პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტიის მხარდაჭერაზე ისაუბრა და განაცხადა:

„თუ ჩვენ შევადარებთ ორ საპარლამენტო არჩევნებს [2012 და 2016 წლების] ერთმანეთს, ვნახავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს გაზრდილი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო) მიხედვით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და შეადგენდა 2 197 243-ს, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60.8% იყო. აქედან, ამომრჩეველთა 54.97%-მა (1 181 862) მხარი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. ცესკო-ს მონაცემებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო აქტივობა შეადგენდა 1 814 276-ს, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48.9%-ია. მათგან 856 638-მა ამომრჩეველმა (48.68%) მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს პარტიას მხარდაჭერა, როგორც რიცხობრივად, ისე პროცენტულად, შეუმცირდა. რაც შეეხება დეპუტატების რაოდენობას, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიით 41 მანდატი მოიპოვა, აღნიშნულს დაემატა 44 მაჟორიტარი დეპუტატი - სულ 85 ადგილი 150-დან. 2016 წელს პროპორციული სიით „ოცნებამ“ 37 მანდატის მოპოვება მოახერხა, რომელსაც დაემატა 7 გადაუნაწილებელი მანდატი, ყველაზე მეტი ადგილი კი მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვა - 71 მანდატი, სულ - 115. 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გაცილებით ნაკლები მხარდაჭერით უფრო მეტი მანდატი მოიპოვა პარლამენტში. აღნიშნული დაკავშირებულია შერეულ საარჩევნო სისტემასთან. ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოს მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ე.წ. მაჟორიტარული სისტემა ხელს უწყობს მმართველი პარტიის კიდევ უფრო გაძლიერებას, მეორე მხრივ კი ხელს უშლის პარლამენტს, იყოს მრავალპარტიული (კომისიის დასკვნა, მე-4 თავი, 23-ე პუნქტი). ვენეციის კომისია მოხარული იქნებოდა, რომ პარლამენტის არჩევის დღევანდელი ე.წ. შერეული მოდელი ჩანაცვლებულიყო და 2020 წლისთვის ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. ეს ის ცვლილებაა, რომელსაც დიდი ხანია ელოდება ევროსაბჭოს საპარლამნტო ასამბლეა და ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან (კომისიის დასკვნა, თავი მე-4, 27-ე პუნქტი). სისტემის მანკიერებაზე თანხმდება მოქმედი ხელისუფლებაც, რადგან მისი შეცვლა განიზრახა, თუმცა, აღნიშნული ცვლილება 2024 წლისთვის გადადო.

დასკვნა 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის აქტიურობა, აგრეთვე, შემცირებულია „ქართული ოცნების“ მხრადამჭერთა მაჩვენებელი, როგორც რიცხობრივად, ისე პროცენტული მონაცემებით. 2012 წელს „ოცნებას“ ხმა მისცა აქტიური ამომრჩევლის 54.97%-მა, ხოლო 2016 წელს 48.68%-მა. რაც შეეხება პარლამენტში დეპუტატების ოდენობას, "ქართული ოცნების" პროპორციული სიით შესული დეპუტატების რაოდენობა შემცირდა, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი მაჟორიტარების და გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე იქნა მოპოვებული. მაჟორიტარული სისტემა რომ მმართველი ძალის კიდევ უფრო გაძლიერებას უწყობს ხელს, ეს ვენეციის კომისიამ არაერთხელ აღნიშნა.

როგორც აღვნიშნეთ, ყველანაირი მაჩვენებელით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირებულია, ხოლო თუ არჩილ თალაკვაძე პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის ზრდას მხარდაჭერის ზრდად მიიჩნევს, ეს თავისთავად არასწორი მიდგომაა, რადგან ამის გარანტორი დიდწილად მოქმედი საარჩევნო სისტემაა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი