„გიხაროდენ“, „მზეს ველოდები“, „ჰიმნი თავისუფლებას“, „მიშა მაგარია“ ან „სისტემა უნდა დაინგრეს“, – ეს ის სიმღერებია, რომლებიც 1990-იანი წლების ბოლოდან დღემდე სხვადასხვა დროს ჩატარებულ არჩევნებს გვახსენებს და, პრინციპში, მთელ პროცესს, როგორ ტარდებოდა კონკრეტული არჩევნები. წლების განმავლობაში მოქმედი ხელისუფლებისა და ამის საპირწონედ მისი მთავარი ოპონენტისთვის ნამღერი თუ მიძღვნილი სიმღერები ქართული წინასაარჩევნო პროცესის მთავარ ნიშნად იქცა.

2012 წელს მაშინდელი მმართველი ძალისთვის არავის უმღერია, სამაგიეროდ, მაშინდელ მთავარ ოპოზიციას ოპოზიციის ლიდერის შვილი უმღეროდა. წლევანდელი საარჩევნო პროცესი კი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხანგრძლივი საარჩევნო პროცესია საქართველოს ისტორიაში, ჯერჯერობით ასეთი სიმღერების გარეშე მიმდინარეობს.

სიმღერა არც არის აუცილებელი წინასაარჩევნო პროცესის ჩასატარებლად. აქ მთავარი ამომრჩევლამდე პოლიტიკური ძალის სათქმელის მიტანაა. ეს კი, როგორ და რა ფორმით ხდება, უკვე ტექნოლოგიებსა და პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობის გრძნობაზეა დამოკიდებული.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტი რჩება და ახლა საარჩევნო კამპანია უკვე პიკს უნდა აღწევდეს, მით უმეტეს, რომ ეს პროცესი 4-6 თვით ადრე დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა ჯერ არჩევნების კონკრეტული თარიღი გამოაცხადა და შემდეგ ოფიციალურად დანიშნა. ამიტომაც საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, განსაკუთრებით კი რეგიონებში, რადგან აქ საარჩევნო კამპანიას ადგილობრივი პრობლემები და, რაც მთავარია, რეგიონისთვის დამახასიათებელი თავისებურებები ემატება.

იმერეთი

„ოცნების“ მხრიდან იმერეთში ყველაზე მეტად ჯერჯერობით ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი და ვანი-ხონის გაერთიანებული ოლქის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი აქტიურობენ. ჯერჯერობით ქუთაისში ამომრჩევლებთან არ გამოჩენილა „ოცნების“ კიდევ ორი კანდიდატი (ქუთაისში 3 ოლქია) – დიმიტრი მხეიძე და გენადი მარგველაშვილი. მართალია, მათ საარჩევნო შტაბებში აცხადებენ, რომ კანდიდატები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას, მაგრამ მედიის საშუალებით მათი აქტიურობა არ შეინიშნება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საარჩევნო კამპანია დაგეგმილად და წინასწარ გათვლილად მიმდინარეობს მთელ იმერეთში. ქუთაისის სამივე ოლქში პარტიამ მოქმედი პარლამენტარები – გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე და გიორგი თევდორაძე წარადგინა. მათ უკვე აქვთ საარჩევნო ბუკლეტები და უბნების მიხედვით ხვდებიან მოსახლეობას. მათ მხარდასაჭერად ცოტა ხნის წინ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ათეული ჩამოვიდა და საინფორმაციო მიტინგი გაიმართა.

„პატრიოტთა ალიანსიდან“ იმერეთში ამ დრომდე მხოლოდ ერთი კანდიდატი, ნინო ონიანი, აქტიურობს. ის პირველი იყო, ვინც ჟურნალისტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ასევე, აქტიურები არიან ქალი კანდიდატები ზესტაფონსა და ჭიათურაში. ზესტაფონში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი იყრის კენჭს, ხოლო ჭიათურაში – ფორუმელი ანი მიროტაძე.

აქტიურობით რეგიონში მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე გამოირჩევა. ის თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ ოლქში იყრის კენჭს და თითქმის ყოველდღე ექცევა მედიის ყურადღების ქვეშ. კახიძე ხშირად ხვდება მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს.

„თავისუფალ დემოკრატებსაც“ თითქმის ყველა ოლქში ჰყავთ კანდიდატი. თუმცა, მათი აქტიურობა ამ დრომდე არ შეინიშნება. პარტიის ქუთაისის ოფისში ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი დაგეგმეს, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა. წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას ელოდებოდნენ და ის ქუთაისში არ ჩამოვიდა. მიზეზები უცნობია.

შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კამპანია არ დაუწყიათ კოალიცია „ახალი არჩევანის“ შტაბებს. მეტიც, ამ დრომდე ცნობილი არ არის მათი კანდიდატები. როგორც პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ოფისში განაცხადეს, იმის გამო, რომ ახლახან გაერთიანდა რამდენიმე პარტია, ვერ მოასწრეს ერთობლივი კანდიდატების წარდგენა. თუმცა, მათი თქმით, შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ყველაზე პასიური ქუთაისში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაა“. პარტიას არა თუ მაჟორიტარობის კანდიდატები არ წარუდგენია, არამედ მათი ლიდერი და წარმოშობით ქუთაისელი ნინო ბურჯანაძე ამ დრომდეც კი არ ჩამოსულა ქუთაისში.

აჭარა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში ჯერ არ აქვთ სააგიტაციო მასალები. შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია დაწყებულია და ყველა ოლქში ჰყავთ აგიტატორები. ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილად განვლილი 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს მიიჩნევს. ამბობს, რომ მოსახლეობას არ ჰპირდებიან, რომ არჩევის შემთხვევაში რამეს შეუსრულებენ, ისინი მხოლოდ იმას მიიღებენ, რაც კანონის მიხედვით ერგებათ.

თვის ბოლოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ელოდებიან, რომელმაც მომავალი 4 წლის გასაკეთებელზე უნდა ისაუბროს. „ოცნების შტაბში“, ასევე, გვითხრეს, რომ ბათუმელი ამომრჩევლის პრობლემები იდენტიფიცირებული აქვთ, თუმცა რა იყო ეს პრობლემები – არ გაგვიმხილეს, რადგან, მათი თქმით, ეს შიდა მოხმარებისთვის საჭირო ინფორმაციაა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო კამპანია ერთი თვეა დაწყებულია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კარდაკარ დადიან ამომრჩეველთან შესახვედრად. აქვთ ბუკლეტები, მთავარი გზავნილია – „ახალი ენერგიით აჭარის წინსვლისკენ“, „მეტი უფლებამოსილება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას“. სექტემბრის დასაწყისში ელოდებიან პროგრამას.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ბათუმის ოფისში აცხადებენ, რომ პარტია პასიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ამ ეტაპზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევით და საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებით არის დაკავებული. ოფისში გვითხრეს, რომ ფლაერები და სააგიტაციო მასალები დაბეჭდილი აქვთ, ოღონდ აჭარაში ჯერ არ ჩამოუტანიათ.

საარჩევნო კამპანია აჭარაში, ასევე, არ დაუწყია ბლოკს „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, რადგან ბლოკის ლიდერები ჯერ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე, სიებსა და ოფისზე არ შეთანხმებულან. კანდიდატების შესარჩევად კი პრაიმერისის ჩატარებას გეგმავენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ შტაბში აცხადებენ, რომ აჭარაში საარჩევნო კამპანია და მოსახლეობასთან შეხვედრები ერთი თვის წინ დაიწყო. მაჟორიტარების ვინაობა ჯერ უცნობია, საარჩევნო სიის წარდგენას 8 სექტემბერს აპირებენ. უკვე დაბეჭდილი აქვთ სააგიტაციო მასალები და იციან ძირითადი გზავნილები, რაც აჭარის ამომრჩეველს უნდა შესთავაზონ: პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა, მიწის რეფორმის დაჩქარება, ოცნების ქალაქში მცხოვრებთა პრობლემების მოგვარება, სოციალური სახლების მშენებლობა, უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევა. გეგმავენ ცვლილებებს აჭარის კონსტიტუციაში, ადგილობრივ დონეზე უფლებამოსილებების გაზრდის მიზნით.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ მაჟორიტარების სრული შემადგენლობა ჯერ არ იციან და ამ ეტაპზე არც სააგიტაციო მასალები აქვთ. მათი მთავარი გზავნილია – „გავთავისუფლდეთ“. წერენ პროგრამას, რომლის ძირითადი მიმართულება ეკონომიკურია. ბათუმში ცალკეული უბნების ძირითადი პრობლემები იდენტიფიცირებული აქვთ. მაგალითად, ძველ ბათუმში, მათი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის პრობლემა დგას, თამარის დასახლებაში ბიზნესმენებმა და ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო წაართვა.

პარტია „ემსახურე საქართველოს“ (მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე) ამ ეტაპზე ოფისიც არ აქვს. როგორც მურმან დუმბაძემ გვითხრა, პარტიის რეგისტრაციის პროცედურა ტექნიკურად რთული აღმოჩნდა და მას წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია.

„ეროვნულმა ფორუმმა“ საარჩევნო კამპანია 19 აგვისტოს მაჟორიტარების წარდგენით დაიწყო. მას შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებით დაკომპლექტება და მათი გადამზადება მიმდინარეობს. საარჩევნო ბუკლეტები და ფლაერები ჯერ არ დაუბეჭდავთ. ადგილობრივი ამომრჩევლის ძირითადი პრობლემები ჯერჯერობით არ აქვთ იდენტიფიცირებული.

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ირაკლი ალასანიამ წარადგინა და ამით აჭარაში საარჩევნო კამპანია დაიწყო. მათი ძირითადი საერთო ეროვნული გზავნილია ეკონომიკური წინსვლა, ადგილობრივი კი – მიწების დაკანონება. სააგიტაციო მასალები და ფლაერები დაბეჭდილი აქვთ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი დაკეტილი იყო, მათ წარმომადგენელს კი ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

სამეგრელო

სამეგრელოში „ქართული ოცნების“ სამეგრელოს მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად 25 აგვისტოდან დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას. მანამდე კი მოსახლეობას წალენჯიხა-ჩხოროწყუსა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატები სხვადასხვა უბნებში შეხვდნენ და პარტიის მიღწევებსა და დაპირებებზე ესაუბრნენ.

ამ დროისთვის აქტიური წინასაარჩევნო კამპანიით სამეგრელოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ გამოირჩევიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად 19 აგვისტოს სოფელ კორცხელში სანდრა რულოვსი დასახელდა. სწორედ ამ დროიდან დაიწო მან მოსახლეობასთან შეხვედრები და დღემდე აგრძელებს.

ასევე, აქტიური კამპანიით გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ ქალაქ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ბასილაია. ის კარდაკარ დადის და მოქალაქეებს ხვდება. საარჩევნო კამპანიის დასასრულს კი გეგმავს ლოკალურ დონეზე შეხვედრების მოწყობას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარად რამდენიმე დღის წინ ლევან ქარდავა დაასახელა. რაც შეეხება სამეგრელოს სხვა ოლქებს, კანდიდატები ჯერ არ დასახელებულან, მათ შორის არც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი.

რაც შეეხება „ალასანია – თავისუფალ დემოკრატებს“, ამ ეტაპზე განსაკუთრებული აქტიური და მრავალფეროვანი კამპანიით გამოირჩევა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც კარდაკარ დადის და მოსახლეობას ხვდება, აცნობს პარტიის საარჩევნო პროგრამას. ასევე, ივლისიდან დაახლოებით 5 სხვადასხვა უბანში გამართა შეხვედრები მოსახლეობასთან. აქტიური კომუნიკაცია აქვს სოციალური მედიის მეშვეობით ამომრჩეველთან.

„რესპუბლიკური პარტიიდან“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თოდუაც მოსახლეობას კარდაკარ ხვდება და უბნის შეხვედრებს მართავს; ასევე, ქალაქ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ლულუ ებრალიძე. სხვა კანდიდატები ჯერ არ დასახელებულან და არ არის ცნობილი, ეყოლება თუ არა „რესპუბლიკურ პარტიას“ მაჟორიტარი კანდიდატი სამეგრელოს სხვა ოლქებში.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ამ დრომდე სამეგრელოში მათგან არანაირი აქტივობა არ შეინიშნება.

კახეთი

„ქართული ოცნების“ თელავი-ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა საარჩევნო კამპანია „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან შეხვედრებით დაიწყო და აქტიურად განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. მათ მზად აქვთ პარტიის საარჩევნო პროგრამა და სარეკლამო მასალები, რომელთა დარიგებასაც სექტემბრის დასაწყისში კარდაკარ სიარულით აპირებენ. ირაკლი სესიაშვილი აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს.

„ოცნების“ კიდევ ერთმა კანდიდატმა გელა სამხარაულმა კი შეხვედრები მშობლიური სოფლიდან – იყალთოდან დაიწყო, იყო „თუშეთობის“ დღესასწაულზე და შეხვდა ახმეტის მცხოვრებლებს – იგი ახმეტა-თელავის საარჩევნო ოლქშია წარდგენილი.

ყველაზე ადრე საარჩევნო კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ თელავი-ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა დაიწყო. ბოტკოველმა ახალგაზრდების ჩართულობით რამდენიმე პიარკამპანიაც მოაწყო: დაასუფთავეს გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია, 8 აგვისტოს თელავის ქუჩებში დაარიგეს ყაყაჩოები, მოაწყვეს ველოსიპედებით სვლა ყვარლის ტბაზე და ესტუმრნენ მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლს, სადაც პარტიის სტრატეგიასა და საარჩევნო საკითხებზე ისაუბრეს. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დაბეჭდილი აქვს სარეკლამო ბუკლეტები და აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს.

სხვა პარტიების კანდიდატებს თელავში კამპანია, პრაქტიკულად, ჯერ არ დაუწყიათ.

ქვემო ქართლი

„ქართულმა ოცნებამ“ ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები 3 აგვისტოს წარადგინა. როგორც პარტიის მარნეულის ოფისში გვითხრეს, ამომრჩეველთან შეხვედრა 17 აგვისტოს დაიწყეს, თუმცა, წინასაარჩევნო ბროშურები ჯერ არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია „ოცნების“ ოფისში მყოფმა მარნეულის გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ მაშანეიშვილმა მოგვაწოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ მალე საჯარო მოხელის სტატუსს შეიჩერებს და ოფიციალურად მარნეულის „ქართული ოცნების“ შტაბის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჩაუდგება სათავეში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები ორივე მაჟორიტარულ ოლქში 12 ივნისს დასახელდა. როგორც ცნობილი გახდა, ახმედ იმამყულიევი – #35 ოლქში, ხოლო აზერ სულეიმანოვი #36 ოლქში იბრძოლებენ. საარჩევნო კამპანია ახმედ იმამყულიევმა უკვე დაიწყო. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, საკუთარ ოლქში შემავალი ამომრჩევლების უმეტესობას უკვე შეხვდა, ესაუბრა, მათი პრობლემები მოისმინა და უფრო აქტიურად აპირებს წინასაარჩევნო აგიტაციის წარმართვას. ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე შტაბში წინასაარჩევნო ბუკლეტებიც გვაჩვენეს და გვითხრეს, რომ მათ ადგილობრივ მოსახლეობაში ავრცელებენ.

ზემოხსენებული პარტიების გარდა, მარნეულში კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აქვს ადგილობრივი ოფისი: ახალშექმნილ ბლოკს „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, „თავისუფალ დემოკრატებს“, პარტია „ჩვენს სამშობლოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბლოკს. ეს ძალები რაიონში მეტ-ნაკლებად აქტიურობენ, თუმცა, მაჟორიტარობის კანდიდატი ყველას არ ჰყავს წარდგენილი.

შიდა ქართლი

სააგიტაციო მასალების დარიგებასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს მმართველი გუნდის მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა გორის თემსა და ქალაქში. ქარელსა და ხაშურში პრემიერ-მინისტრმა კანდიდატები უკვე მეორედ წარადგინა, თუმცა აქტიური საარჩევნო კამპანია მათი მხრიდან ჯერ ისევ არ შეინიშნება.

რაც შეეხება გორის მაჟორიტარობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ იოსებ მაკრახიძეს, რომლის სკანდალური საქმიანობის შესახებაც „ფაქტ-მეტრმა“ ექსკლუზიური მასალები გამოაქვეყნა, მაინც მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ნდობას იმსახურებს და გამარჯვების იმედიც აქვს. პრემიერ-მინისტრმა ის 31 ივლისს დაასახელა კანდიდატად, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრები მხოლოდ 22 აგვისტოდან დაიწყო.

რეგიონის მასშტაბით ყველაზე ადრე მოსახლეობასთან შეხვედრები და სააგიტაციო მასალების დარიგება კი გორის თემში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა დაიწყო. მაისის დასაწყისიდან – ჯერ პარტიის ლიდერებთან ერთად, კანდიდატად წარდგენის შემდეგ კი მათ გარეშე სტუმრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 27 სოფლის 1800-ოჯახში იმყოფებოდა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას პირადად აცნობდა.

სააგიტაციო მასალის გავრცელების პარალელურად საარჩევნო კამპანია არ დაუწყია პოლიტიკურ გაერთიანება „ახალ საქართველოს“. მისი წარმომადგენლების განმარტებით, ეს პარტიების გაერთიანების ტექნიკურმა პროცესებმა შეაფერხა. შიდაპარტიული სამუშაოების შემდეგ გაერთიანების კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების დაწყება სექტემბრისთვის დააანონსა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც გორელებს თავი მაჟორიტარობის კანდიდატად 10 აგვისტოს წარუდგინა. თუმცა, ჯერჯერობით ამომრჩეველს მხოლოდ ეკრანიდან ესაუბრება. მისი თქმით, ადგილზე აქტიური კამპანიის დაწყება გარკვეულწილად ფინანსების მოძიებამ გააჭიანურა. მანამდე კი მისმა თანაგუნდელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა, რომელიც კენჭს კასპში იყრის და ამავე დროს ადგილობრივი საკრებულოს წევრია, გამოსავალი მოძებნა და მოსახლეობაში ჯერ ცხენით, შემდეგ კი ველოსიპედით გამოჩნდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აწარმოებს „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი ქარელში ალექსანდრე მსხალაძე, რომელიც ადგილობრივი პრობლემებით ინტერესდება. რაც შეეხება სააგიტაციო მასალებს, პარტიის წარმომადგენელთა თქმით, მოსახლეობაში ის უახლოეს დღეებში გავრცელდება.

აქტიური საარჩევნო კამპანია არ დაუწყია გორში თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, თუ არ ჩავთვლით წარდგენიდან რამდენიმე დღეში გამართულ დახურულ შეხვედრას ადგილობრივ ინტელიგენციასთან, რომელზე დასწრებაც შეზღუდული იყო, მათ შორის მედიისთვისაც.

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთს არჩევნების მოახლოება ჯერ არ ეტყობა. არც პლაკატები ჩანს სადმე და არც რომელიმე პარტიის სხვა სიმბოლიკა. მაჟორიტარობის ამ დრომდე დასახელებული 13 კანდიდატიდან, საარჩევნო ფერხულში ყველაზე აქტიურად სამი პარტიის კანდიდატები ჩაერთვნენ – „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“. ყველა მათგანის კამპანია თვისობრივად განსხვავებულია.

24 აგვისტომდე მდგომარეობით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ხალხთან ჯერ მხოლოდ პარტიის თავმჯდომარესთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ჩნდებიან. კვირიკაშვილმა 7 აგვისტოს სამივე კანდიდატი ჯერ ახალციხეში მთელი რეგიონიდან მობილიზებულ ხალხს წარუდგინა, 22 აგვისტოს კი მხარეს კიდევ ერთხელ ესტუმრა და ამჯერად კანდიდატები თავიანთ ოლქებში შემავალ მუნიციპალიტეტებში კიდევ ერთხელ წარადგინა.

„ვიქნები თითოეული თქვენგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის“, – უთხრა ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარული ოლქის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ადიგენში შეკრებილ ადგილობრივებს.

ამ შეხვედრაზე მუსლიმი თემის წარმომადგენლებიც იყვნენ. ისინი, ვის წინააღმდეგაც, ჯერ კიდევ პოლიტიკაში არმოსული გიორგი კოპაძე, 2013 წელს, საპროტესტო აქციებს მართავდა (საუბარია ადიგენში, ჭელის მინარეთის მოჭრის შემდეგ ქრისტიანების აქციებზე. მაშინ ქრისტიანები მინარეთის ჭელაში დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდნენ და მუსლიმებს ლანძღავდნენ. ამ აქციების ორგანიზატორი გიორგი კოპაძე იყო. ის მაშინ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში მუშაობდა).

ამ შეხვედრების გარდა, 24 აგვისტომდე (იმ დრომდე, როცა სტატია მომზადდა) „ქართული ოცნების“ კანდიდატებს რაიმე აქტივობები არ განუხორციელებიათ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო აქტიურობა ყველაზე ადრე, წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებისთანავე დაიწყო. პარტიის სამივე კანდიდატი თავის საარჩევნო ოლქში სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადის და ამომრჩევლებს ხვდება.

„ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხის მოსახლეობასთან უნდა დავიწყო შეხვედრები. ოლქი მთლიანად შემოვიარე. ჩვენი გეგმების შესახებ ყველას ვუთხარი და წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელებას ბოლომდე ასე ვაპირებ“, – ამბობს ახალციხე-ადიგენის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი.

წინასაარჩევნო აქტიურობის მსგავსად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამცხე-ჯავახეთში კანდიდატებიც პირველმა წარადგინა – წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მესამე დღეს, 11 ივნისს.

ყველაზე განსხვავებული „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაა. პარტიის ახალციხე-ადიგენის ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა, გოდერძი კუბლაშვილმა, ბოლო ერთ კვირაში უკვე მოასწრო ორი ბრიფინგის გამართვა – 19 და 23 აგვისტოს. მესამე 25 აგვისტოს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ გადადო. კანდიდატი ბრიფინგებს საარჩევნო მედიაცენტრებში მართავს, რომელიც ახალციხეში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშია გახსნილი. პირველ ბრიფინგზე კუბლაშვილმა საზოგადოებას თავისი ოჯახი გააცნო, მეუღლე და სამი შვილი და ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება დაიცვას.

ბრიფინგების გარდა, გოდერძი კუბლაშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრებიც დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში შვილები ეხმარებიან. სამი შვილი, სამი პლაკატით, მამის უკან დგას, მაშინ, როცა მამა რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრება. პლაკატებზე შემდეგი შინაარსის წარწერებია: „საარჩევნო პროგრამა: ღირსება, ქრისტესმიერი სიყვარული, უკადრებლის არკადრება“; ან კიდევ: „არჩევნების შედეგები: პატრიოტთა ალიანსი-ნაცქოცეთი – 101-1, ალიანსის სასარგებლოდ“.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დაახლოებით ერთ კვირაში აპირებს ამომრჩეველთან შეხვედრებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ჯერ არდასახელებული კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილი: „ახლა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ვარჩევთ, როგორც კი ამ პროცედურებს დავასრულებთ, უკვე დავიწყებ მოსახლეობასთან შეხვედრას“.

ახალციხე-ადიგენში წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია დამოუკიდებელ კანდიდატს ნუგზარ პარუნაშვილს. იგი საარჩევნო ნომრის მინიჭებას ელოდება.

„საოლქოში გვითხრეს, რომ ნომერი 8 სექტემბრამდე გვექნება, შემდეგ დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას“, – გვითხრა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის წევრმა ნანა გელაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურობა არც ამ კუთხით იგრძნობა. ახალციხეში ცხრა პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა, ამდენი პარტიის არსებობა ქალაქს ნაკლებად ეტყობა. ახალციხეში ჯერ არსად ჩანს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პლაკატი ან რაიმე საარჩევნო შეკრება.

„ჯერ დრო გვაქვს“, – ამბობენ პარტიების ადგილობრივ შტაბებში.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი