მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, გადაცემა „სპექტრის“ ეთერში, ნოდარ ხადურმა ქვეყნის მიერ მიღწეულ ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა წინა წლებში მცირდებოდა და 2011 წელს იყო 20%-ით ნაკლები ვიდრე 2003 წელს, ხოლო მთავრობის შეცვლის შემდეგ, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, სოფლის მეურნეობამ განვითარება დაიწყო.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადებით და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

საქსტატის მონაცემებით, 2003 წელს სოფლის მეურნეობაში[1]

შექმნილმა მშპ-მა 1 653 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი მშპ-ის 19%-ს წარმოადგენდა. 2011 წელს სოფლის მეურნეობაში შექმნილმა პროდუქციამ (2003 წლის ფასებში გაანგარიშებით) 1 446 მლნ ლარი შეადგინა, რაც  მთლიანი მშპ-ის 10% იყო. 2011 წელს სოფლის მეურნეობა 2003 წელთან შედარებით 12.5%-ით შემცირდა.

გრაფიკი 1:

სოფლის მეურნეობა

image001

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

გრაფიკი გვიჩვენებს მშპ-ის და სოფლის მეურნეობაში შექმნილი პროდუქციის დინამიკას 2003-2013 წლებში. როგორც გრაფიკიდან ჩანს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესი მერყეობით ხასიათდებოდა, ეს ნაწილობრივ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულებითაც აიხსნება. 2004 წელს, ამავე წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემცირება არახელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობების შედეგია, რამაც სოფლის მეურნეობაში მოსავლის კლება გამოიწვია. 2005 წელს

 მოსავლიანობის ზრდის შედეგად (ძირითადად ხილისა და ციტრუსის წარმოება) სოფლის მეურნეობის პროდუქციაში კვლავ მატება დაფიქსირდა და გამოშვებამ 2003 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. 2008-2010 წლებში სოფლის მეურნეობაში კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების, 2008 წლის ომის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგია. 2011 და 2013 წლებში სოფლის მეურნეობა გაიზარდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2003 წლის დონეს კვლავ ჩამორჩებოდა.

2013

წელს სოფლის მეურნეობის პროდუქცია 2012 წელთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირების ტენდენცია გვქონდა, სოფლის მეურნეობის ასეთი მაღალი ზრდა პოზიტიური ნიშანია. თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი 1.2%-მდე დაეცა, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 11%-იანი ზრდა გვქონდა.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სხვადასხვა პროექტი

განხორციელდა. 2013 წლის მარტში ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომელიც ფერმერებისთვის გრძელვადიანი სახსრების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მოხდა მცირემიწიან ფერმერებზე აგრობარათების გაცემა, მიწის დასამუშავებლად საჭირო პროდუქციის შესყიდვის დასაფინანსებლად. ამოქმედდა პროექტი – „აწარმოე საქართველოში,“ რომელიც ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებზე იაფი კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს.

ასევე, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდა აგროდაზღვევის პროექტი. უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა პროგრამები სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდასაჭერად ადრეც ხორციელდებოდა, თუმცა მიმდინარე პროგრამები მეტწილად ფერმერებისთვის იაფი კრედიტების ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული, რაც კერძო წარმოების წასახალისებლად პოზიტიური ფაქტორია.

  დასკვნა 2003-2013

წლებში სოფლის მეურნეობის დარგში მეტწილად კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა, რაც ბუნებრივ-კლიმატური პირობების და არახელსაყრელი გარე ფაქტორების დამსახურებაა. 2011 წელს სოფლის მეურნეობაში შექმნილი პროდუქცია 2003 წელთან შედარებით 12.5%-ით ნაკლები იყო (და არა 20%-ით, როგორც ამას მინისტრი აღნიშნავს), ხოლო სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 19%-დან 10%-მდე შემცირდა.

სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამები გასულ წლებშიც ხორციელდებოდა, თუმცა 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტები იმ კუთხითაა მნიშნელოვანი, რომ ისინი ხელს უწყობს ფერმერებისთვის გრძელვადიანი სახსრების ხელმისაწვდომობას და კერძო წარმოების წახალისებას. 2013 წელს სოფლის მეურნეობა 11.3%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ ორ კვარტალში სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი დაეცა და 1.2% შეადგინა.

შესაბამისად, ნოდარ ხადურის განცხადება: „2011 წელს ჩვენი სოფლის მეურნეობა იყო 20%-ით ნაკლები, ვიდრე 2003-ში. დღეს არის ზრდა სოფლის მეურნეობაში,“ არის მეტწილად სიმართლე.  

[1]

 აღნიშნული მონაცემები მოიცავს სოფლის მეურნეობის, ნადირობის და სატყეო მეურნეობის, თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში შექმნილ პროდუქციას


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი