ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ 71-ე შეხვედრაზე მხარეებს შორის მთავარი სასაუბრო თემა ბოლო პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებს ეხებოდა. როგორც შერეულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ოქტომბერი, გასულ თვეებთან შედარებით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ადამიანების დაკავების ფაქტებით. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადამიანების გაუჩინარების შემთხვევებმა ოქტომბრის მეორე ნახევარში მასიური ხასიათი მიიღო.

21 ოქტომბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარქუშაანთთან რუსეთის მესაზღვრეებმა ქალი დააკავეს და სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

22 ოქტომბერს ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარე გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან, რომელიც ოკუპირებულ ოსურ სოფელ ღრომს ესაზღვრება, ანალოგიური ბრალდებით ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა 43 წლის მალხაზ ჟღენტი, რომელიც ხევთან ახლოს საქონელს მწყემსავდა.

24 ოქტომბერს კი ადამიანის გატაცება გორის რაიონის სოფელ კირბალთან დაფიქსირდა. ტყეში შეშის მოსაჭრელად წასული 30 წლის ილია თაყაძე ცხინვალის ციხეში მოხვდა. ის სოფელ კირბალში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა დაკავების შესახებ მეორე დღეს შეიტყო.

ცხინვალის ციხეში მასთან ერთად 29 წლის გიორგი ციცაგიც იმყოფება. ის გორის რაიონის სოფელ ფლავის მკვიდრია და მიმდინარე წელს რუსმა მესაზღვრეებმა უკვე მეორედ დაიჭირეს. პირველად, 14 მაისს სოფელ ზემო არცევთან ახლოს დააკავეს და პირობითი სასჯელით გამოუშვეს, 12 ოქტომბერს კი ხელმეორედ დაიჭირეს. ოჯახის წევრთა ინფორმაციით, ციცაგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და გული აწუხებს.

ორჯერ აღმოჩნდა 2012 წელს რუსი მესაზღვრეების ტყვეობაში ქარელის რაიონის სოფელ დვანის მკვიდრი ვასილ კობახიძეც - ორივე შემთხვევაში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. მეორედ დაკავების შემდეგ მას უკვე სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ცხინვალის ციხე მხოლოდ 2014 წლის ზაფხულში დატოვა.

ცხინვალის იზოლატორში იმყოფება 38 წლის გიორგი გიუნაშვილიც. ის სამაჩაბლოდან დევნილია და ბერბუკის დასახლებაში ცხოვრობს. გიუნაშვილი მიმდინარე წლის ივლისში გაიტაცეს და ბრალად 2007 წელს ცხინვალის რეჟიმის ჯარისკაცის მკვლელობა წაუყენეს.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაკვეთში, მათ საქართველოს 84 მოქალაქე დააკავეს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოსური მხარის მიერ საქართველოს 6 მოქალაქეა დაკავებული.

განსხვავებული მონაცემები მიაწოდა „ფაქტ-მეტრს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის იანვრიდან 17 ოქტომბრამდე 116 პირია დაკავებული. მხოლოდ ოქტომბერში კი დაკავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 11-ს მიაღწია.

ადამიანების დაკავებები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გახშირდა. 2008 წლის ბოლომდე 5 პირის დაკავება დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი, 2008 წლიდან დღემდე ძირითადად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 965 მოქალაქე აღმოჩნდა.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულები ცხინვალის იზოლატორს ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ტოვებენ. ხშირ შემთხვევებში თანხას ნაცნობების ჩარევის შემდეგ დაკავებულთა ახლობლები ვლადიკავკაზში გზავნიან და სწორედ აქედან მიდის ე.წ. ჯარიმის თანხა ცხინვალის რეჟიმამდე, რის შედეგადაც დაკავებული უკვე ქართულ მხარეს გადმოეცემა.

სხვადასხვა შემთხვევებში, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმა 2000-დან 4000 რუსულ რუბლამდე განისაზღვრება (80-160 ლარი). დაკავებულის ოჯახის მხრიდან მინიმალური ჯარიმის გადახდის შემთხვევაში წლების მიხედვით ცხინვალის ე.წ. ბიუჯეტში ქართული მხრიდან შესული თანხების ოდენობა დაკავებულთა ზემოაღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით ასე გამოიყურება.

2008 წელს - 400 ლარი; 2009 - 6 249 ლარი; 2010 - 5 840 ლარი; 2011- 10 720 ლარი; 2012 - 8 640 ლარი; 2013 - 11 360 ლარი; 2014 -11 360 ლარი; 2015 - 1 340 ლარი; 2016 - 9 280 ლარი.

სულ, 2008 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე - მინიმუმ 65 189 ლარი.

საოკუპაციო ხაზთან ადამიანების დაკავების შემთხვევები ძირითადად იმ ადგილებში ხდება, სადაც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები არ ჩანს. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გადაიყვანეს.

ასეთ საკითხებზე სამსჯელოდ მხარეები ერგნეთში, „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით თვეში ერთხელ იკრიბებიან და ყოფილი პატიმრების ქართული მხარისთვის გადმოცემაც სწორედ ამ შეხვედრებისას ხდება.

ზოგიერთი ქართველი ექსპერტის შეფასებით, ცხინვალისთვის ეს საკითხი ერთგვარი ბიზნესია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ რუსეთი მსგავსი პოლიტიკით მცოცავ ანექსიას განაგრძობს და ერგნეთის შეხვედრები შედეგს მოკლებულია.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფორმატი ქართულ-ოსური მხარეებისთვის ადგილობრივი პრობლემების განსახილველად ერთადერთი შეხების წერტილია. ამ მიზნით მომდევნო 72-ე შეხვედრა უკვე 30 ნოემბერსაა ჩანიშნული.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი