8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 50 ოლქში მაჟორიტარის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტური გაიმართება. სწორედ აქ უნდა გადაწყდეს, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას.

განსაკუთრებით საინტერესო ბრძოლა ქუთაისშია მოსალოდნელი და ამას თავისი საფუძველი აქვს - შეინარჩუნებს თუ არა ქუთაისი ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს, შესაძლოა, სწორედ მეორე ტურზე იყოს დამოკიდებული. მმართველ პარტიას უკვე პრაქტიკულად დაანონსებული აქვს ზოგიერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის განხილვასაც პირველ რიგში გეგმავს, და მათ შორის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა.

არჩევნების მეორე ტური ქუთაისის სამივე ოლქში ჩატარდება და ყველგან ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

#47 ოლქი

გენადი მარგველაშვილი(„ქართული ოცნება“) - 40,77% (9 204 ხმა).

გია თევდორაძე („ნაციონალური მოძრაობა“) - 29,45% (6 649 ხმა)

ქუთაისის #41 სკოლის დირექტორი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ამ ოლქში, გენადი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ოლქის 44-დან 36 უბანში გამარჯვება, თან ისე, რომ თითქმის არც ერთ უბანზე საჩივარი არ დაწერილა, ძალიან კარგად ჩატარებულ არჩევნებსა და კარგ შედეგზე მიუთითებს. მეორე ტურისთვისაც აქტიურად შეხვდება ამომრჩევლებს, რათა კიდევ უფრო განაწყოს ადამიანები თავისუფლების, ღირსებისა და ცოდნის სასარგებლოდ.

„ცოდნის გარეშე არაფერი გამოვა“, - ამბობს მარგველაშვილი.

მისი მთავარი მესიჯი კი მის კონკურენტს უკავშირდება:

„ჩემი მთავარი მესიჯი მეორე ტურში არის – ღირსეულ მოწინააღმდეგეს, ამ შემთხვევაში გია თევდორაძეს, ღირსეული წინააღმდეგობა უნდა გავუწიო, რათა ყველამ დაინახოს, რომ მე ვაფასებ ჩემს მოწინააღმდეგეს“.

მეორე ტურში ბრძოლას აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი თევდორაძე. ისიც, თანაპარტიელებისა და არჩევნებში დამარცხებული სხვა კანდიდატების მსგავსად, მიიჩნევს, რომ არათანაბარი ბრძოლაა, თუმცა ამ ბრძოლას აზრი აქვს.

„ყველაფერი უნდა ვიღონოთ გამარჯვებისთვის, რადგან არ მიეცეს არაფორმალურ მმართველს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - ამ იდეის ხორცშესხმას შეეცდება მეორე ტურში.

გია თევდორაძე არ აპირებს, ქუთაისისთვის ბრძოლა დათმოს და „ოცნებას“, თუ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, ქალაქიდან პარლამენტის გადატანაში არ შეებრძოლოს.

#48 ოლქი

დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება“) - 48,88% (10 196 ხმა)

აკაკი ბობოხიძე („ნაციონალური მოძრაობა“) - 27, 4% (6 090 ხმა)

„ფაქტ-მეტრის“ კითხვას - რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯი ამომრჩევლისადმი მეორე ტურში? – „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ექიმმა დიმიტრი მხეიძემ ასე უპასუხა: „Так держать!“ („ასე გავაგრძელოთ“. - რუს.).

მისთვის 8 ოქტომბერს არჩევნები პოლიტიკაში პირველი და ჭკუის სასწავლებელი ნაბიჯი აღმოჩნდა. ამას ასე ხსნის: „პოლიტიკა ცოტა სხვა სფეროა და უფრო მეტად წინ უნდა ვიხედებოდეთ და ვარჩევდეთ ადამიანებს“.

„არჩევნები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დემოკრატიულად ჩატარდა და უპრეცედენტოდ დემოკრატიული მთავრობა ჰყავს საქართველოს. ხალხმა არჩევანი ზეწოლის გარეშე გააკეთა, უბრალოდ, ზღურბლი იყო ძალიან მაღალი“, – აცხადებს დიმიტრი მხეიძე.

მისი აზრით, სწორედ ამიტომ ვერ გაიმარჯვა პირველივე ტურში.

„ქვეყნის ბედი მოსახლეობამ შიშის, ზეწოლისა და დაშინების პირობებში გადაწყვიტა“, - ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, აკაკი ბობოხიძის აზრი.

აქტიური კამპანიის ჩატარებას არ გეგმავს და მიიჩნევს, რომ ახლა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს. დიმიტრი მხეიძეს კი არც განიხილავს კონკურენტად.

„არ ვთვლი, რომ დიმიტრი არის ჩემი კონკურენტი, კონკურენტი არის ხელისუფლება. ის, უბრალოდ, იმ გუნდის წევრია, რომლის მმართველობაც ჩემთვის მიუღებელია“, - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

მისი თქმით, მეორე ტურში არა მისი, არამედ ქუთაისის ბედი წყდება.

ამავე ოლქში მესამე ადგილზე გასული „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ბახტაძე ამბობს, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში კონკურენტი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ (რომლის სიტყვაკაზმულობა, გრიგოლ ბახტაძის აზრით, აღნიშვნის ღირსია) ყველას ეთამაშებოდა „კუკუდამალობანას“ და არც ერთ დებატზე არ მოვიდა.

„კაცმა, რომელსაც 5-10 მხარდამჭერსაც ვერ ახვედრებდნენ უბანში, აიღო ამდენი პროცენტი? კარგით რა, თუ ღმერთი გწამთ...“ - ასეთია მისი შეფასება.

შინაგანმა განწყობამ კი მეორე ტურში ხმის მიცემის მოტივაცია დაუკარგა. თავის ამომრჩევლებსაც ვერაფერს ურჩევს. მიიჩნევს, რომ აზრი არ აქვს მისი ამომრჩევლის მეორე ტურზე მისვლას.

იმედგაცრუებულია ამავე ოლქის კიდევ ერთი დამარცხებული მაჟორიტარობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ნატო ქათამაძე.

„ამომრჩეველს ჩემს აზრს არ მოვახვევ თავს. მათ შეუძლიათ, ორ კანდიდატს შორის აირჩიონ შედარებით ცუდი. მე, პირადად, ვიცი, რომ მხარს არ დავუჭერ „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამბობს ნატო ქათამაძე.

#49 ოლქი

კობა ნარჩემაშვილი („ქართული ოცნება“) - 40,04% (8 251 ხმა)

გიგი წერეთელი („ნაციონალური მოძრაობა“) - 37,6% (7 748 ხმა)

პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, ამ ორი კანდიდატის მხარდამჭერთა რაოდენობებს შორის სხვაობა მცირეა და ამას ორივე თავისებურად ხსნის.

კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ოლქში გაბათილებული 1100 ბიულეტენიდან უმრავლესობა მას ეკუთვნოდა, რის შედეგადაც ხმების 5% დააკლდა.

თვლის, რომ პოლიტიკა არ არის პიროვნული ანგარიშსწორების ადგილი და საარჩევნო კამპანიაც ამ დოგმით ჩაატარა - ოპონენტების პატივისცემის ატმოსფეროში. ასე აპირებს მეორე ტურშიც და მომავალშიც.

იმ ფონზე, როდესაც მმართველ გუნდში უკვე გაჟღერებულ საკონსტიტუციო სურვილებს შორის პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხი ერთ-ერთი პირველია, ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. მისი თქმით, მას სჯერა პრემიერ-მინისტრის განცხადების, რომ „ქართული ოცნება“ ხელების გადაგრეხით არ ეცდება, ქუთაისს წაართვას პარლამენტი“.

ასე არ ფიქრობს მისი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ჩემი აზრით, ეს, უბრალოდ, საარჩევნო ტაქტიკაა. რეალობა ის არის, რომ „ოცნებას“ სურს, რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანოს პარლამენტი თბილისში. ეს მათი მხრიდან მხოლოდ საარჩევნო გზავნილია მეორე ტურისთვის. მათ ნახეს, რომ ადამიანები, ქუთაისელები აბსოლუტურად სწორად უჭერენ მხარს ამ იდეას. ვეტყვი, რომ არ გამოვა - სხვის გზავნილზე გადაჯდომა ასე იოლად არ ხდება“, - თქვა „ფაქტ-მეტრთან“ გიგი წერეთელმა.

იგი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს გააერთიანებს, რაც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწონება-არმოწონების მომენტს გვერდზე გადაადებინებს და საარჩევნო ყუთთან სწორედ ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების წინააღმდეგ მისცემენ ხმას.

ამ ოლქში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი გოგი წულაია კენჭს „პატრიოტთა ალიანსის“ ქოლგის ქვეშ იყრიდა და მესამე ადგილზე გავიდა.

„მე, პირადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მივცემ. იგივეს ვურჩევ ჩემს ამომრჩეველსაც. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ გასაყვანად, მაინც მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა უნდა გაიმარჯვონ“, - ასეთია გოგი წულაიას აზრი.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი