ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა: „საკრებულომ ბოლო სამი წლის განმავლობაში 41 მილიონი ლარი დახარჯა და აქედან 19 მილიონი ლარი ხელფასებში დახარჯა“.

ფაქტ-მეტრი აღიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

თბილისის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 820.6 მლნ ლარით განისაზღვრა,

საიდანაც თბილისის საკრებულო 12.6 მლნ ლარით დაფინანსდა. 2016 წელს საკრებულოს ბიუჯეტი 14 მლნ ლარი იყო, ხოლო 2015 წელს 13.6 მლნ ლარი. ჯამში, 2015-2107 წლებში საკრებულოს ბიუჯეტმა დაახლოებით 40 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოში დასაქმებულთა დაფინანსებას, მიმდინარე წლის ბიუჯეტით, შრომის ანაზღაურების ფონდი 6.6 მლნ ლარით განისაზღვრა, 2016 წელს 7.4 მლნ ლარით, ხოლო 2015 წელს 6.8 მლნ ლარით. ბოლო სამი წლის განმავლობაში საკრებულოს შრომის ანაზღაურების მუხლი 20.8 მლნ ლარით დაფინანსდა, რაც საკრებულოს ბიუჯეტის 52%-ია.

  ცხრილი 1:

თბილისის საკრებულოს ბიუჯეტი 2015-2017 წლებში (ათასი ლარი)

2012 2013 2014 2015 2016 2017 (გეგმა) ჯამი
საკრებულოს ბიუჯეტი 6 745 10 030 13 351 13 633 14 052 12 647 40 332
შრომის ანაზღაურება 3 436 6 377 8 238 6 788 7 361 6 618 20 767
მომუშავეთა რიცხოვნობა 191 241 241 265 272 216 -
 

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ რამდენად მაღალია 2015-2017 წლებში საკრებულოს ბიუჯეტით გაწერილი შრომის ანაზღაურება, ფაქტ-მეტრი 2009 წლიდან 2014 წლის ჩათვლით საკრებულოს ბიუჯეტს გაეცნო. 2014 წელს საკრებულოს ბიუჯეტი 13.4 მლნ ლარი იყო, 2013 წელს 10 მლნ ლარი, ხოლო 2012 წელს 6.8 მლნ ლარი. ჯამში, 2012-2014 წლებში, საკრებულოს ბიუჯეტმა 30 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო შრომის ანაზღაურებამ 18.9 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის 60% იყო. 2009-2011 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 16.5 მლნ ლარი იყო. აქედან შრომის ანაზღაურების ფონდზე 8 მლნ ლარი მოდიოდა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 50%-ია.

თბილისის საკრებულოს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება (2009 წლიდან დღემდე გამონაკლისია მხოლოდ 2017 წელი). შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ბოლო წლებში გაზრდილია როგორც საკრებულოს ბიუჯეტი, ასევე შრომის ანაზღაურების ფონდი. თუმცა, 2012-2014 წლებთან შედარებით, 2015-2017 წლებში საკრებულოს ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების წილი შემცირებულია.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკრებულოს ხარჯებში ხელფასების მაღალი წილი ლოგიკურია, რადგან ბიუჯეტით საკრებულოს წევრების და აპარატის საქმიანობა ფინანსდება, სხვა სახის ხარჯები კი საკრებულოს თითქმის არ გააჩნია. ხელფასების შემდეგ ყველაზე მეტი თანხა საქონლის და მომსახურების (საკანცელარიო ნივთები, ავეჯი, საწვავი, ტექნიკა და ა.შ.). შეძენაზე იხარჯება (2017 წლის ბიუჯეტში 5 მლნ ლარი), რაც ასევე საკრებულოში დასაქმებულთა საქმიანობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

დასკვნა 

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2015-2017 წლებში საკრებულოს ბიუჯეტმა დაახლოებით 40 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 20.8 მლნ ლარით, მთლიანი ბიუჯეტის 52%-ით, შრომის ანაზღაურების ფონდი დაფინანსდა. რაც შეეხება 2012-2014 წლებს, სამ წელში საკრებულოს ბიუჯეტმა ჯამში 30 მლნ ლარი შეადგინა.

საკრებულოს ბიუჯეტი 2009-2017 წლებში ყოველიწურად იზრდებოდა (გარდა 2017 წლისა). თუმცა, 2015-2017 წლებში საკრებულოს ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების დაფინანსების წილი 2012-2014 წლებთან შედარებით შემცირებულია.

როდესაც ხელისუფლების მხრიდან ხშირად არის საუბარი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, ამ ფონზე, საკრებულოს ბიუჯეტის ზრდა არამართებულია. თუმცა, საკრებულოს ბიუჯეტში სახელფასო ხარჯების მაღალი წილი ლოგიკურია და ამაში საგანგაშო არაფერია.

ფაქტ-მეტრი ნიკა მელიას განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი