აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, "2012 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპორტული კომპლექსის ასაშენებლად 3 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 2013 წელს, როცა საკრებულოში ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ, მშენებლობა დაიწყო, მაგრამ დღეს შენობა არ გვაქვს" - განაცხადა

ვარშალომიძემ.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის თანხა პირველად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2012 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" დროს გამოიყო. პროექტი 5 000 კვ.მ ფართობზე განთავსებულ თანამედროვე სტანდარტების ორნაწილიანი შენობის მშენებლობას ითვალისწინებდა,

რომლის ერთ ნაწილში სათამაშო მოედანი და 600 მაყურებელზე განსაზღვრული ტრიბუნა უნდა გაკეთებულიყო. კომპლექსის მეორე ნახევარი კი ოთხსართულიანი შენობა უნდა ყოფილიყო, რომელშიც მცირე ზომის სააქტო და სპორტული დარბაზები, ადმინისტრაცია, საშხაპეები, გასახდელები და სველი წერტილები მოეწყობოდა.

ყოფილმა ხელისუფლებამ სპორტული კომპლექსის პროექტში კომპანია "სენსონს" 25 900 ლარი გადაუხადა, მოგვიანებით კი მშენებლობის პირველი ეტაპისთვის ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოებისთვის 3 მილიონ 55 ათასი ლარი 2013 წლის ბიუჯეტშიც განისაზღვრა. მაშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა. როგორც გამგეობაში გვითხრეს, მოგვიანებით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულებაში სიძვირის გამო ცვლილებები შევიდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ცეცხლაძემ ფაქტ-მეტრთან განაცხადა, რომ კომპანია "სენსონმა" პროექტის თავდაპირველი ღირებულება - 4.7 მლნ ლარი, წინა ხელისუფლების დაჟინებული თხოვნით შეამცირა. ქობულეთის გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის

მიხედვით, პროექტის ჯამური ღირებულება 2.98 მლნ ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება "სენსონს", მისმა მენეჯერმა ფაქტ-მერტთან სატელეფონო საუბრისას განაცხდა, რომ საკითხის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომელიმე კომპეტენტური პირის საკონტაქტო ინფორმაცია მოეცა, თუმცა უარი მივიღეთ. შესაბამისად, ინფორმაციის გადამოწმება  - მართლაც მოსთხოვა თუ არა "ენმ"-ის ხელისუფლებამ "სენსონს" პროექტის ღირებულების მაქსიმალურად შემცირება, ვერ მოხერხდა.

სამშენებლო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტენდერის საფუძველზე გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანია "ქეთურინასთან" ხელშეკრულება

გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები თვრამეტ თვეში უნდა დასრულებულიყო. რაც შეეხება ღირებულებას, "ქეთურინამ" სამუშაოს შესრულება 2 მილიონ 648 ათას ლარად ითავა.

ირაკლი ცეცხლაძე ამბობს, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და კონტრაქტის გაწყვეტა თვითონვე მოითხოვა, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ ფასად კომპლექსის მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელი იყო. სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს შეწყდა.

გამგეობაში პასუხისმგებლობას მშენებელ კომპანიას აკისრებენ. მათი თქმით, პროექტში სახურავისა და საძირკვლის გაკეთება ხარვეზებით იყო დაგეგმილი. პროექტი ასევე სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს, სავენტილაციო და გათბობის სისტემებს არ ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხარვეზიანი პროექტის განხორციელება მაინც დაიწყო. ფაქტ-მეტრმა სცადა, გაერკვია, "ქეთურინამ" რეალური ღირებულების თითქმის განახევრების შემდეგ სამუშაოების შესრულება რატომ ითავა. კომპანიის წარმომადგენელი როინ აბუსელიძე ჯერ შეხვედრაზე დაგვთანხმდა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.

გამგეობის წარმომადგენლები ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხარვეზიანი პროექტი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე დაამტკიცეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "ქეთურინას" წარმომადგენელმა როინ აბუსელიძემ მშენებლობის შეჩერებაზე პასუხსიგმებლობა ქობულეთის გამგეობას დააკისრა. მისი თქმით, გამგეობამ კომპანიას რეპუტაცია განზრახ შეულახა, რამაც საბანკო სექტორიდან კრედიტების მიღებას პრობლემა შეუქმნა. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზების გამო, მათ 2014 წელს მშენებლობის შეჩერება მოუხდათ. 2015 წლის 14 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ანულირებულად

გამოცხადდა (გაწყვეტილ ხელშეკრულებაში მეორე მხარეს შპს "გზა XXI" წარმოადგენს - ეს სახელი შპს "ქეთურინას" რებრენდინგის შემდეგ ეწოდა).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიციით, კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვა სამუშაოების დაწყებიდან ცხრა თვის შემდეგ მიიღო. მშენებლობა კომპანიამ, გამგეობის თანხმობით, ნებართვის აღებამდე დაიწყო და ამ კანონდარღვევისთვის ჯარიმა (2 000 ლარი) გამგეობამ  გადაიხადა. კომპანია რომ არ დაზარალებულიყო, მშენებლობის  დასაწყისად სამინისტროსგან ებართვის მიღების თარიღი ჩაუთვალა და ამით ვადა გაუგრძელა. მიუხედავად ამისა, კონტრაქტორი კომპანია ვადებში ვერ ჩაეტია.

როგორც ჩანს, ტენდერში მონაწილეობის დროს კომპანიას სხვა მოლოდინი ჰქონდა და დაკორექტირებული პროექტის განხორციელებას დათანხმდა, მაგრამ ამ ნაბიჯმა მას სამომავლოდ პრობლემები მართლაც შეუქმნა - 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, შპს "გზა XXI" სააგენტოს "შავ სიაში" ორჯერ მოხვდა.

ფაქტ-მეტრთან სატელეფონო საუბარში როინ აბუსელიძემ კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა დაადასტურა, მაგრამ სხვა საკითხების კომენტირებაზე უარი თქვა.

მშენებლობის შეჩერებისა და პროექტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ელგუჯა ბაგრატიონს ვესაუბრეთ, რომელიც იმ დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება ცდილობს, მშენებლობის შეჩერებაში მთლიანად ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულოს. ელგუჯა ბაგრატიონი ადასტურებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით პროექტის განხორციელება მართლაც უფრო მეტი ჯდება, მაგრამ ღირებულების მატებას ვალუტის კურსის ცვლილებითა და საბაზრო ფასების გაზრდით ხსნის. რაც შეეხება ხარვეზებს, მისი აზრით, თუ პროექტში ხარვეზები არსებობდა, ეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მაშინვე უნდა ეთქვა, სანამ მშენებლობას დაიწყებდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სპორტკომპლექსისთვის განკუთვნილი თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან საერთოდ ამოიღო და სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე გახარჯა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთის ახალმა ხელისუფლებამ პროექტი ექსპერტიზის ბიუროში დაგვიანებით, მხოლოდ 2016 წლის 6 მაისს გაგზავნა. ირაკლი ცეცხლაძის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ შესწორებული პროექტი დადებითად შეაფასა. კომპანია "სენსონმა", ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული დასკვნის შესაბამისად, პროექტში აუცილებელი შესწორებები შეიტანა და პროექტის ღირებულება კვლავ 4.7 მლნ ლარით განისაზღვრა. მშენებლობა მთლიანად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ის მომდევნო წელს დაიწყება, მაგრამ როდის შევა შენობა ექსპლუატაციაში, ამაზე გამგეობას კონკრეტული პასუხი არ აქვს.

დასკვნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მცირე ბიუჯეტის და პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით  შეწყვიტა. მოქმედი ხელისუფლების პოზიციის თანახმად, პროექტის მიხედვით განსაზღვრული მშენებლობის თავდაპირველი ღირებულება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროს  შემცირდა, რაც საბოლოოდ სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი გახდა. ახალმა ხელისუფლებამ კი, პროექტი ექსპერტიზის ბიუროში დაგვიანებით, მხოლოდ 2016 წლის 6 მაისს გაგზავნა. გამგეობის ინფორმაცით, ბიურომ შესწორებული პროექტი დადებითად შეაფასა და მომავალი წლის ბიუჯეტში კომპლექსის მშენებლობისთვის 4.7 მლნ ლარი უნდა ჩაიდოს.

კომპლექსის მშენებლობის ხელისშემშლელმა ფაქტორებმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იჩინა თავი და ეს ვითარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ვარშალომიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი