იტვირთება

კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ქართული ოცნების“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ განაცხადა:

„მიმდინარე წელს დაფიქსირდა ისტორიული მომენტი, საბჭოთა პერიოდს გადავასწარით ხორბლის მოყვანის რაოდენობაში - ეს არის 300 ათას ტონაზე მეტი“. შიოლაშვილის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა როგორც ნათესი ფართობების, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

„ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ირინე ფხოველიშვილის თქმით, გასული წლებთან შედარებით წელს მარცვლეული კულტურების მართლაც დიდი მოსავალი მოვიდა. ფხოველიშვილი ხორბლის უხვმოსავლიანობას სამი ფაქტორით ხსნის: ამინდი, ადაპტირებული სათესლე მასალა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გაცემული დაბალპროცენტიანი იაფი კრედიტები.

„წინა წლებში ერთ ჰექტარზე ხორბლის მოსავალი 2.5 - 3 ტონა თუ მოვიდოდა, ეს დიდ მიღწევად ითვლებოდა. წელს რეკორდული მოსავალი მოვიდა და ჰექტარზე საშუალო მოსავლანობა 3.5 - 4 ტონამდეა. უხვი მოსავლის მოსვლას პირველ რიგში ამინდებმა შეუწყო ხელი, რადგან სხვა წლებშიც მე პირადად იგივენაირად ვუვლიდი ყანას და გვალვის გამო მცირე მოსავალს ვიღებდი. მნიშვნელოვნად შეგვიწყო ხელი დაბალპროცენტიანმა კრედიტებმა და ადაპტირებულმა სათესლე მასალამ“, - აღნიშნა ფხოველიშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2016 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, 2015 წლის შემოდგომასა და 2016 წლის გაზაფხულზე ხორბლის ყანების ფართობმა 82 694 ჰექტარი შეადგინა. სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, ხორბლის საპროგნოზო მოსავალმა მთელ საქართველოში 310 ათას 269 ტონა შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი მოსავალი კახეთის რეგიონში ფიქსირდება – 235 ათას 219 ტონა.

ცხრილი 1:

ხორბლის ნათესი ფართობი რეგიონების მიხედვით 2006-2015 წლებში (ათასი ჰექტარი)

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
საქართველო 58.7 45.4 48.6 57.5 50.0 47.0 50.0 45.0 51.1 52.3
შიდა ქართლი 7.4 2.9 8.2 13.3 8.4 12.9 5.6 3.0 4.5 6.6
კახეთი 36.4 37.1 29.2 35.8 30.8 22.5 30.8 33.7 38.9 35.4
ქვ. ქართლი 11.1 3.9 7.2 5.9 8.5 8.1 9.5 6.3 5.3 7.3
დანარჩენი რეგიონები 3.8 1.5 4.0 2.5 2.3 3.5 4.1 1.9 2.3 3.0

ცხრილი 2:

ხორბლის საშუალო მოსავლიანობა რეგიონების მიხედვით 2006-2015 წლებში (ტ/ჰა)

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
საქართველო 1.2 1.7 1.7 1.1 1.0 2.1 1.7 1.8 1.3 2.6
შიდა ქართლი 1.2 1.6 1.4 1.4 1.4 1.8 1.5 1.7 2.2 1.8
კახეთი 1.2 1.7 1.8 0.8 0.8 2.1 1.8 1.8 0.9 2.9
ქვ. ქართლი 1.3 1.4 1.9 1.6 1.3 2.1 1.6 1.7 1.5 1.5
სხვა რეგიონები 1.3 1.8 1.0 1.7 1.7 2.5 1.4 2.7 2.9 3.0

ცხრილი 3:

ხორბლის წარმოება რეგიონების მიხედვით 2006-2015 წლებში (ათასი ტონა)

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
საქართველო 69.7 74.9 80.3 53.9 48.4 96.8 80.7 81.0 50.2 133.4
შიდა ქართლი 8.5 4.7 11.3 19.0 11.1 23.8 8.5 5.1 9.8 11.8
კახეთი 42.7 62.0 52.7 22.2 23.6 47.1 53.0 60.1 25.9 102.1
ქვ. ქართლი 14.1 5.5 12.4 8.7 9.8 17.3 14.9 10.7 7.9 10.6
დანარჩენი რეგიონები 4.4 2.7 3.9 4.0 3.9 8.6 4.3 5.2 6.6 8.9

სტატისტიკური მონაცემებით, 2006 წელს საქართველოში ხორბალი 58 700 ჰექტარზე დაითესა და მოსავალმა 69 700 ტონა შეადგინა. გასულ წელს ხორბალი 52 300 ჰექტარზე დაითესა, საიდანაც 133 400 ტონა მოსავალი მიიღეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის შემოდგომასა და 2016 წლის გაზაფხულზე ხორბლის ფართობმა 82 694 ჰექტარი შეადგინა. ხორბლის საპროგნოზო მოსავალი საქართველოს მასშტაბით 310 ათას 269 ტონა იყო.

აღსანიშნავია, რომ 2006 წელზე უფრო ძველი სტატისტიკა არც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნიათ. ირაკლი შიოლაშვილის განმარტებით, მან ხორბლის უხვი მოსავლის შესახებ განცხადება ადგილობრივი ფერმერებისა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გააკეთა. „აღნიშნული სტატისიკა შეიძლება ოფიციალურად არ არსებობს, მაგრამ ის, რომ წელს საბჭოთა პეროდის შემდეგ ყველაზე მეტი ხორბლის მოსავალი მოვიდა იმ თანამდებობის პირებზე და ადამიანებზე დაყრდნობით ვთქვი, რომლებიც იმ პერიოდში მიღებულ მოსავალს აღრიცხავდნენ და აბინავებდნენ. მე დედოფლისწყაროდან ვარ და მუდმივად მაქვს ამ ადამიანებთან ურთიერთობა”, - აღნიშნა შიოლაშვილმა.

დასკვნა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ხორბლის მოსავალი წელს საქართველოში 310 ათასი ტონა უნდა ყოფილიყო, აქედან ყველაზე უხვი მოსავალი კახეთის რეგიონში ფიქსირდება – 235 ათას ტონაზე მეტი. ეს 2006 წლის შემდეგ მართლაც რეკორდული მაჩვენებელია. „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარის აზრით, ხორბლის უხვმოსავლიანობას სამი ფაქტორი განაპირობებს: ამინდი, ადაპტირებული სათესლე მასალა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გაცემული დაბალპროცენტიანი იაფი კრედიტები.

თუმცა, ხორბლის მოსავლის 2006 წელზე უფრო ძველი სტატისტიკა არც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნიათ. თავად კახეთის ყოფილი გუბერნატორი და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ამბობს, რომ თავის განცხადებაში თანამდებობის პირებისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრს დაეყრდნო.

შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ კახეთში წელს ხორბლის მოსავლის ზრდა სახეზეა, ფაქტ-მეტრი ირაკლი შიოლაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3273 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი