17 ივლისს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის Facebook გვერდზე, სათაურით "ეკონომიკის შედარება", ინფოგრაფიკა

 გამოაქვეყნა. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, "ოცნებამ გაგვაღარიბა", 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა 15.84 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო 2015 წლისათვის ორი მილიარდით დაიკლო და 13.95 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ფაქტ-მეტრი ამ მონაცემების სიზუსტით დაინტერესდა.

ქვეყნის ეკონომიკის სიდიდე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დათვლით იზომება. მშპ არის ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" აშშ დოლარში გამოხატული საქართველოს მშპ აიღო და დაადგინა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ორი მილიარდი დოლარით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2012

წელს საქართველოს მშპ 15.85 მილიარდი დოლარი იყო, 2015 წელს კი მან 13.96 მილიარდი შეადგინა. 2012 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში საქართველოს მშპ დოლარში 1.89 მილიარდით შემცირდა.

გრაფიკი 1:

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მილიარდი)

image001 წყარო: საქსტატი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი

"

ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დოლარში მშპ-ის 2 მილიარდ დოლარამდე შემცირებაზე, სწორია. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის ცვლილება ნომინალურ დოლარებში არ იზომება. თუ გვსურს გავარკვიოთ, მცირდება თუ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, ლარში გამოხატული რეალური მშპ-ის ცვლილება უნდა ვნახოთ. რეალური მშპ-ის დათვლა მუდმივ ფასებში ხდება, ანუ ყოველი წლის მშპ ერთი რომელიმე საბაზისო წლის ფასებში ითვლება. მუდმივ ფასებში, ლარში აღებული მშპ გამორიცხავს ინფლაციის და ვალუტის კურსის ცვლილების გავლენას და მხოლოდ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების რეალური ღირებულების ცვლილებას აღწერს. ქვეყნის ეკონომიკის საზომი სწორედ ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ლარში გამოხატული ღირებულებაა და არა დოლარში გადაანგარიშებული მშპ. 2012 წლის შემდეგ დოლარში გამოხატული მშპ ლარის კურსის გაუფასურების, და არა ქვეყნის ეკონომიკის შემცირების, გამო შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს საქართველოს მშპ მუდმივ ფასებში 23.6 მილიარდი ლარი იყო, 2015 წელს კი 26.2 მილიარდი, რაც 2.6 მილიარდიანი ზრდაა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში 2015 წელს 2012 წელთან შედარებით 2.6 მილიარდი ლარით მეტი ღირებულების (11%-ით მეტი) პროდუქცია იქნა წარმოებული.

სხვა საკითხია, რომ ბოლო სამ წელში (ხელისუფლების ცვლილების შემდეგ) საქართველოს ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა. კრიზისული წლების (2008-2009) შემდეგ, 2010-2012 წლებში საქართველოს  ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა, 2013-2015 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 3.6%-ია. ეკონომიკის 3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი 2016 წელს. 6.6%-იანი ზრდის პირობებში საქართველოს ეკონომიკა 11 წელიწადში გაორმაგდებოდა, 3%-იანი ზრდით კი ჩვენი ეკონომიკის გაორმაგებას 24 წელი დასჭირდება.

გრაფიკი 2:

 ეკონომიკის (მშპ-ის) ზრდის ტემპი, %

image002 წყარო: საქსტატი  

დასკვნა "

ნაციონალური მოძრაობის" მონაცემები, იმის შესახებ, რომ 2013-2015 წლებში საქართველოს მშპ დოლარში 2 მილიარდამდე შემცირდა, სიმართლეა. თუმცა, ეკონომიკის სიდიდის შესადარებლად ამ კრიტერიუმის გამოყენება არასწორია. დოლარში საქართველოს მშპ-ის შემცირება ლარის გაუფასურებამ გამოიწვია და არა იმან, რომ ახლა უფრო ნაკლები მოცულობის პროდუქცია იწარმოება, ვიდრე 2012 წელს. ქვეყნის ეკონომიკის სიდიდე კი სწორედ წარმოებული პროდუქციის მოცულობაა.

საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, რომ მიუხედავად ლარის გაუფასურების და დოლარში მშპ-ის შემცირებისა, ლარში გამოხატული ქვეყნის რეალური მშპ გაზრდილია. 2013 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირიდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად ეკონომიკაა შემცირებული.

შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი