თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებას, მერიის მაღალჩინოსნების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, შემდეგი განცხადებით

უპასუხა: „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, თითქოს თბილისის მერიაში მოადგილეებს გაეზარდათ ხელფასები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი თეთრით არ გაზრდილა 2018 წლის ხელფასები, მხოლოდ სახელის ცვლილება მოხდა. დანამატი და თანამდებობრივი სარგო გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, შრომის გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და დანამატს მოიცავს. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი დაამტკიცა.

აღნიშნული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განსაზღვრული ყველა რანგის სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს ზღვრულ მაჩვენებელს აწესებს. თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილის მიხედვით (მუხლი 5.3).

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტად 8.50 განისაზღვრა, მერის პირველი მაოდგილის - 7.5 და მერის მოადგილის 7.25 (დანართი 4, ცხრილი 4.1)

კანონი ასევე ადგენს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ზღვრულ ოდენობას - სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა- თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს (მუხლი 26). ფულადი ჯილდოს წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პირის  თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს (მუხლი 28).

ამავე კანონით, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევა (მუხლი 20, მუხლი 21). აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, მერის პირველი მოადგილე და მერის მოადგილეები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან („საჯარო სამსახურის შესახებ“ თავი I, მუხლი 3), შესაბამისად, კანონის მიხედვით, ისინი სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს არ მიიღებენ.

კანონი „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მერიის სტრუქტურული ერთეულების, დედაქალაქის საკრებულოს და თბილისის რაიონული გამგეობების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო აღნიშნული კანონის შესაბამისად განსაზღვრა. 2018 წლის 16 იანვარს თბილისი საკრებულომ შესაბამისი ცვლილებები დაამტკიცა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის მიხედვით, თბილისის მერისა და მისი მოადგილეების თანამდებობრივი სარგო შემდეგი ოდენობით განისაზღვრა:

ცხრილი 1: 2018

წელს თბილისის მერის, ვიცემერის და მერის მოადგილის თანამდებობრივი სარგო

თანამდებობა რაოდენობა თანამდებობრივი სარგო, ლარი
თბილისის მერი 1 3 180
ვიცე-მერი 1 6 300
მერის მოადგილე 4 6 150

თბილისი მერის, ვიცე მერის და მერის მოადგილეების ხელფასებს, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრამდე შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 2: 2014-2017

წლებში თბილის მერის, ვიცე მერის, მოადგილეების თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი, ლარი

წელი შრომის ანაზღაურება თბილისის მერი ვიცე მერი მერის მოადგილე
2014 (5 თვე) თანამდებობრივი სარგო 3 148 2 891 2 744
პრემია - - -
დანამატი - 3 492 3 303
ჯამი 3 148 6 383 6047
2015 თანამდებობრივი სარგო 3 180 1357 2 800
პრემია - 196 420
დანამატი - 1 292 3 360
ჯამი 3 148 2 845 6 580
2016 თანამდებობრივი სარგო 3 180 2 950 2 800
პრემია - 122 116
დანამატი - 3 050 3 360
ჯამი 3 180 6 122 6 276
2017 (9 თვე) თანამდებობრივი სარგო 3 180 2 950 2 800
პრემია -
დანამატი - 3 350 3 350
ჯამი 3 180 6 300 6 150
წყარო: თბილისის მერია

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2018 წელს მერის, ვიცე-მერის და მერის მაოადგილეების თანამდებობრივი სარგო ზუსტად იგივეა, რაც 2017 წელს მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილეების  თანამდებობრივი სარგო და სახელფასო დანამატი ერთად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული კანონის მიხედვით პოლიტიკური თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ მიეცემათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილეების 2018 წლის წლიური შემოსავალი 2017 წლის წლიური შემოსავლის იდენტური

იქნება, იმ განსხვავებით, რომ 2018 წელს მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს აიღებენ, 2017 წელს კი აღნიშნული პირები (მერის გარდა) თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სახელფასო დანამატსაც იღებდნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მერიის შრომის ანაზღაურება 82 716 500 ლარით განისაზღვრა, რაც 2017 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის ანაზღაურებასთან შედარებით 5.2 მილიონით ნაკლებია.

ცხრილი 3:

მერიის, საკრებულოს, მერიის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება 2017-2018 წლებში (ათას ლარებში)

ბიუჯეტი 2017 წლის გეგმა 2018 წლის გეგმა სხვაობა
მერია 87 886 82 716 5 170
საკრებულო 6 618 5 604 1 014
მერიის ადმინისტრაცია 4 886 4 297 589
წყარო: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, მერიის ადმინისტრაციის და საკრებულოს შრომის ანაზღაურება შემცირებულია. გარდა ამისა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უმრავლესობაში შრომის ანაზღაურება წინა წლის ანალოგიურია. მხოლოდ რამდენიმე საქალაქო სამსახურში, კერძოდ: იურიდიულ, უსაფრთხოების და ქონების მართვის სააგენტოშია შემცირებული. შრომის ანაზღაურების მუხლი შემცირებულია თბილისის ათივე გამგეობაშიც.

დასკვნა 2018

წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“. აღნიშნული კანონის მიხედვით, ყველა რანგის სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს ზღვრული მაჩვენებელი კოეფიციენტით დგინდება, რომლის ზღვრული ოდენობა ამავე კანონით არის დადგენილი.

ამავე კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა. 2018 წელს თბილისის მერის, ვიცე-მერის, მერის მაოდგილეების თანამდებობრივი სარგო რაოდენობრივად იგივე დარჩა, რაც იყო 2017 წელს აღნიშნული პირების თანამდებობრივი სარგო და სახელფასო დანამატი ერთად აღებული. შესაბამისად, ვიცე-მერის და მერის მოადგილეების შრომის გასამრჯელო არ გაზრდილა. თუ  წინა წლებში აღნიშნული პირები (მერის გარდა) თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სახელფასო დანამატსაც იღებდნენ, ახალი კანონის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირები სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს აღარ მიიღებენ, მათი შრომის გასამრჯელო მხოლოდ თანამდებობრივი სარგოსგან შედგება.

ამდენად, თბილისის მერის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი