დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული პრეზიდენტი Alaniatv.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში

ცხინვალში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ხელისუფლება ქართულ კლინიკებში წამსვლელი ცხინვალელი პაციენტების რიცხვის შესამცირებლად ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენი მიზანია საქართველოს მიმართულებით სამედიცინო მომსახურების მისაღებად წამსვლელთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს, რადგან საქართველოში მათ ქართულ სპეცსამსახურებთან უწევთ ურთიერთობა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას და ხარისხიან და ფართო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ის პირობები, რომ მათ აღარ დასჭირდეთ საქართველოში სიარული და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დამცირების ატანის სანაცვლოდ“, - აცხადებს (7:52-

დან) ბიბილოვი.

ცხინვალში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ გადმოსვლა 2009 წლიდან დაიწყეს. აგვისტოს ომის შემდეგ ამის შესაძლებლობას მათ COBERM-

ის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ჯანმრთელი სამყარო“ აძლევთ, რომელიც „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ხორციელდება. 2008 წლის შემდეგ ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელსაც  ცხინვალში ოფისი აქვს. ოსი პაციენტების ახლობლები დასახმარებლად სწორედ ამ ოფისს მიმართავენ. მანამდე კი მათ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა, ექიმის მიმართვა და დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვა უნდა ჰქონდეთ. ამის შემდეგ „წითელი ჯვრის“ ცხინვალის ოფისი უკვე თბილისს უკავშირდება და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, სპეციალური ზომების მიღება ხდება.

პროექტი, რომელსაც ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ასაკის პაციენტებს სთავაზობს, ტრანსპორტირებას, უფასო დიაგნოსტიკას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობს.

"წითელი ჯვრის" ინფორმაციით,

 თუ პაციენტი მძიმეა, რეანომობილი ერგნეთთან ხვდება და დანიშნულების ადგილზე მიჰყავს. სხვა შემთხვევაში კი "წითელი ჯვრის" მანქანას კოლეგები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებიან და პაციენტი სასურველ კლინიკამდე მიჰყავთ.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი განმარტავს,

რომ ცხინვალში მაცხოვრებლებისთვის ქართულ კლინკიებში მკურნალობა ყოველმხრივ მისაღებია. ზამთრის სეზონზე როკის გვირაბის ჩაკეტვისას ისინი ვლადიკავკაზშიც ვეღარ გადიან, სადაც მგზავრობისთვის გაცილებით დიდი დროა საჭირო, ვიდრე ერგნეთის გავლით თბილისში გადმოსვლისას.

აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალიდან ქართულ მხარეს გადმოსული ოსი პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკას პერიოდულად "წითელი ჯვარიც" ავრცელებს. ამ ინფორმაციის

მიხედვით, თუ გასულ წელს ქართველ ექიმებს 200-მა ცხინვალელმა მიმართა, 2017 წლის იანვრიდან მაისამდე მათი რიცხვი უკვე 120-ა. 2012-2015 წლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან 400-მდე პაციენტის მიმართვა დაფიქსირდა, უმრავლესობას ცხინვალელები შეადგენდნენ (არაოფიციალური ინფორმაციით, როდესაც პაციენტების გადმოყვანაში „წითელი ჯვარი“ არ ერევა და ცხინვალელები ლარსით შემოდიან, ეს რიცხვი უფრო მეტია).

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ცხინვალელი და აფხაზი პაციენტების რიცხვი, რომლებიც თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობენ, 6-ჯერ გაიზარდა. გაზრდილ სტატისტიკაზე მიუთითებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევიც და ამბობს,

რომ ადგილზე შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, ცხინვალიდან სამკურნალოდ ქართულ მხარეს ზოგჯერ დღეში 2-3 პაციანტიც კი გადმოდის.

რაც შეეხება ქართულ მხარეს სამკურნალოდ გადმოსულ ოს პაციენტებთან ურთიერთობას, ფაქტ-მეტრმა ამ საკითხის გასარკვევად 15-მდე ცხინვალელთან შეძლო გასაუბრება. არცერთი მათგანი ქართველ სპეცსამსახურებთან შეხვედრას არ ადასტურებს, პირიქით, ზოგიერთი იმასაც აღნიშნავს, რომ ქართულ კლინიკებში მკურნალობამ გარკვეული სტერეოტიპებიც კი დაუმსხვრია. მათი ნაწილი ქართველი ექიმების მიმართ მადლიერებას საჯაროდაც გამოთქვამს. გამონაკლისია ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი პაციენტი, ანონიმურობის დაცვის გარანტიით, აცხადებს,

რომ ქართულ კლინიკაში მკურნალობისას მისთვის მოქალაქეობა არ შეუთავაზებიათ, თუმცა სპეცსამსახურის წარმომადგენლები ნამდვილად ესაუბრნენ. საუბრის თემას ის არ ახმაურებს.

რა განწყობით ბრუნდებიან ოსი პაციენტები თბილისიდან ცხინვალში, ამ საკითხის გასარკვევად ფაქტ-მეტრი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჟურნალისტებსაც დაუკავშირდა. სამივე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე ადგილობრივებთან გამოკითხვას ხშრად ატარებენ და ქართულ კლინიკებში რაიმე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მათგან არცერთს გაუჟღერებია. მათი ნაწილი ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებებს სოციალურ ქსელშიც ღიად აფიქსირებს. საიდანაც ვლინდება, რომ უკან დაბრუნებულ ცხინვალელ პაციენტებზე ზეწოლის შემთხვევებს ადგილი თავად დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნების მხრიდან აქვს. არაღიარებული ხელისუფლება ზოგჯერ პრობლემებს ქართულ კლინიკებში მკურნალობის მსურველ საკუთარ თანამოქალაქეებსაც უქმნის. როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, ცხინვალში აღნიშნული სამედიცინო პროგრამის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ კლინიკებში მკურნალობაზე უარის თქმის მოტივით, ცხინვალის მოსახლეობაში ხშირად დეზინფორმაცია ვრცელდება. ცხინვალის რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებას ქართული მხარე აფსურდს უწოდებს და აცხადებს,

რომ ეს გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის პოზიციაა, რომელიც ხედავს, რომ მისი მოსახლეობა უფრო ენდობა საქართველოს, ვიდრე მის „ხელისუფლებას“.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლიდან დღემდე ცხინვალიდან ქართულ კლინიკებში გადმოსული პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, რასაც ოსური მხარეც ადასტურებს. რაც შეეხება ანატოლი ბიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას ცხინვალიდან გადმოსული მოქალაქეების დამცირების შესახებ, კვლევამ აჩვენა, რომ ეს ინფორმცია არცერთ საინფორმაციო საშუალებაში და არც პირადი კონტაქტების დროს არ დასტურდება. მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას არც ცხინვალელი ჟურნალისტები ადასტურებენ.

როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, ცხინვალში თბილისსა თუ ქუთაისში მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი და აღნიშნულ კლინიკებში მკურნალობაზე უარის თქმის მოტივით, ცხინვალის მოსახლეობაში ხშირად დეზინფორმაცია ვრცელდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანატოლი ბიბილოვის განცხადებაც ზემოხსენებულ დეზინფორმაციულ მიზნებს ემსახურება და არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი