მიმდინარე წლის 2 ივნისს, გადაცემა "არჩევანი" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს დაეთმო. საუბრისას, სააკაშვილმა ყურადღება საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციაზე გაამახვილა. მისივე თქმით, გაურკვეველი ურთიერთობებია მეზობელ ქვეყნებთან, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. მაგალითად, თურქეთთან ჰესების მშენებლობის ყველა დიდი პროექტი შეჩერებულია. შემცირებულია ტურისტების რაოდენობაც. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა ფოთში ყველაზე დიდი ინვესტიცია შეაჩერა. ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინაზეც ისაუბრა და აღნიშნა: "შვიდჯერ გამოაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, რომ უკრაინაში ვიზიტით ჩამოვიდოდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ ჩამოვიდა. ამბობდა, რომ ჩამოვიდოდა დეკემბერში, შემდეგ იანვარში და თებერვალში".

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის საკითხით დაინტერესდა და მიხეილ სააკაშვილის განცხადება გადაამოწმა.

ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გასული წლის 1 დეკემბერს გაკეთდა.

უწყების პრესსპიკერის განმარტებით, თარიღი ჯერჯერობით უცნობი იყო, თუმცა ვიზიტის შესათანხმებლად მუშაობა მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ეს უნდა ყოფილიყო უმაღლესი დონის ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობას მთავრობის სხვა წევრებიც მიიღებდნენ.

2015 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციის

თანახმად, იანვრის ბოლოს უკრაინას საქართველოს მინისტრთა ჯგუფი უნდა წვეოდა. შემდეგი ეტაპი კი პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტი იქნებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა შედგა, სადაც უკრაინაში მიმდინარე პროცესები და დღის წესრიგი განიხილეს. მისივე თქმით, კიევში სამინისტროების დონეზე ვიზიტების გამართვის შესახებ მუშაობა მიმდინარეობდა. ასევე, მუშაობა პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრს პრემიერის უკრაინაში ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია. საბოლოოდ, დაანონსებული ვიზიტი არ შედგა.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი ძალაში რჩებოდა. უწყების პრესსპიკერმა, დავით კერესელიძემ განმარტა, რომ პრემიერ-მინიტრის ვიზიტი დაზუსტებული არ იყო, თუმცა ამ მიმართულებით გეგმები არ შეცვლილა. პრემიერის უკრაინაში ვიზიტი არც თებერვლის თვეში შედგა. ვიზიტის თარიღი დაუზუსტებელი იყო მარტშიც. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი განმარტავდა,

რომ ვიზიტი მზადების პროცესში იყო და უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ჩასვლა მარტის თვეში არ იგეგმებოდა.

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განმარტება მიმდინარე წლის 26 მარტს თავად პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინაში მისი ვიზიტის გადადების მიზეზი უკრაინის მთავრობაში ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა არ გამხდარა. "რაც შეეხება უკრაინაში ჩემს ვიზიტს, ამ ეტაპზე საშინაო საქმეებით ვარ დაკავებული და ვცდილობ მაქსიმალურად თავი ავარიდო გარე ვიზიტებს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კვლავ უცნობი იყო მიმდინარე წლის აპრილშიც. "რეზონანსის"

 ინფორმაციით, ვიზიტის პირველი დაანონსებიდან 4 თვის შემდეგაც გაურკვეველი იყო, თუ როდის შედგებოდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ ვიზიტი ძალაში რჩებოდა და მის დასაგეგმად სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ფაქტ-მეტრთან საუბარში განმარტა, რომ ამ მომენტისთვის პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე უწყებაში მუშაობა არ მიმდინარეობს.

დასკვნა

ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის დეკემბერში გააჟღერა. მიუხედავად განცხადებებისა, რომ პრემიერის უკრაინაში ვიზიტი კვლავ ძალაშია და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, პრემიერის ვიზიტი ამ დრომდე არ შემდგარა. ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ როდის ესტუმრება ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ მიხელ სააკაშვილის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის შესახებ გაკეთებული განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი