8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანა ახალ რეალობაში და ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. 50 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია დანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ ძალას, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისგან 46 მანდატი აშორებს, არსებობს რეალური შანსი, რომ ერთმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც მოიპოვოს და, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ძალაუფლება მიიღოს.

ასეთი ვითარება საქართველოში უკვე იყო 2004-2012 წლებში. მაშინ საპრეზიდენტო ძალაუფლების გაძლიერებასა და პარლამენტის როლის დასუსტებას რეფორმების სწრაფი გატარების აუცილებლობით ხსნიდნენ. თუმცა, დღეს უკვე ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ ძალაუფლების ასეთ მონოპოლიზებას უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა, მათ შორის თავად მმართველი პარტიისთვის, რომელიც 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა.

საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემის, პირველ რიგში კი, ამგვარი მაჟორიტარული წესით არჩევნების დამსახურებაა, რომ პარტიამ, რომელმაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ დაახლოებით 25 პროცენტის, ხოლო არჩევნებზე მისულთა 49 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, პარლამენტში შესაძლოა, მანდატების 3/4 მიიღოს.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ძალაუფლების ყველა შტოს მონოპოლიზაცია მმართველი ძალის მიერ ნიშნავს იმ პრობლემის გამწვავებას, რომელიც ბოლო წლებში ქვეყნის წინაშე დგას - ეს ხალხის, ამომრჩევლის წინაშე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ნაკლებობაა. ამასთანავე, ქართული პოლიტიკური სპექტრის მოსალოდნელი გამძაფრებული პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააღარიბებს, დაასუსტებს და ნაკლებად დაცულს გახდის.

2016 წლის არჩევნების შედეგად ერთი პოლიტიკური ძალის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობის არადემოკრატიული „ინსტიტუტი“ საბოლოოდ დამკვიდრდეს, რომელიც მოქალაქეებსა და ოპოზიციას ხელისუფლებაზე კონტროლის შემორჩენილ ბერკეტებს დააკარგვინებს.

მთავრობა, რომელიც ერთი პიროვნების ხელისუფლების შირმაა, საზოგადოების წინაშე მდგარ ვერც ერთ პრობლემას ეფექტიანად ვერ გადაწყვეტს. უმუშევრობა, პენსიები და სოციალური დახმარება, ლარის სტაბილურობა, მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ეფექტური საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და სხვა მტკივნეული საკითხები ისევ პრობლემად დარჩება.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმის საშუალებას იძლევა, რომ ყველაზე უარესი სცენარი ავიცილოთ თავიდან და ერთი ძალის მიერ ძალაუფლების სრული მონოპოლიზაცია არ დავუშვათ.

ჩვენი აზრით, ხმის მიცემა მეორე ტურში პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვად არ უნდა იყოს აღქმული - ამ შემთხვევაში სასწორზე ბევრად მეტი დევს, ვიდრე ოპოზიციური პარტიის მანდატების რაოდენობაა. ამომრჩეველი მეორე ტურში ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვეტს - ეყოლება თუ არა სახელმწიფოს კვლავ განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ხელისუფლება და, აქედან გამომდინარე, მკვეთრად უარყოფითი შედეგები.

საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, უმჯობესი იქნება, თუ მმართველ ძალას ამ მანდატს ამჯერად აღარ მივცემთ და არჩევანს აქედან გამომდინარე გავაკეთებთ.


მსგავსი სიახლეები

5404 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი