საპარლამენტო უმცირესობის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, სერგო რატიანმა, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე ისაუბრა და განაცხადა:

„პრობლემა არის ის, რომ დღეს 45 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, შარშან იყო 38 000. შესაბამისად, უნდა გადაიხედოს გრანტების განაწილების წესი. 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ნაწილობრივ შეცვალა ეს წესი და ახლა არის არარაციონალური და უსამართლო განაწილების წესი. მნიშვნელოვანია, ამ წესის კორექტირება ან ძველ წესზე დაბრუნება“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა მხოლოდ განცხადების პირველი ნაწილი, რომელშიც საუბარია სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობაზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს (გრანტების განაწილების წესის რაციონალურობა), ჩვენ ამ თემაზე კვლევას ვაგრძელებთ და შესაბამისი მონაცემების მიღების შემთხვევაში მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.

სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. სტატია 1; სტატია 2; სტატია 3). განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,

ბოლო წლებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი იზრდება (იხ. ცხრილი 1) და 2017 წელს (1 ნოემბრის მდგომარეობა) 45 181 შეადგენს, მათგან 33%-ს (14 910 სტუდენტი) სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. 2016 წელს სტატუსი 37 021 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, მათგან 26%-მა (9 626 სტუდენტი) სწავლა ფინასური დავალიანების გამო ვერ გააგრძელა.

ცხრილი 1:

 სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა (2013-2017 წლები)

თარიღი სტუდენტები (სულ) სტატუსშეჩერებული სტუდენტები ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი / %
01/11/2013 147 648 21 704 3 256  (15%)
01/11/2014 158 410 28 941 6 657  (23%)
01/11/2015 174 076 34 716 6 943  (20%)
01/11/2016 191 128 37 021 9 626  (26%)
01/11/2017 205 496 45 181 14 910  (33%)
წყარო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ბაზის ასლებს ინახავს და ინფორმაციას მხოლოდ ყოველი წლის პირველი ნოემბრის ან პირველი აპრილის მდგომარეობით გასცემს. იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრმა ბაზის ასლების შენახვა 2013 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო, ინფორმაციაც სწორედ 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე არსებული მდგომარეობის შესახებ მივიღეთ. რა მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით 2012 წელს და უფრო ადრე, მისი არ ქონის მიზეზით, ცენტრმა ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა.

  დასკვნა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 2013 წლიდან ყოველწლიურად იზრდება (ცენტრს არ აქვს ინფორმაცია როგორი იყო ეს მაჩვენებლები 2012 წელს და უფრო ადრე). ასევე, იზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდათ. თუ 2013 წელს ასეთი სტუდენტები საერთო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის 15%-ს შეადგენდა, 2017 წლის იგივე მაჩვენებელი 33%-ს შეადგენს. 2016 წელს სტატუსი შეუჩერდა 37 021 სტუდენტს, მათგან 9 626 სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო. 2017 წელს სტატუსი შეუჩერდა 45 181 სტუდენტს, ფინანსური დავალიანების გამო - 14 910-ს.

სერგო რატიანმა, გარდა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობისა, ისაუბრა სახელმწიფო გრანტების განაწილების სისტემაზეც და მას არარაციონალური უწოდა. აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრი აგრძელებს განცხადების ამ ნაწილის შემოწმებას და შესაბამისი მონაცემების მიღების შემთხვევაში მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ სერგო რატიანის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი