კახეთში, მერობის კანდიდატების წარდგენისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა,

რომ „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო მოხელეების რაოდენობა 14 000-ით გაზარდა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს კანონი

საჯარო სამსახურის შესახებ (მუხლები 4, 5, 6) საჯარო მოხელეს განმარტავს ისეთ პირად, რომელიც „ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე“. საჯარო მოხელედ მიიჩნევიან როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები.

ფაქტ-მეტრთან საუბარში ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ განცხადებაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მე-6 თავში (

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები) მოცემული მომუშავეთა რიცხოვნობის მაჩვენებელი იგულისხმა და ერთმანეთს 2012-2016 წლების მონაცემები შეადარა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მე-6 თავში მოცემულია საქართველოს ცენტრალური (და არა ადგილობრივი თვითმმართველობის) მმართველობის სტრუქტურების საბიუჯეტო დაფინანსება, შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და რიცხოვნობა.

2012

წელს ცენტრალური მმართველობის ორგანოებში 102 976 ადამიანი მუშაობდა, 2016 წელს კი 115 756 ადამიანი, ანუ 13 ათასი ადამიანით მეტი. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით შემცირებულია, თუმცა 2017 წლისთვის მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდა არის დაგეგმილი.

  გრაფიკი 1:

საქართველოს ცენტრალური მმართველობის ორგანოებში მომუშავეთა რიცხოვნობა, 2012-2017 წლები

image001 წყარო: ფინანასთა სამინისტრო

აღნიშნული სხვაობა, რომელზეც ნიკა მელია საუბრობს, ძირითადად ცენტრალური მმართველობის სტრუქტურებში განხორციელებული რამდენიმე ცვლილებით იყო განპირობებული. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე უწყებად გაფორმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის მომუშავეთა რიცხოვნობა 2016 წლისთვის განისაზღვრა 3 850 ადამიანით. გარდა ამისა, გაიზარდა შსს-ში დასაქმებულთა რაოდენობა, რაც დიდწილად უწყების აქტივში მეხანძრეებისა და მაშველების აღრიცხვამ განაპირობა (სულ 4 936 თანამშრომელი). აქამდე მეხანძრეები და მაშველები ცენტრალური მმართველობის ორგანოებში დასაქმებულებად არ მიიჩნეოდნენ.

2013

წლამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და აიპ-ებში (მაგ. მუზეუმები, თეატრები, სასწავლებლები) დასაქმებულთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება სამინისტროს ბიუჯეტში არ იყო ნაჩვენები, რაც ბიუჯეტის ტექნიკური პრობლემა იყო. ამ პრობლემის გასწორების შედეგად გამოჩნდა, რომ სისტემაში სულ 7 048 ადამიანია დასაქმებული (გადმოწერამდე სისტემაში მომუშავეთა რიცხოვნობა 418 ადამიანით განისაზღვრებოდა).

ახალი პროგრამები დაემატა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს. გაიზარდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და დაცული ტერიტორიების მონიტორინგის თანამშრომელთა რიცხვი. სავარაუდოა, რომ საანგარიშო პერიოდში უშუალოდ საჯარო მოხელეთა რიცხვი ძირითადად სწორედ ამ სამინისტროთა აქტივების რეალური მატების ხარჯზე გაიზარდა.

გარდა ამისა, 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს სახელმწიფო სტრუქტურების მცირე ნაწილი გაუქმდა. ამასთან, შექმნილია რამდენიმე ახალი უწყებაც, რაც საერთო ჯამში, მომუშავეთა რიცხოვნობის ჯამურ მაჩვენებელში მნიშვნელოვან განსხვავებას არ იძლევა.

  დასკვნა

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2016 წელს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოხელეების რაოდენობა 115 756 ადამიანით განისაზღვრა. 2012 წელს აღნიშნული რაოდენობა 102 976 იყო, ანუ 13 000 ადამიანით ნაკლები. ხსენებული სხვაობა უშუალოდ საჯარო მოხელეების ზრდით განპირობებული არ ყოფილა. ეს ძირითადად ბიუჯეტის ტექნიკური ხარვეზის გასწორებამ განაპირობა, 2013 წლამდე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა ბიუჯეტში სრულად არ ეწერა. უფრო კონკრეტულად, კულტურის სამინისტროს აქტივში 6 029 მუზეუმის, თეატრისა და სახელოვნებო სასწავლებლის თანამშრომელი გაფორმდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულებს 4 936 მეხანძრე და მაშველი დაემატა, ჯამში 10 965 ადამიანი.

გარკვეული მატება სამინისტროებისა და ბიუროკრატიული აპარატების თანამშრომელთა რაოდენობაშიც შეინიშნება, თუმცა ამავე მიმართულებით არსებობს კლების ტენდენციებიც. ამდენად, აღნიშნული ცვლილებები მაჩვენებლის ჯამურ ოდენობაზე მნიშვნელოვან განსხვავებას არ იძლევა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი