ნოემბრის თვეში, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა: „ფორმალურად მაინც საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკებში ან საპარლამენტო სისტემებში მთავრობის თავმჯდომარე - პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დადის ყოველ კვირას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში, დღიდან მისი დამტკიცებისა, არ ყოფილა არასდროს“.

საქართველოში არსებული მოდელიდან

გამომდინარე რთული სათქმელია, თუ რომელ მმართველობის ფორმას მიეკუთვნება ის. შესაძლებელია იმის თქმა, რომ საქმე არც მკაცრად საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო მოდელებთან არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებული მოდელი შერეულია და მას ძალაუფლების გადანაწილებიდან გამომდინარე უფრო ნახევრად-საპარლამენტო შეიძლება ეწოდოს. თუმცა, ამ სტატიაში ფაქტ-მეტრის კვლევის საგანს ეს არ წარმოადგენს. ჩვენ დავინტერესდით, მართლაც იყო თუ არა პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში მისი პოსტზე დამტკიცების შემდეგ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობაზე 2015 წლის 30 დეკემბერს დამტკიცდა. მას შემდეგ ის საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა 2016 წლის 26 ნოემბერს, როდესაც საქართველოს IX მოწვევის პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მთავრობას ნდობა გამოუცხადა. როგორც პარლამენტის აპარატის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან 

ირკვევა, სხვა დროს გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში ვიზიტით არ ყოფილა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე“. გამოდის, რომ 2016 წლის 26 ნოემბრის ვიზიტისას, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებამდე, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო და არა პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, მისი ეს ვიზიტი არ უნდა ჩაითვალოს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ვიზიტად.

მართალია, გიორგი კვირიკაშვილი ამ დროის განმავლობაში მისი ინიციატივით არ ყოფილა საქართველოს პარლამენტში, მაგრამ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 206-

ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით პარლამენტს უფლება ჰქონდა პლენარულ სხდომაზე მოეწვია პრემიერი. ფაქტ-მეტრმა დაადგინა, რომ აღნიშნული უფლების არსებობის მიუხედავად 2015 წლის 30 დეკემბრიდან დღემდე არც მერვე და არც მეცხრე მოწვევის პარლამენტს ამ უფლებით არ უსარგებლია. გამოდის, რომ არც საქართველოს პარლამენტის მხრიდან მომხდარა პრემიერ-მინისტრის მოწვევა და არც თავად გიორგი კვირიკაშვილი მისულა პარლამენტში თავისი ინიციატივით.

მართალია, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში 206-ე მუხლის საფუძველზე არ ყოფილა მოწვეული, მაგრამ როგორც პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, უმცირესობა რეგულარულად იწვევს პრემიერს და მინისტრებს უმცირესობის ფორმატში. ამის მიუხედავად, როგორც წესი, წერილზე პასუხია, რომ მათ ასეთი შეხვედრებისთვის დრო არ აქვთ.

2017 წლის 20 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილი თბილისში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმცირესობებსა და უმრავლესობებს შეხვდა. აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 26 ნოემბერს ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის შემადგენლობის ერთი მესამედი შეიცვალა. ასეთ შემთხვევებში, საქართველოს კონსტიტუციის  811 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნდობის გამოცხადება პარლამენტის მიერ ახლიდან უნდა მოხდეს. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს 2017 წლის 15 დეკემბერს მიმართა და საქართველოს კონსტიტუციის 811 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით ახალი შემადგენლობა წარუდგინა. გიორგი მარგველაშვილმა 2017 წლის 18 დეკემბერს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად საქართველოს მთავრობის შემადგენლობა გაუგზავნა.

 დღეს გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე იმყოფება, სადაც მთავრობის დამტკიცება უნდა მოხდეს.

იმის შემდგომ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი შემადგენლობა გაუზავნა მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლით დადგენილი წესები. სტატიაში უკვე აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მე-80 მუხლის შესაბამისად, 20 და 21 დეკემბრის შეხვედრებისას პრემიერ-მინისტრი რეალურად მოვალეობის შემსრულებელია.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილი მისი პირველად დამტკიცების შემდეგ პარლამენტში იმყოფებოდა 2016 წლის 26 ნოემბერს, გუშინ და დღეს - 21 დეკემბერს. აღნიშნული ვიზიტის დროს, საქართველოს კონსტიტუციის გაგებით, ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო დამტკიცებამდე. აქედან გამომდინარე, ეს შემთხვევები არ უნდა ჩაითვალოს მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის ვიზიტად საქართველოს პარლამენტში. გამოდის, რომ გიორგი კვირიკაშვილს მართლაც არასდროს ჰქონია პრემიერ-მინისტრის რანგში საქართველოს პარლამენტში ვიზიტი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი