„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით,

„ბოლო კვარტალში ქართულ ეკონომიკას დაუფიქსირდა საშუალოდ 5%-იანი ზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით,

 წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.3% შეადგინა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.0%.

დავით მათიკაშვილის განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად უპრიანი იქნება, თუ რეგიონის ცნებას განვმარტავთ. მას საქართველოში ხშირად სხვადასხვა გაგებით იყენებენ. რადგანაც ინფორმაციას ქვეყნების ეკონომიკური პარამეტრების შესახებ მსოფლიო ბანკი ავრცელებს, ლეგიტიმური იქნება თუ რეგიონის განმარტებისას დავეყრდნობით მსოფლიო ბანკს, რომელსაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში შეჰყავს.[1]

აღნიშნული რეგიონის ჯამური რეალური მშპ 2015 წელს 0.1%-ით შემცირდა, 2016 წლის მაჩვენებელი 1.2%-იანი ზრდაა, 2017 წლის წინასწარი პროგნოზით კი 2.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები.

აღნიშნულ რეგიონში 24 ქვეყნიდან ჯერჯერობით მხოლოდ თერთმეტს აქვს გამოქვეყნებული 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები. ყველაზე მაღალი ზრდა აქვს უზბეკეთს - 7.8%, მეორე ადგილზეა ტაჯიკეთი, 6.5%-ით. საქართველო, ამ მონაცემებით, რეგიონში მე-4 ადგილზეა.

ცხრილი 1:

ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, 2017 წლის I კვარტალი

აღმ. ევროპისა და ცენტრ. აზიის ქვეყნების ჯგუფი რეალური მშპ-ის ზრდა I კვარტალში
1 უზბეკეთი 7.80%
2 ტაჯიკეთი 6.50%
3 თურქმენეთი 6.20%
4 საქართველო 5.00%
5 რუმინეთი 1.70%
6 უნგრეთი 1.30%
7 პოლონეთი 1.00%
8 ბულგარეთი 0.80%
9 ბელარუსი 0.30%
10 აზერბაიჯანი -0.90%
11 უკრაინა -0.3
წყარო: tradingeconomics.com

ხშირად, საქართველოში, რეგიონად მოიაზრებენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და უკრაინას. ამ ქვეყნების ჯგუფში, 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველო აზერბაიჯანსა და უკრაინას უსწრებს, რომელთაც, შესაბამისად, 0.9%-ითა და 0.3%-ით ეკონომიკა შეუმცირდათ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის პირველი კვარტლის მშპ-ის ცვლილება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით გაიზარდა და აღნიშნული შედეგით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში მე-14 ადგილი დაიკავა. დღეისთვის კი, უკვე ცნობილია 2017 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ტემპების წინასწარი სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველომ მშპ-ის 4%-იანი ზრდა უნდა აჩვენოს. ამ პროგნოზის მიხედვით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში საქართველო მე-4 ადგილზეა.

ცხრილი 2:

მშპ-ის ზრდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, 2016 წელი და 2017 წლის პროგნოზი

ქვეყანა 2016 2017
უზბეკეთი 7.8 7.2
თურქმენეთი 6.2 5.0
ტაჯიკეთი 6.9 4.8
კოსოვო 3.6 4.0
მაკედონია 2.4 4.0
მოლდოვა 4.0 4.0
საქართველო 2.7 4.0
რუმინეთი 4.8 3.7
ალბანეთი 3.4 3.5
თურქეთი 2.9 3.5
პოლონეთი 2.8 3.5
ბოსნია და ჰერცოგოვინა 2.5 3.1
მონტენეგრო 2.4 3.1
ყირგიზეთი 3.8 3.1
სომხეთი 0.2 2.8
ბულგარეთი 3.4 2.7
უნგრეთი 2.0 2.4
სერბეთი 2.8 2.3
უკრაინა 2.3 2.0
ხორვატია 2.9 2.0
ყაზახეთი 1.1 1.9
რუსეთი -0.2 1.4
აზერბაიჯანი -3.8 0.7
ბელარუსი -3.0 -1.0
წყარო: მსოფლიო ბანკი

დასკვნა წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2017 წლის პირველ კავარტალში 5% შეადგინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017 წლის აპრილის თვის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის წინა თვეებთან შედარებით ეკონომიკური ზრდა შემცირებულია. თუ მშპ-ის ზრდა იანვარში 5.2%, თებერვალში 4.4%, მარტში კი 5.3% იყო, აპრილის მონაცემებით,

მშპ-ის ზრდა 2.1%-ია.

ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტლის ზრდის ტემპით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში 11 სახელმწიფოდან მე-4 ადგილზეა, მაგრამ უცნობია დანარჩენი 13 ქვეყნის შედეგები. რაც შეეხება რეგიონის არაოფიციალურ გაგებას, ანუ ჩვენს სამეზობლოს და უკრაინას. ამ ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანს და უკრაინას აქვთ გამოქვეყნებული პირველი კვარტლის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც, მათი ეკონომიკა მცირდება.

არასრულყოფილი მონაცემების გამო, ფაქტ-მეტრი დავით მათიკაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე

ტოვებს და ამ საკითხს მომავალში დაუბრუნდება.

[1] https://openknowledge.worldbank.org/bitstream/handle/10986/25823/9781464810169.pdf გვ. 107

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი