საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დევნილთა მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ მიმართა: „უამრავი დევნილი ცხოვრობს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში, ეს არის აღიარებული თავად დევნილთა სამინისტროს მიერ, არაერთხელ ჩაიწერა სახალხო დამცველის ანგარიშში. ამ ტემპით დაახლოებით 30 წელი დასჭირდება დევნილების საცხოვრისით დაკმაყოფილებას“.
ამჟამად საქართველოში, დევნილთა ბაზაში, 273 411 პირია რეგისტრირებული, რაც 88 704 ოჯახს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით 36 755 ოჯახია უზრუნველყოფილი (დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 42%). შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ 51 949 ოჯახია დარჩენილი (ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების ნახევარზე მეტი - 58%). მათგან, 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი 8 631 დევნილ ოჯახს გადაეცა. აღნიშნული სტატისტიკიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 1 918 დევნილი ოჯახი კმაყოფილდება (2012 წლამდე საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 1 480 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა). შესაბამისად, თუ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ამავე ტემპით გაგრძელდება, დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას სულ მცირე 27 წელი დასჭირდება. რაც შეეხება დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს, სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში („საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ“) ცალკე თავი (თავი 24) იძულებულ გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება, მათ შორის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების არასახარბიელო მდგომარეობაზეც არის ყურადღება გამახვილებული. სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ აღნიშნულ წელს 1 552 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით. აქედან, 179 ოჯახი იყო ისეთი, რომელიც მომეტებულად საფრთხის შემცველ ობიექტში ცხოვრობდა. „თუმცა, კვლავ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება ავარიულ შენობებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრება“, - აღნიშნულია ანგარიშში. დევნილთა უფლებრივ მდგომარეობას მიეძღვნა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშიც (2017 წლის 8 ივნისი). აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში 129 751 დევნილია რეგისტრირებული. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ წინა წლების მსგავსად, ამ ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა პრობლემები უცვლელია. კვლავ აქტუალურია ყოფილი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის პროცესი და სარემონტო სამუშაოების დაბალი ხარისხი. ამ ობიექტების გარკვეული ნაწილი სათანადო საცხოვრებლის მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. რეაბილიტაციას საჭიროებს საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემა, სახურავი და მზიდი კედლები. ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ კვლავ მწვავე პრობლემად რჩება ავარიულ შენობებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების საკითხი. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, სამინისტროსთვის 2017 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ნგრევად და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა განსახლება ან შენობების რეაბილიტაცია უნდა იყოს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროც აღნიშნავს, რომ დევნილთა გარკვეული ნაწილი კვლავ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს. 2016 წლი სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ პრობლემად რჩება ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა ოჯახების გაყვანა. აქვე აღვნიშნავთ, რომ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების სარეაბილიტაციოდ და სახლების ასაშენებლად გარკვეული თანხა ყოველწლიურად გამოიყოფა.

ცხრილი 1: 2013-2017 წლებში დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების რეაბილიტაციაზე და სახლების მშენებლობაზე დახარჯული თანხები (მლნ ლარი)

წელი

2013

2014

2015

2016

2017

რეაბილიტაცია

9.2

6.7

6.0

5.9

4.2

მშენებლობა

18.3

24.7

31.6

41.7

28.0

სულ

27.5

31.4

37.6

47.6

32.2

წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წელს დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა. ამ თანხაში შედის როგორც უშუალოდ სახლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ისე მენაშენეებისგან და „ჰუალინგისგან“ გამოსყიდული ბინებისთვის გადახდილი თანხა. მიმდინარე წელს ახლადაშენებულ და რეაბილიტირებულ შენობებში ბინები 173 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. წლის ბოლომდე 1 293 ბინის გადაცემა იგეგმება.

დასკვნა დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით 36 755 დევნილი ოჯახია უზრუნველყოფილი, რაც დევნილთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 42%-ს შეადგენს. 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 8 631 ოჯახი დაკმაყოფილდა (წელიწადში საშუალოდ 1 918 დევნილი ოჯახი). ამდენად, ბოლო წლებში საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ უფრო მეტი დევნილი ოჯახი კმაყოფილდება, ვიდრე წინა მთავრობის დროს (საშუალოდ 1 480 ოჯახი). თუმცა, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაშიც, დევნილთა საცხოვრბელი ფართით სრულად დაკმაყოფილებას კიდევ 27 წელი დასჭირდება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება დევნილთა საცხოვრებელი პირობები. სამინსტროც და სახალხო დამცველიც, თავიანთ ანგარიშებში აღნიშნავენ, რომ დევნილთა გარკვეული ნაწილი კვლავ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს და ამ პრობლემის გადაჭრა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი