13

აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა: "ქართუ ბანკი" არ გასცემს იპოთეკურ სესხებს, თუმცა გამონაკლისის სახით ის იპოთეკურ სესხებს გასცემს მთავრობის წევრებზე". დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ამ ბანკში 200 000 ლარის ოდენობის სესხი აქვს, მაშინ როდესაც მისი წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

პირველ რიგში, ჩვენ "ქართუ ბანკის" მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სასესხო პროდუქტებით დავინტერესდით. ბანკის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის გაცნობისა და ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ გაირკვა, რომ "ქართუს" იპოთეკური სესხის მომსახურება არ გააჩნია და ფიზიკურ პირებზე მხოლოდ ანაბრით უზრუნველყოფილ სესხებს გასცემს. ჩვენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებულ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ქონებრივ დეკლარაციასაც

გავეცანით. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი კვირიკაშვილის წლიური შემოსავალი 2015 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 74 021 ლარს შეადგენდა. აქედან, 50 000 ლარი მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას მიიღო, ხოლო დარჩენილი 24 021 ლარი კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აგრეთვე მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას აიღო. გიორგი კვირიკაშვილის ოჯახის წევრებიდან 2015 წელს ანაზღაურებადი სამუშაო მხოლოდ მისმა შვილმა - ანა კვირიკაშვილმა გასწია და 8 400 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.

ცხრილი 1:

გიორგი კვირიკაშვილის მიერ შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაო 2015 წლის განმავლობაში

სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა სამუშაო ადგილი თანამდებობა ანაზღაურება, ლარი
გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მინისტრი 50 000
გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრი 24 021

ცხრილი 2:

გიორგი კვირიკაშვილის მიერ დადებული ხელშეკრულებები, რომელთა მატერიალური შედეგი აისახა 2015 წელს და საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს

ხელშეკრულების საგანი ხელშეკრულების ღირებულება, USD ხელშეკრულების ორგანო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მიღებული მატერიალური შედეგი, USD
იპოთეკური სესხი 120 000 ქართუ ბანკი 01/11/2012-09/07/2015 109 482 გასავალი
იპოთეკური სესხი 173 500 ქართუ ბანკი 09/07/2015-09/07/2030 8 545 გასავალი

როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, გიორგი კვირიკაშვილმა "ქართუ ბანკიდან" ორჯერ აიღო იპოთეკური სესხი, 2012 წლის ნოემბერსა და 2015 წლის ივნისში (შესაბამისად 120 000 აშშ დოლარი და 173 500 აშშ დოლარი). 2015 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული სესხების მომსახურებას შესაბამისად 109 842 აშშ დოლარი და 8 545 აშშ დოლარი, ხოლო ჯამურად 118 027 აშშ დოლარი დასჭირდა. იქიდან გამომდინარე, რომ 2015 წელს აღებული იპოთეკური სესხის ხელშეკრულების დადების და 2012 წელს აღებული იპოთეკური სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლო დღე ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წელს აღებული სესხით წინა, 2012 წელს აღებული იპოთეკური სესხი გადაფარა.

დასკვნა

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე გიორგი კვირიკაშვილის შემოსავალმა 74 021 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული მატერიალური გასავალი 118 027 აშშ დოლარი  იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ "ქართუ ბანკის" ინფორმაციით, ის ფიზიკურ პირებზე იპოთეკურ სესხს არ გასცემს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი