2014 წლის მაისში, გორის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი „ელექტროფიკაციის“ დასახლებაში მაცხოვრებლებს მერად არჩევის შემთხვევაში გაზის გაყვანას დაპირდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის გაყვანა ამ დასახლებაში 40 000 ლარიანი პროექტის ფარგლებში მოხდებოდა. თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, ბუნებრივი აირით მოსახლეობა დღემდე ვერ სარგებლობს.

ზურაბ ჯირკველიშვილი გორის მერად 2014 წლის ივლისში გამართული არჩევნების შედეგად აირჩიეს.  „ელექტროფიკაციის“ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება კი საკრებულოს დეპუტატებმა უკვე არჩეულ მერს ერთი წლის თავზე შეახსენეს. „თავისუფალი დემოკრატების“ მაშინდელი და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ წევრი დავით წეწვაძე 2015 წლის ივლისში ამბობდა, რომ „ელექტროფიკაციის“ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება არ სრულდება და მოსახლეობა თავს მოტყუებულად გრძნობს.

ზურაბ ჯირკველიშვილმა მაშინდელ ოპოზიციონერ დეპუტატს უპასუხა, რომ პროექტის შედგენისას საჭირო თანხა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ, 40 000 ლარის ნაცვლად დაპირების შესასრულებლად 160 000 ლარი იყო საჭირო.

კამათიდან ერთი წლის შემდეგ აღნიშნული დაპირების შეუსრულებლობაზე ქალაქ გორის მერს პასუხის გაცემა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერშიც

მოუწია.

„ელექტროფიკაციის მოსახლეობამ შეხვედრაზე ბუნებრივი აირის პრობლემა წამოჭრა, მართალია მე მათ დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ამ საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ როდესაც დავჯექი და ჩავიხედე საქმეში, აღმოჩნდა, რომ ამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ თანაფინანსირების პროექტით. იმ პერიოდში თანაფინანსიების თანხები 200 000 ლარი გვქონდა, ამ პროექტის განხორციელება კი 160 000 ლარი ჯდებოდა. რის შემდეგაც მე მათ მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ ერთი დასახლებისთვის მე თანაფინანსირების თანხებიდან 80%-ს ვერ დავხარჯავდი... ამიტომ სხვა გზების ძიებაა საჭირო თქო. რადგან ამ თანხებში 53 პროექტი განვახორციელეთ და გაცილებით მეტ ადამიანს მოვუგვარეთ ესა თუ ის პრობლემა“, - განაცხადა

ზურაბ ჯირკველიშვილმა.

როგორც ფაქტ-მეტრს თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით „ელექტროფიკაციის“ დასახლებაში შესაბამისი სამუშაოები ამჟამად უკვე დასრულებულია და მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობა მალე შეეძლება.

ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ რა საშუალებებით მოხდა დასახლების გაზიფიცირება. მერიიდან მიღებულ დოკუმენტში

 წერია, რომ ზურაბ ჯირკველიშვილის გაცემული აღნიშნული დაპირება შესრულებულია. „ელექტროფიკაციის“ დასახლების გაზიფიცირების სამუშოები  კომპანია „სოკარმა“ შეასრულა, ქალაქ გორის მუნციპალიტეტის მერის, შიდა ქართლის გუბერნატორისა და ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობით. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის თანხა არ გახარჯულა“.

ელექტროფიკაციის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის სამინისტროსაც მიმართა. უწყების პასუხის

 თანახმად: „ქალაქ გორში, „ელექტროფიკაციის“ დასახლებაში, გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“ შორის არსებული ხელშეკრულებისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით განხორციელდა“.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა 2014 წლიდან დღემდე თუ ჰქონდა ადგილი გორის მერიის მხრიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის ოფიციალურ მიმართვას. აღმოჩნდა, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერს მერია მაშინდელ გუბერნატორს მოსახლეობის მოთხოვნას აცნობს და ენერგეტიკის სამინისტროსთან შუამდგომლობას სთხოვს, რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხზე გუბერნია სამინისტროს მიმართავს. 2016 წლის 21 ივლისს გორის მერი მინისტრ კახა კალაძეს ოფიციალური წერილით უკვე თავად მიმართავს და გორში, "ელექტროფიკაციის" დასახლების გაზიფიცირებას სთხოვს.

დასკვნა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი გორის ერთ-ერთ დასახლებას მერად არჩევის შემთხვევაში გაზის გაყვანას ნამდვილად დაპირდა, თუმცა, ქალაქის ბიუჯეტში საჭირო თანების არარსებობის გამო ორი წლის განმავლობაში დაპირება შეუსრულებელი რჩებოდა. „ელექტროფიკაციაში“ გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წელს შესრულდა. ამ საკითხის გადაწყვეტაში კი, როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, მერიის აქტიურობა ნამდვილად იკვეთება.

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი