2014 წლის 30 დეკემბერს, რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანში“ 2014 წლის მოვლენებს განიხილავდნენ. ჟურნალისტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, დავით ბაქრაძეს კითხვა სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაუსვა. პასუხად, ბაქრაძემ განაცხადა: „ტყუილია, როცა გვეუბნებიან, რომ ეს კანონი (მაუწყებლობის შესახებ) საჩქაროდ უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ ამას ითხოვს ევროკავშირი. ევროკავშირი ამას არ ითხოვს. ევროკავშირთან ხელმოწერილ შეთანხმებაში წერია, რომ კანონი მიღებული უნდა იყოს შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ... ჯერ არც შეთანხმების რატიფიცირება დასრულებულა და არც ის სამი წელია გასული“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერეს. დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ და უსაფრთხოების სფეროებში თანამაშრომლობას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების მე-6 კარის მე-18 თავი აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. სწორედ ამ თავის საფუძველზე, საქართველომ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან დაახლოების ვალდებულება იკისრა. კერძოდ, შეთანხმების 33-ე დანართის თანახმად, საქართველო ვალდებულია ეროვნული კანონმდებლობა 2010 წლის 10 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EU მიერ მიღებულ აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივასთან დააახლოვოს. ამ ვალდებულების შესასრულებლად, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამწლიანი ვადა აქვს, გარდა ერთი კონკრეტული რეგულაციისა, რომლის იმპლემენტაციისთვის ხუთწლიანი ვადაა განსაზღვრული. ასოცირების ხელშეკრულების 431-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიკაციის ან დამტკიცების სიგელის დეპონირების შემდეგ შევა ძალაში. მართალია, ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტული ნაწილების დროებითი გამოყენება 2014 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობის ნორმები ჯერ არ ამოქმედებულა. იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესი ევროკავშირის ყველა წევრ-სახელმწიფოში დასრულებული არ არის, ვალდებულების შესრულების ვადის ათვლაც ჯერ არ დაწყებულა.

საინტერესოა გავარკვიოთ, თუ რას ითვალისწინებს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და რამდენად შეესაბამება ეს ცვლილებები ევროკავშირის აუდიოვიზუალური მომსახურების დირექტივას.

კანონპროექტი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსების ზუსტ ინტერვალებს განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიების, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლის და რელიგიური ცერემონიის შეწყვეტა. ასევე დაუშვებელია იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამის ან დოკუმენტური ფილმის შეწყვეტა, რომლის ხანგრძლივობაც 15 წუთზე ნაკლებია. ევროკავშირის დირექტივის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეკლამის განთავსება მხოლოდ რელიგიური ცერემონიის ტრანსლირების დროს არის დაუშვებელი და კანონპროექტით გათვალისწინებულ დამატებით აკრძალვებს არ ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ, ხოლო მხატვრული ფილმი, ტელეფილმი ან ფილმის სერია 30 წუთში ერთხელ შეიძლება შეწყდეს. ევროკავშირის დირექტივის თანახმად, ახალი ამბების პროგრამებზე იდენტური ინტერვალი საათში არა 15 წუთის, არამედ 30 წუთის ოდენობით ვრცელდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, რეკლამის საერთო ხანგრძლივობას ეხება. რეგულაციის თანახმად, რეკლამა ან ტელეშოპინგი ისე უნდა განთავსდეს, რომ ის სამაუწყებლო საათის 20%-ს, ანუ 12 წუთს არ აღემატებოდეს. ანალოგიურ შეზღუდვას ითვალისწინებს დირექტივის 23-ე მუხლის პირველი ნაწილიც. მიუხედავად ამისა, კანონპროექტი დირექტივის 23-ე მუხლის მეორე ნაწილს უარყოფს, რომლის თანახმადაც, 12 წუთიანი შეზღუდვა მაუწყებლის სატელევიზიო პროგრამასთან და ამ პროგრამის დამხმარე განცხადებებთან მიმართებით არ ვრცელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ 23-ე მუხლის იმპლემენტაციისთვის განესაზღვრა საქართველოს გახანგრძლივებული ხუთწლიანი ვადა. რეალურად, კანონპროექტი დირექტივისგან განსხვავებულ, მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს, რაც მაუწყებლებს აიძულებს 12 წუთიან სარეკლამო ინტერვალში ჩასვან მათ პროგრამებთან დაკავშირებული ანონსებიც. აღსანიშნავია, რომ დირექტივის ამ ნორმის იმპლემენტაცია ამ ეტაპზე დაჩქარებული წესით აუცილებელი არ იყო და 12 წუთიან შეზღუდვამდე ჩამოსვლა ხუთი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად იყო შესაძლებელი.

ასევე საყურადღებოა შეზღუდვა სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამებთან დაკავშირებით. 2016 წლის 15 იანვრამდე, პროგრამასა და ანონსში სპონსორების შესახებ მითითება უნდა იყოს მოკლე და საათში 5%-ს, ანუ 3 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. 2017 წლის 15 იანვრამდე კი, აღნიშნული შეზღუდვა 90 წამამდე მცირდება. კანონპროექტისგან განსხვავებით, დირექტივა მსგავს შეზღუდვას საერთოდ არ ითვალისწინებს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ტელევიზიის წარმომადგენლების უკმაყოფილებს იწვევს.როგორც ისინი აცხადებენ, მსგავსი სწრაფი და უხეში ცვლილებები ტელევიზიების ფინანსურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამ პარლამენტში დებატების ფონზე ჩაიარა. უმცირესობის წევრებმა მმართველ გუნდს დამოუკიდებელი ტელევიზიების წინააღმდეგ გალაშქრებასა და მედია თავისუფლების შეზღუდვაში დასდეს ბრალი. მათი აზრით, ეს კანონპროექტი ერთი კონკრეტული ტელევიზიის, რუსთავი 2-ის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ამ ტელევიზიის შემოსავალი რეკლამებიდან გაცილებით აღემატება სხვა ტელევიზიების შემოსავლებს და კანონის მიღება ყველაზე დიდ დარტყმას სწორედ რუსთავი 2-ს მიაყენებს. აღსანიშნავია, რომ თავად უმრავლესობის წევრებიც, სიტყვით გამოსვლისას და კანონპროექტზე საუბრისას, ძირითადად სწორედ რუსთავი 2-ს მოიხსენებდნენ, რითაც თავადვე ამძაფრებდნენ კანონპროექტის პოლიტიზებული ხასიათის შესახებ უმცირესობის მიერ გაჟღერებულ ეჭვებს. საბოლოოდ, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, კანონპროექტი პირველი მოსმენით, 63 ხმით 30-ის წინააღმდეგ მიღებული იქნა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მოითხოვეს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანა მისი დისკრიმინაციული ხასიათის გამო არ მომხდარიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქართველოს პარლამენტმა ასევე არ გაითვალისწინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილებები მიმართულია კერძო ტელევიზიების ფინანსური დამოუკიდებლობისა და რედაქტორული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

დასკვნა

ასოცირების შეთანხმების მე-6 კარი აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველო ვალდებულია ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, კერძოდ კი, 2010 წლის 10 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EU აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივასთან დაახლოვოს. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ამ დირექტივის იმპელემენტაციისთვის საქართველოს სამიდან ხუთ წლამდე ვადა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმების ეს ნაწილი ჯერ ძალაში შესული არ არის, სამწლიანი ვადის ათვლაც ჯერ არ დაწყებულა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გარკვეულწილად იმეორებს დირექტივით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, თუმცა დამატებით რეგულაციებსაც აწესებს. ევროკავშირის დირექტივის თანახმად, 12 წუთიან სარეკლამო ჭრაში სატელევიზიო პროგრამებთან დაკავშირებულ ანონსი არ შედის. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები კი, დირექტივით არსებულ რეგულაციას კიდევ უფრო ზღუდავს, რადგან სამაუწყებლო კომპანიებს აიძულებს პროგრამების ანონსებიც 12 წუთიან სარეკლამო ჭრაში ჩაატიონ. გარდა ამისა, სპონსორზე მითითებასთან დაკავშირებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ევროკავშირის დირექტივაში გათვალისწინებული საერთოდ არაა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით უკვე მიიღეს. დავით ბაქრაძე სწორად მიუთითებს, რომ დაჩქარებული წესით დირექტივის იმპლემენტაცია ამ ეტაპზე აუცილებელი არ იყო. ევროკავშირის მიერ დაწესებული სამიდან ხუთ წლამდე ვადა სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ საქართველომ არსებული რეალობის საკანონმდებლო ცვილებებთან ადაპტირება უმტკივნეულოდ შეძლოს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი