"რუსთავი 2"-ის ეთერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, სოციალურად დაუცველთა შესახებ საუბრისას განაცხადა,

რომ „ბოლო წლებში აჭარაში სოციალური დახმარება 2 800-ზე მეტ ბენეფიციარს მოუხსნეს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2015

წლის 1 მაისიდან სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭებისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულების გრადაცია მოხდა. ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა 30 000-ს არ აღემატება, 60 ლარს იღებს. ქულების მატებასთან ერთად თანხის რაოდენობა მცირდება, მინიმალური შემწეობა 30 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 000-ს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს იღებს. მიზნობრივი სოციალური დახმარების წინა მეთოდოლოგიაში ბავშვზე დანამატი გათვალისწინებული არ იყო. კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ ფულად დახმარებას ვერ იღებდნენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 57 000-ს აღემატებოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე არ გამორიცხავს, რომ სტატუსშეჩერებულთა შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შემწეობა ეკუთვნით, მაგრამ ახალი მეთოდოლოგიით, საჭირო ქულები ვერ მიიღეს, თუმცა ცდომილება 10-15%-ზე მეტი არ არის. სოციალური დაცვის სააგენტო ამ ეტაპზე ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს. რაც შეეხება ლევან ვარშალომიძის განცხადებას, თემურ ქარცივაძე აზუსტებს, რომ ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება ეტაპობრივად მიმდინარეობს. „სტატუსი არ უქმდება, ის შეჩერებულია შემოწმების დასრულებამდე. მხოლოდ ამის შემდეგ პროგრამულად კეთდება დასკვნა და თუ ოჯახი ან ადამიანი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, მას შემწეობა უწყდება. შეჩერებული სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, ბენეფიციარს გადამოწმების პერიოდში დაკავებული საარსებო შემწეობა აუნაზღაურდება,“ - განაცხადა ქარცივაძემ.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა რაოდენობას, ის მუდმივად იცვლება. ადამიანებსა და ოჯახებს როგორც ეკონომიკური, ისე დემოგრაფიული მდგომარეობა ეცვლებათ, იცვლება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პირობებიც. ეს ფაქტორები ოჯახის კეთილდღეობის მაჩვენებელზე მოქმედებს. ამიტომ, წლის განმავლობაში ცვალებადობა თვეების მიხედვითაც შეიმჩნევა.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, როგორ იცვლებოდა სოციალური დახმარებების მიმღებთა რაოდენობა აჭარაში, ჩვენ 2008 წლიდან 2015 წლის ჩათვლით დეკემბრის თვის მაჩვენებლები

ერთმანეთს შევადარეთ და ასეთი სურათი მივიღეთ:

ცხრილი 1:

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა 2008-2015 წლების დეკემბრის  თვეების მიხედვით

წელი ოჯახი მოსახლეობა
2008 8 927 39 383
2009 10 371 42 990
2010 9 205 38 323
2011 7 350 31 060
2012 9 137 39 170
2013 7 872 33 119
2014 7 578 30 741
2015 7 122 29 834

როგორც ვხედავთ, სოციალური შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 42 990 ადამიანი, 2009 წელს დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2015 წლის ბოლოს - 29 834. 2012 წლის შემდეგ (2013-2015 წლებში) სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა 2016 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.

ცხრილი 2:

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა 2016 წლის იანვარ-აგვისტოში

თვე ოჯახი მოსახლეობა
იანვარი 7 451 31 388
თებერვალი 7 832 33 141
მარტი 8 153 34 859
აპრილი 8 283 35 635
მაისი 8 583 37 132
ივნისი 8 903 38 823
ივლისი 9 006 39 240
აგვისტო 9 119 39 830
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

რაც შეეხება ბოლო ოთხწლიან პერიოდს, 2012 წლის ოქტომბრის თვეში სოციალურ შემწეობას 8 793 ოჯახი (37 822 ადამიანი ) იღებდა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში 9 119 ოჯახის 39 830 წევრი იღებს, რაც წინა მაჩვენებელზე 2 008 ადამიანით და 326 ოჯახით მეტია.

ფაქტ-მეტრმა ლევან ვარშალომიძესთან მის განცხადებაში მოყვანილი დეტალების დაზუსტება სცადა, კერძოდ, რომელი წლებისა და თვეების მაჩვენებლები შეადარა როდესაც 2 800-იანი სხვაობა მიიღო. ჩვენ მასთან კომუნიკაციის დამყარებას პრეს-სამსახურის საშუალებით ვცდილობით, თუმცა დეტალების დაზუსტების საშუალება არ მოგვეცა.

  დასკვნა

ლევან ვარშალომიძის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში აჭარაში სოციალური დახმარება 2 800-ზე მეტ ბენეფიციარს მოეხსნა.

რეალურად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში აჭარაში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა პირველ სამ წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 2016 წელს მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2012 წლის არჩევნებამდე არსებულ მაჩვენებელსაც გადააჭარბა. თუ  2012 წლის ოქტომბრში სოციალურ შემწეობას 37 822 ადამიანი იღებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში 39 830 ადამიანმა აიღო.

ამდენად, ლევან ვარშალომიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი