ახალციხის მერიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე

ახალციხის ქუჩებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გელვასი გელაძის განცხადებით, ახალციხეში, 9 ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

28 ივლისს, ჩვენ ყველა დასახლებული ქუჩა შემოვიარეთ. ამ დღის მდგომარეობით, ანდრია პირველწოდებულის

ქუჩაზე ასფალტის ორივე ფენა იყო დაგებული. სამუშაოები ყაზბეგის ქუჩაზე დასრულებული იყო. ათონელის ქუჩაზე დასრულდა ასფალტის პირველი ფენის დაგება, მეორე კი არ დაწყებულა. ხმალაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დასრულებული იყო, 100 მეტრი ქუჩის ბოლოს იყო დარჩენილი, რომელსაც ამ ეტაპზე არ აკეთებენ. გზის გარეშე ორი ოჯახი რჩება.

ახალციხელის ქუჩაზე მოხრეშილი იყო შიდა გზები, ასფალტის დაგება ჯერ არ იყო დაწყებული. ასფალტის საფარის დაგება ასევე არ იყო დაწყებული ერევნის ქუჩაზე, წინა მოსამზადებელი სამუშაოები აქაც დასრულებული იყო. გორის ქუჩაზე დაწყებული იყო ასფალტის დაგება. მესხეთის ქუჩაზე სანიაღვრე არხებისა და ერთი მხრის ბორდიურის გაკეთება ნამდვილად დასრულებული იყო, სანიაღვრე არხი კი კეთდებოდა. მებაღიშვილის

ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოები ნამდვილად დასრულებული იყო.

ფაქტ-მეტრი დასახლებების მცხოვრებლებსაც ესაუბრა. ხმალაძის ქუჩაზე მცხოვრები ლელა ზედგინიძე ამბობს, რომ მათ ქუჩაზე დარჩენილი 100 მეტრიანი მონაკვეთი პრობლემებს შეუქმნით: „ორი ოჯახი ვართ დარჩენილი და მაგიტომ არ გვიკეთებენ, თორემ, მერიისთვის რა გახდა 100 მეტრი?! ნახეთ რა გზაა, ძლივს მივდივართ სახლამდე“.

ხმალაძის ქუჩის პრობლემის გასარკვევად ფაქტ-მეტრი ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს გელვასი გელაძეს დაუკავშირდა.

„ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება, ვეცდებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გავაკეთოთ, თუ ფული გამოჩნდება. ეს ცენტრალური ბიუჯეტიდან კეთდება და ეს კონკრეტული 100 მეტრი არ იყო პროექტში. მანდ არ იყო გზა, 21 ათასი ლარი დასჭირდება, ეგ რომ გავაკეთოთ,“ – განაცხადა გელაძემ.

ახალციხის მერის გიორგი კოპაძის განცხადებით, ხმალაძის ქუჩის ბოლოში ხიდის პრობლემაა: „ამ საკითხზე ვმუშაობთ. როგორც კი ეს პროექტები დასრულდება, დანაზოგებით ამასაც გავაკეთებთ“.

ფაქტ-მეტრმა ხმალაძის ქუჩის შესახებ დამატებითი დეტალები სატენდერო დოკუმენტაციაში მოიძია.

ათონელის და ხმალაძის ქუჩების გზის მოასფალტებისთვის ახალციხის მერიას ტენდერი  2016 წლის 2 თებერვალს აქვს გამოცხადებული. სავარაუდო ღირებულებით – 367 242 ლარი. ტენდერი, ამავე ოდენობის თანხით, შპს „არალმა“ მოიგო. მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2016

წლის 28 აპრილს გააფორმა. სამუშაოები 26 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ხმალაძის ქუჩაზე შეკეთებას გზის 590 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება. შპს „არალის“ დირექტორის ოთარ თათეშვილის განცხადებით, ხმალაძის ქუჩის ბოლოში გზის მცირე მონაკვეთის შეკეთება პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა: „ფიზიკურად ვერ გაკეთდება მანდ გზა. იყო სურვილი, რაც შეიძლება მეტზე გადავსულიყავით, მაგრამ ტექნიკა ვერ გადაგვყავს. გაკეთება დიდ ხარჯებს უკავშირდება. რაც პროექტითაა გათვალისწინებული, ყველაფერი კეთდება“.

ფაქტ-მეტრმა დანარჩენი ქუჩების სატენდერო დოკუმენტაციაც გადაამოწმა. ცხრა ქუჩის კეთილმოწყობისთვის მერიამ ექვსი ტენდერი 2016 წლის თებერვალში გამოაცხადა. ექვსივე შემთხვევაში ხელშეკრულებები მარტ-აპრილშია გაფორმებული და სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა სექტემბერია (ისევე, როგორც არაერთ სხვა ქალაქსა და რეგიონში). სულ ბოლოს, სამუშაო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 26 სექტემბერს უნდა დასრულდეს. სამუშაოებს სამი სხვადასხვა კომპანია ახორციელებს. სამუშაოების ჯამური თანხა 3.3 მილიონი ლარია.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ დასახლებულ ცხრავე ქუჩაზე სამუშაოები ნამდვილად მიმდინარეობს. მაგრამ, მესხეთის ქუჩაზე ყველა სანიაღვრე არხის მოწყობა ჯერ დასრულებული არ არის, როგორც ამას განცხადებაში ვკითხულობთ. გარდა ამისა, ხმალაძის ქუჩა ფაქტობრივად ბოლომდე ვერ სრულდება. მართალია, ამას გელაძე განცხადებაში არ ახსენებს და რაც პროექტშია გათვალისწინებული ნამდვილად კეთდება, თუმცა, საყურადღებოა, რომ ორი ოჯახი გზის გარეშე  რჩება.

შესაბამისად, ახალციხის მერიის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი