყენება იზღუდება. მოსმენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი ახორციელებს. როგორც „სართაშორისო გამჭირვალობა საქართველოში“ განგვიცხადეს პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართვა ვერ გააუმჯობესებს სიტუაციას, პირიქით, ინსპექტორი ხდება ჩართვის მონაწილე და სისტემა რჩება გარე კონტროლის გარეშე.

მიღებულ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები უკან გადადგმულ ნაბიჯად და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობად მიიჩნევენ, ვინაიდან შსს-ში კვლავაც რჩება ე.წ. გასაღები. ასევე, მათი აზრით, კანონში არაფერია ნათქვამი „ორი გასაღების“ გადაუდებელი აუცილებლობის დროს მოქმედებაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შსს-მ კვლავ შეიძლება განახორციელოს თვალთვალი და მიყურადება ინსპექტორის ჩართვის გარეშე. ამასთან, ორი გასაღები მოქმედებს მხოლოდ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დროს, ხოლო მთელი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ზარის განხორციელების დრო, ადგილი, ხანგრძლივობა) ასევე ინტერნეტტრაფიკი (კომუნიკაციის შინაარსის ჩათვლით) შსს-ს მიაქვს ყოველგვარი კონტროლისა და ორი გასაღების გარეშე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, 19 დეკემბერს, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით მიღებული კანონის წინააღმდეგ აქციაც გამართეს. რაც შეეხება ევროკავშირის წევრების პრაქტიკას, მათ უმრავლესობაში გასაღები მობილური ოპერატორების ხელშია. ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც უმრავლესობაში ორგასაღებიანი სისტემა მოქმედებს, კავშირგაბმულობის კომპანიები მონაცემებზე სრულ კონტროლს ინარჩუნებენ და მიყურადების ღონისძიებებში მხოლოდ მაშინ თანამშრომლობენ, როდესაც მათ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას წარუდგენენ. მაგალითად: საფრანგეთი

საფრანგეთში კავშირგაბმულობის მიმწოდებელი კომპანიები ვალდებულნი არიან შეინახონ საკომუნიკაციო მონაცემები ერთი წლის განმავლობაში. თუ სასამართლოს მხრიდან შესაბამისი დაშვება არსებობს, კომუნიკაციის სფეროში მომუშავე ოპერატორები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ფარული მიყურადების განხორციელების ღონისძიებაში.

საფრანგეთში 3 ძირითადი მობილური ოპერატორია:

  • SFR - მფლობელი ფრანგული კომპანია “Vivendi“
  • Bouygues Telecom – მფლობელი და დამფუძნებელი ფრანგი Bouygues ოჯახი
  • Orange - ამჟამინდელი მფლობელი ფრანგული კომპანია „France Telecom“ (მანამდე ბრიტანეთის მფლობელობაში იყო) რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი
გერმანია

გერმანიაში საკომუნიკაციო სისტემის ოპერატორები, რომლებიც საკომუნიკაციო მომსახურებას უწევენ საზოგადოებას, ვალდებულები არიან გააჩნდეთ ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა კანონის შესაბამისად ფარული მიყურადების ღონისძიების განხორციელებისათვის.

გერმანიაში 4 ძირითადი მობილური ოპერატორია:

  • T-Mobil - მფლობელია გერმანული კომპანია „Deutsche Telekom“. T-Mobil ის გავრცელების არეალი როგორც ევროპის ქვეყნებს ასევე აშშ-ს და სხვა ქვეყნებს მოიცავს
  • Vodafone - მფლობელი ბრიტანული კომპანია „Vodafone Group“
  • E-Plus - მფლობელია ესპანური კომპანია „Telefónica“
  • O2 - მფლობელი ბრიტანული კომპანია „English Partnerships (Ultimate owner of Dome and Land)“
საბერძნეთი

საბერძნეთში ოპერატორის ვალდებულებას წარმოადგენს შეინახოს კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია (ე.წ. ტრაფიკის მონაცემები), ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები და სხვა აუცილებელი ცნობები მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების ან სასამართლო ნებართვის საფუძველზე უფლებამოსილი პირების მოთხოვნის შემდეგ ოპერატორების მოვალეობაა ასეთი ტრაფიკის მონაცემები შესაბამის უფლებამოსილ პირს გადასცენ.

  • Wind - მფლობელი იტალიური კომპანია „Wind Telecomunicazioni SPA“
  • Vodafone - მფლობელი ბრიტანული კომპანიაა „Vodafone Group“
  • Cosmote - მფლობელია ბერძნული კომპანია “OTE”

ჩვენ კითხვით მივმართეთ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს,“ თუ რა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. გასაღები მობილურ ოპერატორებს გადაეცემათ. მათი განმარტებით, „შავი ყუთის” (მოსასმენი სისტემა) გამოტანით ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნება. ოპერატორებისთვის გასაღების გადაცემა არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ პირდაპირი წვდომა კომუნიკაციის შინაარსზე და თავად მოახდენენ საუბრის ჩაწერას. გასაღების გადაცემა ნიშნავს, რომ ისინი ახდენენ საუბარზე შსს-ს დაშვებას. ამასთან, რისკი იმისა, რომ მობილური ოპერატორები განახორციელებენ ფარულ მოსმენებს არის ძალიან დაბალი, ფაქტობრივად ნულის ტოლია (დღემდე არცერთი შეთხვევა არ დაფიქსირებულა), ვინაიდან ყველაფერთან ერთად ევროპის ქვეყნებში პასუხისმგებლობა მაღალია (სისხლის სამართლებრივი სასჯელი, იურიდიული პირის ლიკვიდაცია).

  დასკვნა

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში გასაღები მობილური ოპერატორების ხელშია (მაგ: გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენ მიერ მოყვანილ ქვეყნებში, გერმანიასა და საბერძნეთში მობილური ოპერატორების ძირითადი მფლობელები უცხოური კომპანიები არიან.

აქვე გასათვალისწინებელია პრემიერ მინისტრის განცხადების კონტექსტიც. კერძოდ მისი აზრით, თუ გასაღები უცხოურ მობილურ კომპანიებს გადაეცემათ, ამით ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება. როგორც აღვნიშნეთ, ევროპის ქვეყნებში მობილური ოპერატორების მიერ ფაქტობრივად არ ხორციელდება ფარული მიყურადება შესაბამისი სახელმწიფო უწყების ნებართვის გარეშე, რადგან მსგავსი ქმედების ჩადენა სერიოზულ სანქციებს ითვალისწინებს და შესაძლოა იურიდიული პირის ლიკვიდაციით, ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დასრულდეს. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ევროპულ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებთ, სადაც უცხოური კომპანიები ფლობენ გასაღებს,“ არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი