მიმდინარე წლის 30 იანვარს, რუბრიკა - "შეამოწმე შენი ფაქტის" ფარგლებში, მკითხველმა სანდრო არსოშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების

გადამოწმება გვთხოვა.

განცხადების თანახმად, ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად დოლარის გამყარება სახელდება. ასევე, აღნიშნულია, რომ მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა, ლარი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა დოლართან მიმართებაში. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურების მიუხედავად, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და მომავალში ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2014

წელს აშშ-ის მაღალი ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, დოლარი მსოფლიო მასშტაბით მართლაც გამყარდა. დოლარის გამყარება სხვადასხვა ვალუტაზე განსხვავებულად აისახა, რადგან ვალუტის კურსზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ქვეყნის სავალუტო პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკური მდგომარეობა.

დოლართან მიმართებაში ყველაზე მეტად რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა და ბელორუსული რუბლი დაეცა. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტმა და რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რაც რუბლზეც აისახა. რუსეთში არსებულმა მდგომარეობამ თავის მხრივ გავლენა იქონია მის ეკონომიკურ პარტნიორებზეც, მათ შორის ბელორუსზეც. რუსეთის კრიზისმა და ნავთობის ფასების ვარდნამ ყაზახური ტენგეს 19%-

იანი გაუფასურებაც გამოიწვია.

ევრო დოლართან მიმართებაში 20%-ით გაუფასურდა, რასაც ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. ევროს გაუფასურება დოლართან მიმართებაში ევროპული საქონლის გაიაფებას და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს. გამომდინარე აქედან, ეკონომიკური ზრდისა და ექსპორტის წახალისების მიზნით, ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა ევროს გაუფასურებისკენ იყო მიმართული.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ჩეხეთს, უნგრეთს, ხორვატიას და ბულგარეთს, თავისი ვალუტა ევროზე აქვთ მიბმული.

შესაბამისად, ევროს კურსის ვარდნამ დოლართან მიმართებაში აღნიშნული ქვეყნების ვალუტაზეც იმოქმედა.

გრაფიკი 1:

მსოფლიოს ქვეყნების ვალუტების კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში (27.01.2014 - 27.01.2015)

image001

წყარო: https://www.xe.com/currencytables/?from=USD&date=2015-01-27

მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ, მსოფლიო ქვეყნების ვალუტების კურსებთან დაკავშირებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი პერიოდის ცვლილებებია მოცემული, თუმცა მთავრობის ცხრილში მოცემული რიცხვები დოლართან მიმართებაში კურსის წლიურ ცვლილებას შეესაბამება, ამიტომ ფაქტ-მეტრმა მსოფლიო ვალუტის კურსების ბოლო ერთი წლის მონაცემები გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც ლარი ერთ-ერთია იმ ვალუტებს შორის, რომლებიც დოლართან მიმართებაში შედარებით ნაკლებად გაუფასურდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ლარის გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ფაქტ-მეტრმა მსოფლიო ვალუტის კურსის ცვლილებები ნოემბერ-იანვრის პერიოდში შეადარა. ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე ლარი 16%-ით გაუფასურდა და ბოლოდან მე-5 ადგილი დაიკავა რუსეთის, ბელორუსის, მოლდოვის და უკრაინის ვალუტების შემდეგ.

გრაფიკი 2:

მსოფლიოს ქვეყნების ვალუტების კურსის ცვლილება ნოემბერ-იანვარში

image002

წყარო: https://www.xe.com/currencytables/?from=USD&date=2015-01-27

საქართველოს მცურავი სავალუტო კურსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ბაზარზე ლარის და დოლარის შეფარდებით მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითად წყაროს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები წარმოადგენს. ეს მაჩვენებლები 2014 წლის აგვისტოდან შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდნენ, რაც ვალუტის კურსზეც

აისახა. ამას დაემატა ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, რამაც გაზარდა ლარის მასა და კურსის კიდევ უფრო მეტად გაუფასურება გამოიწვია. შესაბამისად,  ვალუტის კურსის გაუფასურება მხოლოდ დოლარის გლობალური გამყარებით არ ყოფილა გამოწვეული.

რაც შეეხება ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ფინანსური სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ ლარის გაუფასურება დასახელდა. სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო ლარის გაუფასურება ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან გრძელვადიანი სესხების უმეტესი ნაწილი დოლარშია გაცემული. ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში მომხმარებელს სესხს უძვირებს და შესაბამისად, გადახდისუნარიანობის რისკს ზრდის. ამასთან, კურსის გაუფასურება ზრდის ქვეყნის საგარეო ვალსაც და აძვირებს მის მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 ნოემბრისთვის რეზიდენტებზე უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა 3.8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც იმდროინდელი კურსით (1.75) 6.6 მლრდ ლარი გამოდიოდა. ნოემბრიდან დეკემბრამდე ლარი დოლარის მიმართ 4.7%-ით გაუფასურდა, რამაც მხოლოდ ერთ თვეში სესხები 317 მლნ ლარით გააძვირა. გაძვირდა ასევე სახელმწიფოს საგარეო ვალიც. 2014 წლის ბოლოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი, იმჟამინდელი კურსით (1.86) 7.8 მლრდ ლარი შეადგინა. დეკემბრიდან თებერვლამდე ლარი 8.7%-ით გაუფასურდა, რამაც საგარეო ვალი 677 მლნ ლარით გაზარდა.

2013

წლის ნოემბრიდან, ლარის კურსის მხარდასაჭერად, ეროვნულ ბანკს ვალუტის ოფიციალური რეზერვების გაყიდვა უხდებოდა. დოლარის გაყიდვის და ქვეყანაში შემომავალი დოლარის ნაკადების კლების გამო ოფიციალური ვალუტის რეზერვები 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე 17%-ით (483 მლნ დოლარი) შემცირდა. ვალუტის რეზერვები კი, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

როგორც ვიცით, 2013-2014 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია. ვალუტის კურსის სტაბილიზაციისთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა

მომავალში ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკებიც გაზრდილია.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ ვალუტის გაუფასურება ფასების ზრდას არ გამოიწვევს, ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და შესაბამისად ვალუტის კურსის გაუფასურება პირველ რიგში იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ლარის გაუფასურების გამო ფასებმა მატება უკვე დაიწყო. ყაზტრანსგაზმა

იურიდიული პირებისთვის გაზის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ ლარის გაუფასურება დაასახელა. გაზის ტარიფის მატება იურიდიული პირებისთვის რა თქმა უნდა ადგილობრივი პროდუქციის ფასებზეც იმოქმედებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის ნოემბრიდან (როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო), ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.

  დასკვნა

მართალია ზოგიერთ ვალუტებთან შედარებით ლარი ნაკლებად გაუფასურდა, თუმცა ლარის ერთ-ერთ მყარ ვალუტად დასახელება არამართებულია, რამდენადაც ვალუტის კურსის ცვლილება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამასთან, ლარმა გაუფასურება ნოემბრიდან საკმაოდ სწრაფი ტემპით დაიწყო და ორ თვეში 16%-ით გაუფასურდა, რაც შიდა ფაქტორების დამსახურება უფროა ვიდრე დოლარის გამყარების. 2014 წლის ბოლოს იმატა ფინანსური სტაბილურობის რისკებმაც. რაც შეეხება ფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ლარის გაუფასურება იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდას იწვევს. ფასების ზრდის ტენდენცია უკვე სახეზეა, თუმცა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.

ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე, ფაქტ-მეტრი მხოლოდ მიმდინარე ტენდენციის ანალიზით შემოიფარგლება და პრემიერის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი