თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა On.ge-სთან ინტერვიუში თბილისის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მან „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესაძლო ვარიანტებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „შეიძლება ძალიან უპასუხისმგებლო რაღაცას ვამბობ, მაგრამ ხელშეკრულებაში 25 მილიონის გადახდა კი არ წერია, არამედ, აღნიშნულია, რომ კონტრაქტის გაწყვეტამდე წინა სამი თვის განმავლობაში ამოღებული თანხა უნდა გამრავლდეს 12-ზე და შემდეგ კიდევ გამრავლდეს კონტრაქტით დარჩენილ წლებზე. სწორედ ამ ფორმულით გამოდის ხელშეკრულების გაწყვეტისთვის საჭირო 25 მილიონი. მე ნარმანიას ვეუბნებოდი, გამოვალ და ვიტყვი, რომ არავინ არ გადაიხადოს "სითი პარკის" გადასახადი, არც ჯარიმა და არც მოსაკრებელი. 100 ლარი რომ აეგროვებინათ სამი თვის განმავლობაში, ის გაამრავლეთ 12-ზე და და დარჩენილ წლებზე, გამოვიდოდა რა? ორი ათასი ლარი. ორი ათას ლარად გავუშვებდით „სითი პარკს“. უბრალოდ, ამას ხმამაღლა და საჯაროდ არ ვამბობდი

“.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

2007

წელს თბილისის მერიამ დედაქალაქში პარკირების ორგანიზებისთვის აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა კომპანიებმა შპს „სითი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან თბილისში ავტომანქანების პარკინგს კურირებს.

ხელშეკრულებით,

„სითი პარკს“ თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ექსკლუზიური მართვის უფლება გადაეცა (ხელშეკრულების მუხლი 1.1). თუ თბილისის მერია მესამე მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების მსგავს ან კონკრეტულ უფლებას სხვა სამთავრობო ორგანოს გადასცემს, შპს „სითი პარკი“ უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს (მუხლი 12.2). კომპენსაცია გადასახდელია არა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერია ხელშეკრულებას საკუთარი სურვილით შეწყვეტს („სითი პარკის“ მხრიდან ვალდებულებების დარღვევის გარეშე), არამედ მაშინაც კი, თუ შპს „სითი პარკი“ თავად შეწყვეტს ხელშეკრულებას ქალაქ თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: 500 000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. ხოლო, თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერია ვალდებული იქნებოდა შპს „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების ხარჯები აენაზღაურებინა, რაც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სითი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

„ქართული ოცნების“ ქალაქის ხელისუფლებაში მოსვლის დროს (2014 წლის აგვისტო), შპს „სითი პარკთან“ ხელშეკრულების დადებიდან ოთხი წელი უკვე გასული იყო. აქედან გამომდინარე, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მისთვის გადასახდელი კომპენსაციის რაოდენობა მართლაც „სითი პარკის“ შემოსავლის მიხედვით განისაზღვრებოდა. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ „სითი პარკის“ ჯარიმას და მოსაკრებელს მოსახლეობა დემონსტრაციულად არ გადაიხდიდა, სითი პარკის შემოსავალი შემცირდებოდა, შესაბამისად, საკომპენსაციო თანხა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე 25 მილიონი.

ხელშეკრულებაში

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემოსავლების გადანაწილებაა. ხელშეკრულების მიხედვით (11.3), თბილისის მერიას პარკირების შემოსავლის 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი (ისეთი მომსახურება, რაც არ არის აღნიშნული ხელშეკრულებაში) ეკუთვნოდა, ხოლო შპს „სითი პარკს“ პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი (მაგ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების თვლების ბლოკირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა).

შემოსავლების აღნიშნული გადანაწილების შესაბამისად, თბილისის მერიის შემოსავალი პარკირებიდან, წლების მიხედვით შემდეგი იყო:

ცხრილი 1:

მერიის წილი „სითი პარკის“ შემოსავლიდან, 2011-2017 წლები (მლნ ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 (6 თვე)
შემოსავალი 3.2 4.8 4.5 4.9 6.8 8.3 4.4

როგორც გაირკვა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში (2014-2017) მერიის „სითი პარკიდან“ მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 24.4 მილიონი ლარი შეადგინა. თუ ამას დავუმატებთ საკომპენსაციო თანხას (როგორც ამბობენ 25 მილიონი ლარი), ძნელი სათქმელია, უღირს თუ არა მერიას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა. სავარაუდოდ, მერიას ურჩევნია 50 მილიონი ლარის შენარჩუნება და დედაქალაქში პარკირების სისტემით უკმაყოფილო თბილისელების გულისწყრომის კვლავ „სითი პარკისკენ“ მიმართვა.

მეორე საკითხია, რა აღსრულების მექანიზმი არსებობს „სითი პარკის“ ჯარიმების და მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში. „სითი პარკს“, ხელშეკრულების მიხედვით, გარკვეული უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული, მათ შორის არასწორი პარკირებისთვის ავტომობილის მძღოლების დაჯარიმების (10 ლარით) უფლება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 1252). არასწორი პარკირებისთვის დაწესებული 10 ლარიანი ჯარიმის 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შეთხვევაში, პირს საურავის სახით ეკისრება 150 ლარის გადახდა. თუ ჯარიმას და საურავს დაჯარიმებული პირი არ გადაიხდის 30 დღის ვადაში, საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცემა (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი, მუხლი 907 ,909). გარდა ამისა, თუ ავტომობილი გაჩერებულია „დგომა აკრძალულია“, “გაჩერება აკრძალულია“ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში და სხვა დარღვევების დროს,

„სითი პარკს“ ავტომობილი სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაჰყავს. სპეციალური ავტოსადგომიდან ავტომობილის წასაყვანად მოქალაქემ 60 ლარი უნდა გადაიხადოს.

  დასკვნა

შპს „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდებოდა მისი დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერია ვალდებული იქნებოდა შპს „სითი პარკისთვის“ კომპენსაცია გადაეხადა, რაც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სითი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის რაოდენობა მართლაც კომპანიის შემოსავლის მიხედვით განისაზღვრებოდა. შესაბამისად, ელისაშვილის დაშვება ("სითი პარკისთვის" ჯარიმის და მოსაკრებლის გადაუხდელობა) მინიმუმ ერთი წელი მაინც უნდა გაგრძელებულიყო, რადგან სწორედ გასული 12 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება საკომპენსაციო თანხა.

„სითი პარკის“ ჯარიმები შეიძლება მოსახლეობას მართლაც არ გადაეხადა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ უკვე საჯარიმო სადგომზე გადაყვანილ ავტომობილს ვინმე მთელი წლის განმავლობაში იქვე დატოვებდა, მით უმეტეს, რომ სადგომზე ავტომობილის დამატებით 24 საათით გაჩერების შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი ვალდებულია თითო გადაცილებულ დღეზე დამატებით 10 ლარი გადაიხადოს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ალეკო ელისაშვილის დაშვების განხორციელების შემთხვევაში, „სითი პარკის“ შემოსავალი ნამდვილად შემცირდებოდა და, შესაბამისად, საკომპენსაციო თანხაც. თუმცა, ამ იდეის რეალობაში განხორციელება ძალიან რთული იქნებოდა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი