2014 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნოდარ ებანოიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრების განაწილების შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მხოლოდ 10% იხარჯება რაიონისათვის აუცილებელი სამუშაოების შესასრულებლად, ხოლო 90% ადმინისტრაციული ხარჯებია. ნოდარ ებანოიძის შეფასებით, საბიუჯეტო სახსრების 90% ხმარდება იმას, რომ 10%-ის საქმე გაკეთდეს.

ფაქტ-მეტრი ნოდარ ებანოიძის განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

ჩვენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დავუკავშირდით და 2011-2014 წლების ბიუჯეტი და მათი დანახარჯები გამოვითხოვეთ. ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები შრომის ანაზღაურებაზე, ასევე საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისგან შედგება.

გრაფიკი 1: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი

image001

2011 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4632 ათასი ლარი იყო. ადმინისტრაციულ ხარჯებზე, შრომის ანაზღაურებასა და მომსახურებაზე კი, საერთო ჯამში, ბიუჯეტის 40% დაიხარჯა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 4 ორგანო შედის: გამგეობა, საკრებულო, საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური და თავდაცვის ღონისძიებების სამსახური. 2011 წლის მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 145 საჯარო მოხელე იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაზე საერთო ჯამში 787 ათასი ლარი დაიხარჯა. საქონელსა და მომსახურებაზე დახარჯული თანხებით, მუნიციპალიტეტისთვის საოფისე ტექნიკის, ავეჯის, მივლინებებისა და სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საქმიანობის დაფინანასება მოხდა. აღსანიშნავია, რომ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების უმეტესი წილი, 736 ათასი ლარი, სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე მოდის, თუმცა მოწოდებულ წერილში არ არის დაკონკრეტებული, თუ კონკრეტულად რას მოხმარდა აღნიშნული თანხა.

გრაფიკი 2: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი

image002

2012 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6418 ათასი ლარი იყო, საიდანაც ადმინისტრაციულმა ხარჯებმა დაახლოებით 32% შეადგინა. 2011 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტში 11 საშტატო ერთეულით მეტი სახელფასო ანაზღაურება გაიცა. საერთო ჯამში, 156 საჯარო მოხელის ანაზღაურებაზე 992 ათასი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება საქონელსა და მომსახურებას, ისევე როგორც გასულ წელს, გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი, 653 ათასი ლარი, სხვა დანარჩენ მომსახურებაზე დაიხარჯა.

გრაფიკი 3: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი

image003

2013 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 7257 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც. მთლიანი ხარჯების დაახლოებით 39% ადმინისტრაციულ საკითხებზე დაიხარჯა. 235 საჯარო მოხელეზე 1379 ათასი ლარი, ხოლო საქონელსა და მომსახურებაზე 1421 ათასი ლარი გაიცა. ისევე როგორც გასული ორი წლის შემთხვევაში, 2013 წელსაც, საქონელსა და მომსახურებაზე დახარჯული 785 ათასი ლარის მიზნობრიობა დაკონკრეტებული არ არის.

გრაფიკი 4: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი

image004

2014 წლის გეგმის მიხედვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე გაზრდილია მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტის 31% ადმინისტრაციული ხარჯებისათვისაა გათვალისწინებული. აქვე აღსანიშნავია, რომ საქონელსა და მომსახურებაზე გათვალისწინებული ხარჯების დაახლოებით 55%-ის, 1041 ათასი ლარის, დახარჯვა სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზეა დაგეგმილი, თუმცა რა საქმიანობაზე იხარჯება აღნიშნული თანხები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არც ამ შემთხვევაში დაუკონკრეტებია.

შედარებისთვის, საინტერესო იქნება 2011-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციულ ხარჯების წილიც ვნახოთ.

გრაფიკი 5: ადმინისტრაციული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში (2011-2014 წწ.)

image005

როგორც საქართველოს 2011-2014 წლის ბიუჯეტიდან ჩანს, 4 წლის განმავლობაში ადმინისტრაციულ ხარჯებზე მთლიანი ბიუჯეტის საშუალოდ 27% იხარჯება.

დასკვნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, 2011 წლიდან დღემდე, ადმინისტრაციული ხარჯების წილი 40%-ზე მეტი არცერთ წელს არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების, ასევე საქონელსა და მომსახურებაზე გამოყოფილი თანხების რაოდენობა იზრდებოდა, თუმცა ამ პერიოდში მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობაც გაიზარდა. 2011 წლიდან დღემდე ამ დინამიკის შესაბამისად იზრდებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობაც.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 90%-ს ადმინისტრაციული ხარჯები არ შეადგენდა, როგორც ამას დეპუტატი ამტკიცებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ნახევარი რა საქმიანობაზე დაიხარჯა, დაკონკრეტებული არ არის. გარდა ამისა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციულ ხარჯებთან შედარებით დაახლოებით 9%-ით მეტს ხარჯავს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ებანოიძის განცხადება: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხარჯების 90% არის სუფთა ადმინისტრაციული ხარჯები...“ არისნახევრად სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა:აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვარიანტი გასული წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიას, Facebook-ის საშუალებით, თავად დეპუტატი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მის მიერ დასახელებული ციფრი შესაძლოა მართლაც გადაჭარბებულია, თუმცა ადმინისტრაციული ხარჯების დიდ მოცულობასთან დაკავშირებული პრობლემა მაინც არსებობს და განცხადების გაკეთებისას ის ამ მხრივ არსებულ ტენდენციას გულისხმობდა. ნოდარ ებანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულად ხარაგაულში განხორციელებული სუბსიდიების დიდი ნაწილი სწორედ ადმინისტრაციულ ხარჯებზე, კერძოდ კი შრომის ანაზღაურებაზე მოდის.

ფაქტ-მეტრის მიერ ჩატარებული კვლევიდანაც ჩანს, რომ ადმინისტრაციულ ხარჯებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს და მთლიანობაში დეპუტატის განცხადების პათოსი სწორია. ამ გარემოებების საფუძველზე ფაქტ-მეტრის ვერდიქტი შეიცვალა და "მეტწილად მცდარის" ნაცვლად, ნოდარ ებანოიძის განცხადება "ნახევრად სიმართლედ" შეფასდა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი