საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

„საგადასახადო რეფორმის შედეგად, კერძო სექტორს, ბიზნეს სექტორს, რეინვესტირებისა და შემდგომი განვითარებისთვის, მხოლოდ 2017 წელს დარჩა 360 მლნ ლარით მეტი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის შემოღების მიზნით საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის მაისში მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა. რეფორმის მიხედვით, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი მოგების მხოლოდ განაწილებული ნაწილია, მოგების რეინვესტირებული ნაწილი კი დაბეგვრას აღარ ექვემდებარება.

საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების გარეშე, 2017 წელს მოგების გადასახადის სახით 1.2 მლრდ ლარის მობილიზება იქნებოდა შესაძლებელი. დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად კი მოგების გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების გეგმა 2016 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 299 მლნ ლარით შემცირდა და 681 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, რეფორმის შედეგად, მიმდინარე წლის ბიუჯეტს 519 მლნ ლარი დააკლდებოდა და ეს თანხა ბიზნესში დარჩებოდა. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის

თანახმად, 3 კვარტლის განმავლობაში რეინვესტირების მიზნით ბიზნესისთვის დატოვებული სახსრების მოცულობა 368 მლნ ლარს შეადგენს.

ამავდროულად, ბიზნესში დატოვებულ სახსრებზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოგების გადასახადის რეფორმით გამოწვეული ბიუჯეტის დანაკლისის დასაბალანსებლად ხელისუფლებამ აქციზის გადასახადი გაზარდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში

აქციზის გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების გეგმა 615 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1 627 მლნ ლარის ნიშნულზეა.

აქციზის გადასახადი ე.წ. არაპირდაპირი გადასახადია და მას მომხმარებელი იხდის, რადგან პროდუქციის ფასშია ასახული. თუმცა, ეს პირობითი (ბუღალტრული მიზნებისთვის) დაყოფაა და რეალურად ნებისმიერი გადასახადის ტვირთი ბიზნესსა და მომხმარებელზე ნაწილდება. აქციზის გადასახადი გაიზარდა ისეთ საქონელზე (სიგარეტი, საწვავი), რომლის მოხმარებაზე მოსახლეობას მაღალი დამოკიდებულება აქვს და ფასის ზრდის გამო მოხმარებას ნაკლებად ამცირებს. შესაბამისად, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი მომხმარებელმა მეტად გაიზიარა, ვიდრე მწარმოებელმა. შეიძლება ითქვას, რომ მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად ბიზნეს სექტორისათვის დამატებითი რესურსის დატოვება, საბოლოო ჯამში მომხმარებლებისათვის საგადასახადო ტვირთის ზრდის ხარჯზე განხორციელდა. თუმცა, გადაწყვეტილების წმინდა ეკონომიკური ეფექტი თეორიულად დადებითია, რადგან, სხვა თანაბარ პირობებში, ბიზნესის მიერ განკარგული რესურსის ეკონომიკური ეფექტი, აღემატება ფიზიკური პირის მიერ განკარგული იდენტური რესურსის ეკონომიკურ ეფექტს.

დასკვნა

ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საგადასახადო რეფორმის შედეგად 2017 წლის განმავლობაში ეკონომიკაში 519 მლნ ლარით მეტი უნდა დარჩენილიყო. 3 კვარტლის მონაცემებით კი სახელმწიფომ ბიზნესს 368 მლნ ლარით მეტი დაუტოვა. აღნიშნული ცვლილებით გამოწვეული ბიუჯეტის დანაკლისი ხელისუფლებამ აქციზის გადასახადის ზრდით დააბალანსა.

მოგების გადასახადის რეფორმის წმინდა ეკონომიკური ეფექტი გრძელვადიან პერიოდში თეორიულად დადებითი იქნება. თუმცა, ბიუჯეტის დანაკლისის აქციზის გადასახადის ზრდით დაბალანსების უკეთესი ალტერნატივა ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების (მაგალითად, ადმინისტრაციული ხარჯები) შემცირება იქნებოდა, ეს რეფორმის შედეგებს მოკლევადიან პერიოდშიც აშკარად დადებითს გახდიდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი