ახმეტიდან 2 კილომეტრში, აღმაშენებლის 13-ში, სამ საერთო საცხოვრებელში 36 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახები და აფხაზეთიდან დევნილები არიან. ისინი, უკვე წლებია, სასმელ წყალს, კანალიზაციის სისტემას, სანაგვე ურნას, ქუჩის განათებასა და სახურავების კაპიტალურ შეკეთებას ითხოვენ. ე.წ. „ალაზანმშენის ბინებში“ შექმნილ მდგომარეობაზე წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობდნენ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენ ადგილზე მივედით და საერთო საცხოვრებელებში შექმნილი პირობები დავათვალიერეთ. საცხოვრებელი მართლაც ამორტიზებულია. ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის, შენობის კედლები, კარ-ფანჯარა და საძირკველი დაზიანებულია და კედლებიდან სამშენებლო მასალა ცვივა, რაც ადგილობრივების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. შენობაში არც სასმელი წყალია და არც საკანალიზაციო სისტემა, ისინი წყალს ეზოში არსებული 4 ონკანიდან იღებენ, სადაც წყალი კვირაში 3-ჯერ 4-5 საათით მოდის და მაცხოვრელების თქმით, ისიც დაბინძურებულია. საცხოვრებლებში არც ტუალეტი არსებობს. ბინებში შემავალი ელექტროსადენები დაზიანებულია. ადგილობრივები ეზოში ქვეწარმავლებს და მღრღნელებსაც ხვდებიან (იხ. ფოტოები).

ადგილობრივების თქმით, პრობლემების მოგვარების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათივე თქმით, 35 წლის განმავლობაში აქ მხოლოდ საცხოვრებლების სახურავები შეცვალეს, რომელიც 2013 წელს ქარმა გადახადა. აქედან ერთ საცხოვრბელს თუნუქის, ხოლო ორს კი ე.წ. „ტოლის“ სახურავი აქვს, რომელიც ადგილობრივების თქმით, ქარის დროს ხშირად ზიანდება. აღნიშნულ საცხოვრებლებს არც საწვეთურები უყენია.

„3 დღის წინაც შევიტანე განცხადება. წყალი და კანალიზაცია ჩვენ არ გვაქვს. ამ სამ საცხოვრებელში 21 ბავშვი ცხოვრობს. ამისწინ ბავშვი იჯდა და აგურის ნატეხი თავში დაეცა. საბედნიეროდ, მხოლოდ მსუბუქად დაშავდა. 40 წელია აქ ვცხოვრობ და ამ ხნის მანძლზე, 3 წლის წინ, ქარმა რომ სახურავი გადახადა, მხოლოდ მაშინ მოვიდნენ და გააკეთეს, მაგრამ ისიც უხარისხოდ - კიბეებზე და აივნებზე როგორც გარეთ ისე წვიმს და ინგრევა. წყალი 2 დღეში ერთხელ მოდის და ისიც ბინძურია, წურბელები მოსდევს. გრაფიკის გამო ხან მის აღებასაც ყველა ვერ ვასწრებთ. ზოგი ქირით ვცხოვრობთ, ზოგს დაკანონებული გვაქვს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ. წურბელები ჩამოსდევს წყალს“,- აღნიშნა მაშო გოდერძიშვილმა.

„წყალი როდის უნდა გვეღირსოს?! მილები დაჩვრეტლია და ისეთი ბინძური წყალი მოდის, ბავშვები მალ-მალე ცუდად არიან. ვირთხები სახლში შემოდიან. აქ არავის არაფერი გაუკეთებია. პატრონი არავინ გვყვავს. მე სადაც ვცხოვრობ, ტოლის სახურავი აფარია, როგორც ცოტა ძლიერი ქარი ამოვარდება სულ ნაწილ-ნაწილ ყრის ეზოში“, - განაცხადა მანანა გოდერძიშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, ახმეტაში, აღმაშენებლის 13-ში მცხოვრებლების პრობლემები კარგად არის ცნობილი. თუმცა, ამ საკითხების მოგვარებისთვის 2016 წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. მისივე განმარტებით, ახმეტაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ  ე.წ. „ალაზანმშენის ბინებში“ მაცხოვრებლებს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნებათ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ახმეტაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. „აღნიშნული ბინები იქ მაცხოვრებლების დიდ ნაწილს დაკანონებული არ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, შევედით მდგომარეობაში და რადგან გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, 2013 წელს მომხდარი სტიქიის დროს სახურავები ყველა კორპუსს შეეცვალა. რაც შეეხება კანალიზაციას და წყალს, ამჟმად მიმდინარეობს სამუშაოები, რაზეც სახელმწიფო მიერ 8 მილიონამდე ლარი იხარჯება. ამ მაგისტრალურმა ხაზმა აღნიშნული საცხოვრებლების გვერდითაც უკვე ჩაიარა. აღნიშნული პროექტი საკანალიზაციო სისტემის ექსპლუატაციასაც ითვალისწინებს და თავისტავად ეს პრობლემაც მოეხსნებათ. მესმის, რომ გაუსაძლის პირობებში არიან, მაგრამ მიმდინარე წელს არაფერი აღარ მოხდება. 2017 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი გვაქვს დათბუნების კუთხით ამ ბინების ფასადების რეაბილიტაცია“, - განუცხადა ფაქტ-მეტრს ვაჟა ნასყიდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი