გაზეთ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა,

რომ ელექტროენერგიის გათიშვების რიცხვი ბოლო წლებში შემცირებულია. აღნიშნული, მინისტრმა ჟურნალისტის იმ მოსაზრების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც წინა წლებში ელექტროენერგიის გათიშვები ასეთი ხშირი არ იყო. "ელექტროენერგიის გათიშვები წინა წლებშიც იყო. თქვენ შეგიძლიათ შესაბამის კომპანიებს მიმართოთ და ნახავთ სტატისტიკას, თუ რამდენად არის შემცირებული ელექტროენერგიის გათიშვა" - აღნიშნა კალაძემ.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სანამ უშუალოდ საკვლევ საკითხზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის გათიშვების საკითხი საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა საჯარო სივრცეში საუბრობენ იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში ელექტროენერგიის გამორთვებმა იმატა,

ეს ყოველივე კი გაზრდილი მოხმარების დასაბალანსებლად ხდება და საქმე ერთგვარ კარგად შეფუთულ ელექტროენერგიის გრაფიკთან გვაქვს.

მინისტრის განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა "თელასის", "ენერგო-პრო ჯორჯიას" და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა.

"თელასი" საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისის მოსახლეობას, კონკრეტულად კი 524 500 აბონენტს ემსახურება. "თელასის" ქსელში გეგმიური და არაგეგმიური გათიშვების შესახებ ინფორმაცია ჩვენ სემეკიდან მივიღეთ. მონაცემები ე.წ. SAIFI-ისა და SAID-ის პრინციპითაა დამუშავებული. SAIFI გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსს - საანგარიშო პერიოდში (კვარტალი, წელი) ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო რაოდენობას, SAID კი გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის ინდექსს - საანგარიშო პერიოდში ერთ მომხმარებელზე გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას გულისხმობს (იხ. ბმული,

გვ. 6).

"თელასის" მონაცემები, რომელიც ცხრილ 1-შია ასახული, თავის მხრივ ორი სისტემით არის დაანგარიშებული. პირველი ვარიანტი ქსელიდან გამორთული მომხმარებლების ზუსტ რაოდენობას ვერ აღრიცხავს და ის მიახლოებითია (იხ. ბმული,

მუხლი 10, პუნქტი 2). რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ის 2015 წლიდან დაინერგა და ქსელიდან გამორთული მომხმარებლების ზუსტი რაოდენობის დაფიქსირების შესაძლებლობას იძლევა. მისი დახმარებით წინა წლების მაჩვენებლების თავიდან გადათვლაც შესაძლებელია, რაც ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში მხოლოდ 2013 წლის ჩათვლით არის წარმოდგენილი (როგორც სემეკში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, მათთვის "თელასს" 2012 და წინა წლების ანალოგიური მაჩვენებლები არ მიუწოდებია).

ცხრილი 1:

ელექტროენერგიის წყვეტები "თელასის" ქსელში SAIDI-სა და SAIFI-ს მიხედვით, 2011-2015 წლებში (წყარო: სემეკი)

პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტი
წელი წყვეტის მიზეზი SAIDI SAIFI SAIDI SAIFI
2011 არაგეგმიური 3.07
გეგმიური 0.47
2012 არაგეგმიური 1.66
გეგმიური 0.73
2013 არაგეგმიური 132.15 1.41 700.57 7.53
გეგმიური 134.35 0.83 520.29 3.9
2014 არაგეგმიური 89.72 1.17 487.5 6.9
გეგმიური 125.97 0.81 332.46 1.9
2015 არაგეგმიური 70.01 1.08 323.83 5.9
გეგმიური 145.73 0.96 393.06 2.06

როგორც ვხედავთ, 2013-2015 წლებში ერთ მომხმარებელზე არაგეგმიური გამორთვების (რომელიც გულისხმობს ცალკეული უბნების გეგმაზე ადრე მიზნობრივ გამორთვებსა და, ასევე, ავარიულ წყვეტებს) საშუალო ხანგრძლივობა

იკლებს (SAID, ორივე ვარიანტის მიხედვით). რაც შეეხება გეგმიურ გამორთვებს, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, გეგმიური გამორთვების საშუალო ხანგრძლივობამ იკლო, თუმცა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა.

რაც შეეხება ერთ მომხმარებელზე არაგეგმიური გამორთვების საშუალო სიხშირეს (

SAIFI), 2011-2015 წლებში ეს რიცხვი ყოველწლიურად იკლებდა. თუმცა, გეგმიური გამორთვების შემთხვევაში, პირველი ვარიანტის მიხედვით, იგივე მაჩვენებელი (SAIFI) ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამ საკითხთან დაკავშირებით სემეკში აცხადებენ, რომ გეგმიური გამორთვების რიცხვის მატება ნეგატიურ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ, რადგან ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მსგავსი გამორთვების დროს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ხორციელდება. თუმცა, თუ ამ საკითხს მომხმარებლის პერსპექტივიდან შევხედავთ, მსგავსი ფაქტების გაზრდილი რაოდენობა უკმაყოფილებას იწვევს.

რაც შეეხება "ენერგო-პრო ჯორჯიას", ის საქართველოს რეგიონებში ოპერირებს.

 კომპანია ელექტროენერგიით რეგიონების უმრავლესობას, მილიონზე მეტ ქსელის აბონენტს ამარაგებს და ქვეყნის ტერიტორიის 70%-ს ფარავს.

ცხრილი 2:

ელექტროენერგიის წყვეტები "ენერგო-პროს" ქსელში SAIDI-სა და SAIFI-ს მიხედვით 2011-2015 წლებში (წყარო: სემეკი)

image001

როგორც ცხრილიდან ჩანს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში გეგმიური გამორთვები 2012 წელთან შედარებით გაზრდილია. არაგეგმიური წყვეტების შემთხვევებში მაჩვენებლები ძირითადად კლების ტენდენციით ხასიათდება. იმ წლების შესახებ კი, რომლებშიც გამორთვების ზრდა ფიქსირდება, სემეკი შემდეგ ახსნას გვთავაზობს: "

ენერგო-პრო ჯორჯიას" განმარტებით, 2011-2012 წლების SAIFI-ს მონაცემები ანგარიშდებოდა მხოლოდ მაღალ და საშუალო ძაბვაზე ელექტრომომარაგების არაგეგმიური წყვეტების გათვალისწინებით (ავარიული წყვეტების გარეშე). 2013 წლიდან SAIFI-ს მონაცემების გამოთვლისას მაღალ და საშუალო ძაბვაზე არაგეგმიურ წყვეტებს ელექტრომომარაგების ავარიული წყვეტებიც დაემატა, რამაც SAIFI-ს მონაცემების ზრდა გამოიწვია. 2014-2015 წლების SAIFI-ს მონაცემები კი მოიცავს როგორც ელექტრომომარაგების ავარიულ წყვეტებს, ასევე მაღალ, საშუალო და დაბალ ძაბვაზე ელექტრომომარაგების არაგეგმიურ წყვეტებს".

ფაქტ-მეტრისთვის ასევე ხელმისაწვდომია "ენერგო-პროს" ქსელში (უშუალოდ ამ კომპანიისგან მიღებული) ელექტროენერგიის წყვეტების რაოდენობრივი მაჩვენებლები (იხ. ბმული 1, ბმული 2). როგორც "ენერგო-პროს" პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, ამ მონაცემების ერთმანეთთან შედარებით სწორი ანალიზის გაკეთება და ზოგადი ტენდენციის დანახვა შესაძლებელია. ცხრილ 2-ში წარმოდგენილია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში გეგმიური, არაგეგმიური და ავარიული

გამორთვების სტატისტიკა. კომპანიის პრეს-სამსახურის ცნობით, ისინი არაგეგმიურ (ცალკეული უბნების დაგეგმილზე ადრე გამორთვა საჭიროებებიდან გამომდინარე, ოღონდ არა ავარიულად) და ავარიულ გამორთვებს ცალ-ცალკე აღრიცხავენ.

ცხრილი 3:

ელექტროენერგიის წყვეტები "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში, 2011-2015 წლებში (წყარო: "ენერგო-პრო")

წყვეტის ტიპი
წელი გეგმიური არაგეგმიური ავარიული
2011 247 2 187 16 914
2012 2 076 1 134 14 529
2013 14 350 7 132 14 487
2014 17 353 18 887 14 216
2015 - ცხრა თვე 13 175 10 518

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ენერგო-პროს" ინფორმაციით, 2011-2012 წლებში გეგმიური წყვეტების სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ მაღალი ძაბვის ქსელზე (110/35 კვ.) არსებულ გათიშვებს. შესაბამისად, ის არასრულია და მისი 2013-2015 წლებთან შედარება არამართებულია. თუმცა, შეგვიძლია ერთმანეთს 2013-2014-2015 წლების მონაცემები შევადაროთ, რომელთა მიხედვითაც "ენერგო-პროს" ქსელში გეგმიური წყვეტების რიცხვი იზრდება. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გეგმიური წყვეტები 21%-ით გაიზარდა.

ზრდის ტენდენცია აშკარაა არაგეგმიური წყვეტების მხრივაც. თუ 2012 წელს აღნიშნული მონაცემი 1 134-ს უდრიდა, 2014 წლისთვის მან 18 887-ს (17-ჯერ გაიზარდა), 2015 წლის ცხრა თვეში კი 10 518-ს მიაღწია. შესაბამისად, აღნიშნული რაოდენობრივი მონაცემები საკმაოდ განსხვავებულია სემეკის მიერ მოწოდებული ინფორმაციისგან იმის შესახებ, რომ 2013 წელს არაგეგმიური გამორთვების ზრდა მხოლოდ მეთოდოლოგიური ცვლილების შედეგია.

აქვე აღსანიშნავია, რომ მცირედით მაგრამ მაინც, იკლებს ავარიული წყვეტების რიცხვი. ასევე, როგორც "ენერგო-პროს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია

ნათქვამი, ყოველწლიურად მცირდება ავარიული გამორთვების ჯამური დროც. ამის მიუხედავად, ავარიული წყვეტების რიცხვის ოდნავ შემცირების ფონზე, მკვეთრადაა გაზრდილი არაგეგმიური და გეგმიური წყვეტების რიცხვი. მართალია, კომპანია ცალსახად აღნიშნავს, რომ გეგმიური გამორთვები უარყოფითი მოვლენა არ არის, თუმცა ჯამში (როცა ერთმანეთს გეგმიური, არაგეგმიური და ავარიული წყვეტების რიცხვი ემატება), "ენერგო-პროს" მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება უფრო ხშირად უწყდებათ, ვიდრე ადრე.

  დასკვნა

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2011-2015 წლებში "თელასის" ქსელში ელექტროენერგიის არაგეგმიური გამორთვების (სადაც შედის ავარიულიც და დაგეგმილზე ადრე, თუმცა მიზნობრივად განხორციელებული გამორთვებიც) საშუალო სიხშირე და ხანგრძლივობა კლების ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, ზოგადი სურათის მიხედვით, კლების ტენდენციით არ გამოირჩევა გეგმიური გამორთვების საშუალო ხანგრძლივობა და მზარდია ასეთი გამორთვების საშუალო სიხშირეც.

რაც შეეხება "ენერგო-პრო ჯორჯიას", ამ კომპანიის ქსელში ავარიული გამორთვების (რომელსაც კომპანია არაგეგმიურისგან განცალკევებულად ითვლის) 2011-2014 წლებში მცირდებოდა. ასევე, მცირდებოდა ავარიული გამორთვების ჯამური დრო. თუმცა, მკვეთრად არის გაზრდილი გეგმიური (2013-დან 2015 წლის ცხრა თვის ჩათვლით) და არაგეგმიური გამორთვების (ცალკეული უბნების დაგეგმილზე ადრე გამორთვა საჭიროებებიდან გამომდინარე, ოღონდ არა ავარიულად) რაოდენობა. საბოლოო ჯამში, თუ გეგმიურ, არაგეგმიურ და ავარიულ გამორთვებს შევკრებთ, გამოდის, რომ "ენერგო-პროს" აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება უფრო ხშირად ეზღუდებათ, ვიდრე ადრე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ენერგოკომპანიები და სემეკი, გეგმიურ გამორთვებს უარყოფით კონტექსტში არ განიხილავენ. მათი თქმით, ამ დროს ქსელის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხდება, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. ამის მიუხედავად, რიგით მომხმარებელს გეგმიური გამორთვების გაზრდილმა სიხშირემ შესაძლოა იგივე დისკომფორტი შეუქმნას, რაც არაგეგმიურმა/ავარიულმა. შესაბამისად, ალბათ სწორედ ამას უნდა მივაწეროთ საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვი იმის შესახებ, რომ გეგმიური გამორთვების უკან ელექტროენერგიის გრაფიკი იმალება. თუმცა, ამ ეჭვს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მარეგულირებელ კომისიაში და აღნიშნავენ, რომ მსგავსი რამ პრაქტიკაში შეუძლებელია. მეორეს მხრივ, მაინც არსებობს მოსაზრებები, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, ეს მანიპულაცია განხორციელებადია.

რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვერსია მიმდინარე წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძირითადად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მასში რამდენიმე უზუსტობა იყო დაშვებული. "ენერგო-პროს" შემთხვევაში ადგილი მიმოწერის დროს ტერმინებს შორის აცდენას ჰქონდა. რაც შეეხება "თელასს", ამ კომპანიის ქსელში ელექტროენერგიის გამორთვების სტატისტიკა, რომელიც ჩვენ სემეკიდან მივიღეთ, 2011-2015 წლების მონაცემებს მოიცავდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, "თელასის" SAIDI-SAIFI-ის მონაცემების შესახებ 2015 წლის 1-3 კვარტალის ინფორმაცია მოცემული იყო დაზუსტებული მეთოდის შესაბამისად - მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობის მიხედვით, ხოლო წინა წლების მონაცემები გამოთვლილი იყო პირობითი მეთოდის საფუძველზე, სადაც გამოთვლისათვის აღებული იყო მომხმარებელთა პირობითი საშუალო რაოდენობა. ამ ორი მეთოდით დათვლილი მონაცემების შედარება კი არარელევანტური იყო, რამაც სტატიაში უზუსტობა გამოიწვია. როგორც სემეკში მოგვიანებით განგვიცხადეს, ამ განსხვავების შესახებ ისინი გარკვეულწილად ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა ამის თაობაზე მათ ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში მინიშნება არ გაუკეთებიათ. სემეკის განცხადებით, ეს იმიტომ არ მოხდა, რომ მათ ამ თემაზე მხოლოდ ვერბალური კომუნიკაცია ჰქონდათ და "თელასისგან" ოფიციალურ დადასტურებას ელოდნენ. თუმცა, მიგვაჩნია, რომ უწყებას მისთვის საეჭვო 2015 წლის მონაცემი, რის შესახებაც ოფიციალურ პასუხს ელოდა, ან საერთოდ არ უნდა მოეწოდებინა, ან მასზე შესაბამისი მინიშნება უნდა გაეკეთებინა. სტატიის პირვანდელი ვერსიის გამოქვეყნების შემდგომ, ენერგოკომპანიებისა და სემეკის გამოხმაურების საფუძველზე, აღნიშნული სტატია განახლდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ საკითხის დაზუსტების პროცესში ენერგოკომპანიებისა და მარეგულირებლისგან იდენტურ თემებზე აბსოლუტურად განსხვავებული ახსნა-განმარტებები მოვისმინეთ, რაც, ბუნებრივია, ბუნდოვნებას იწვევს. თუმცა, ფაქტ-მეტრის ამ სტატიის წყალობით რამდენიმე მათგანი დაზუსტდა და ნათელი გახდა. ამდენად, მიგვაჩნია, რომ მთელი ეს პროცესი სასარგებლო უნდა იყოს როგორც მკითხველის ინფორმირების თვალსაზრისით, ისე ენერგოკომპანიებისა და მარეგულირებლისთვის.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი