მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ახმედ იმამყულიევმა განაცხდა,

რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი არის მოძალადე, ვინაიდან ის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ძალადობდა მოსახლეობაზე. „ჩემთვის ცოტა სასაცილოა, რომ „ქართული ოცნებიდან“ ჩემი კონკურენტი ის ადამიანია, რომელიც არ ცხოვრობს მარნეულში და არაფერი იცის რეგიონის პრობლემებზე, ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მოსახლეობაზე ძალადობდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელებულია“ - აღნიშნა იმამყულიევმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ახმედ იმაყულიევის განცხადება გადაამოწმა.

ჩვენ სოციალურ ქსელში მოვიძიეთ ის კადრები (იხ. ბმული),

 რომელზეც ახმედ იმამყულიევი საუბრობდა. კადრებიდან ჩანს, რომ თამაზ ნავერიანი ოპერატორს ემუქრება შემდეგი სიტყვებით: „შენ ნახე რას გიზამ“. შემდეგ კი, ნავერიანი უკვე მარნეულის საოლქო კომისიაშია, მაშინ როცა უკვე ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ვიდეოდან ჩანს, რომ დამკვირვებელი დაინტერესდა, თუ რატომ იმყოფება ის საოლქოში, რაზეც მან მიუგო, რომ „ერთ-ერთ პიროვნებას წყალი მიაწოდა“, შემდეგ კი ნავერიანი დამკვირვებელის მიმართ ძალის გამოყენებას შეეცადა, თუმცა სიტუაცია იქვე მყოფი სხვა პირების ძალისხმევით დროულად განიმუხტა.

ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, თუმცა მან აღნიშნულზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ახმედ იმამყულიევის განცხადება არასერიოზულად შეაფასა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით უშუალოდ იმ ადამიანს, რომელთანაც თამაზ ნავერიანს შელაპარაკება მოუვიდა. ნიკოლოზ ჩომახაშვილი აცხადებს, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის" წარმომადგენლის სახელით აკვირდებოდა. ჩომახაშვილმა განგვიმარტა, რომ საარჩევნო უბანზე ის დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდა, ამ დროს თამაზ ნავერიანი მან პირველად შეამაჩნია. მისი განცხადებით, უბანზე ნავერიანი რამდენჯერმე, სავარაუდოდ სპორტსმენებთან ერთად მივიდა. როგორც ნიკოლზ ჩომახაშვილი აღნიშნავს, საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ მან საოლქო კომისიაში გადაინაცვლა. საოლქოში ჩომახაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თამაზ ნავერიანი, რომელიც თავმჯდომარეს ხმამაღალი ტონით ესაუბრებოდა და საყვედურობდა დაპირების შეუსრულებლობის გამო. ჩომახაშვილის ასევე აღნიშნავს, რომ თამაზ ნავერიანს არ ჰქონდა საოლქო კომისიაში ყოფნის უფლება, ვინაიდან მას იქ ყოფნის არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდა. „აღნიშნულზე მოვახდინე რეაგირება, მე პირადად ვთხოვე ბატონ თამაზს წარმოედგინა რაიმე დამადასტურებელი მოწმობა, თუ რის საფუძველზე იმყოფებოდა საოლქოში. ამ კითხვამ ბატონი თამაზის დიდი აგრესია გამოიწვია, რასაც მისი მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. მინდა გამოვყო ერთი ფაქტი, რომ იქვე, საოლქოს კართან იმყოფებოდნენ  პოლიციელები, რომლებმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინეს აღნიშნულ ფაქტზე, ეს კადრებშიც ჩანს“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნიკოლოზ ჩომახაშვილმა. მისივე განცახადებით, აღნიშნულ ფაქტზე რამდენიმე საჩივარიც დაიწერა, თუმცა მათზე რეაგირება არ მომხდარა.

დასკვნა

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი მაჟორიტარობის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის მხრიდან (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს) დამკვირვებელ ნიკოლოზ ჩომახაშვილზე ძალადობის მცდელობას ადგილი მართლაც ჰქონდა. ასევე, თამაზ ნავერიანს არ აქვს პასუხი, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ის იმ დროისთვის საარჩევნო უბანზე და საოლქო კომისიაში. როგორც ნიკოლოზ ჩომახაშვილი აცხადებს, ამ ფაქტზე საჩივრებიც დაიწერა, თუმცა მათზე შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

ფაქტ-მეტრი თავს იკავებს აღნიშნული ფაქტის ცალსახა შეფასებისგან და ახმედ იმამყულიევის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი