ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ცეცხლაძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა: „შემოსავლის ნაწილში ჩვენ მივიღეთ ჭარბი შემოსავალი ქონების გადასახადში და ორი კვარტლის გეგმასთან შედარებით 160 პროცენტით შესრულდა ბიუჯეტი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 6 თვის ბიუჯეტის გეგმა

 გადასახადების ნაწილში 2 მლნ 49 ათას ლარს შეადგენდა, საკასო შესრულებამ კი, 3 მლნ 283 ათასი ლარი შეადგინა, რითაც ორი კვარტლის ბიუჯეტი 160%-ით შესრულდა. როგორც გამგეობაში განაცხადეს, შემოსავლების ზრდა ქონების გადასახადის მაჩვენებლის ზრდამ განაპირობა. ორი კვარტლის დაზუსტებული გეგმით, ქონების გადასახადი 1 მლნ 299 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საკასო შესრულებამ 2 მლნ 822 ათასი ლარი შეადგინა.

მთლიანად ბიუჯეტში კი, 1 მლნ 523 ათასი ლარით ზრდა დაფიქსირდა. აქედან, საქართველოს საწარმოთა ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში დაგეგმილზე 860 885 ლარით მეტი შევიდა, უცხოურ საწარმოთა ქონების გადასახადის ნაწილში, წინასწარი დაზუსტებული გეგმის მიხედვით, შემოსავალი დაგეგმილი საერთოდ არ ყოფილა, თუმცა, 860 695 ლარი ჩაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ზრდა გადასახადების დანარჩენ ძირითად სახეებში არ ფიქსირდება. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადების გეგმა, ორი კვარტლის მიხედვით, დაგეგმილზე 2 88 726 ლარით ნაკლებით შესრულდა. ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ფაქტობრივმა შესრულებამ კი, 26 317 ლარით ნაკლები შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში დაგეგმილი 26 400 ლარის ნაცვლად, ფაქტიურად 21 951 ლარი ჩაირიცხა, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში ექვს თვეში დაგეგმილი 196 600 ლარის ნაცვლად - 28 890, ანუ 167 710 ლარით ნაკლები. ჯამში, შემოსავლების დანარჩენ სახეებში 253 500 ლარის ნაცვლად 55 024 ლარი ჩაირიცხა, ანუ სხვაობამ 198 476 ლარი შეადგინა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ცეცხლაძემ ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ ხაზინის პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, მეწარმეებმა 1 მლნ 299 ათასი ლარის ნაცვლად 2 მლნ 822 ათასი ლარი შეიტანეს. მისი ვარაუდით, აღმოჩნდნენ მეწარმეები, რომლებმაც  ქონების გადასახადი წინასწარ გადაიხადეს, ან, შესაძლოა, ეს ის მეწამეები არიან, რომლებმაც საწარმოები ახლა დაარეგისტრირეს. მისი ინფორმაციით, ჭარბი შემოსავლები სხვა წლებშიც ფიქსირდებოდა, ოღონდ არა ორ კვარტალში.  შარშან გეგმის გადაჭარბებით 700 ათასი ლარი შემოვიდა.

ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, მეწარმეებში ქონების გადასახადის წინსწრებად გადახდის სურვილი რამ განაპირობა. ჩვენ საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან იმ საწარმოთა ჩამონათვალი გამოვითხოვეთ, რომლებმაც გადასახადი წინასწარ დაფარეს. თუმცა, უწყებიდან გვაცნობეს,

რომ აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება.

დასკვნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი კვარტლის ბიუჯეტი მართლაც 160%-ით შესრულდა. თუმცა, ზრდა მხოლოდ გადასახადების ძირითადი სახეების ორ ნაწილში - საქართველოს საწარმოთა და უცხოურ საწარმოთა ქონების გადასახადის შემთხვევაში ფიქსირდება. დანარჩენ მაჩვენებლებში კლებაა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, რომ მეწარმეებმა ქონების გადასახადი წინასწარ გადაიხადეს, თუმცა მიზეზს ვერ განმარტავენ. რამდენ მეწარმეს გაუჩნდა ბიუჯეტის წინასწარ შევსების სურვილი - ამ კითხვებზე პასუხი შემოსავლების სამსახურიდან ვერ მივიღეთ, რადგან ეს საკითხი საგადასახადო საიდუმლოს განეკუთნება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გამგებლის მოადგილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი