თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან 9 თვე გავიდა. გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნილი და სამშობლოდან გამოქცეული მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში და არც თავად ჟურნალისტის ბრალდება გაუბათილებია, რომლის მიხედვითაც მისი გატაცება ქართულ-აზერბაიჯანულ  მხარეებს შორის  წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია

იყო.

მიმდინარე წლის 8 თებერვალს, მუხთარლის მიერ მისი გატაცების ორგანიზებაში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და  სხვა მაღალჩინოსნების შესაძლო მონაწილეობასა და ინტერესებზე ეჭვის მიტანამ კი უმრავლესობის წარმომადგენლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთი დეპუტატის მიერ ჟურნალისტის ქმედებები ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ ბრძოლადაც კი შეფასდა. აფგან მუხთარლის ბრალდებები გარკვეულ ეჭვებს თბილისის მერსაც უჩენს, რომელმაც მუხთარლის განცხადებები დაუსაბუთებლად და არაარგუმენტირებულად შეაფასა. „დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ ჩვენს წარმომადგენლებს აზერბაიჯანში და ეს აჭიანურებს საქმეს. ჩვენი მხრიდან საგამოძიებო კუთხით რა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი, ეს ნაბიჯები გადადგმულია. ვიხილეთ შსს-ს დასკვნა და ამ პროცესზე, ბუნებრივია ვაგრძელებთ დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა

კალაძემ.

ფაქტ-მეტრმა კახა კალაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

გამოძიების ერთადერთი ოფიციალური ინფორმაცია, რაც საზოგადოებისთვის აფგან მუხთარლის საქმეზე ამ დრომდეა ცნობილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ 2017 წლის 20 ივლისს წარდგენილი შუალედური დასკვნაა. თუმცა, არც აღნიშნული გამოირჩეოდა ინფორმაციულობის მაღალი ხარისხით, რადგან მხოლოდ რიგი საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ამცნობდა საზოგადოებას, არ შეიცავდა კონკრეტულ მტკიცებულებებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არსებულ კითხვებს კვლავ უპასუხოდ ტოვებდა. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. „სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე გამოიკითხება ყველა პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან“, - ვკითხულობთ პროკურატურის 20 ივლისის განცხადებაში,

თუმცა მას შემდეგ პროკურატურას არანაირი განცხადება აღარ გაუკეთებია, შესაბამისად საზოგადოებისთვის უცნობია, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება.

ამასთან, ლეილა მუსტაფაევას, ადვოკატის და ყოფილი სახალხო დამცველის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ. ამასთან, უჩა ნანუაშვილი პროკურატურას დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლისკენაც მოუწოდებდა,

რადგან მისი განცხადებით, ის მუხლი რომლითაც გამოძიება დაიწყო, არ მოიცავდა დანაშაულის ყველა იმ  ნიშანს, რომელზეც აფგან მუხთარლი აპელირებდა. კერძოდ, საუბარია იმ დამამძიმებელ გარემოებებზე როგორიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ან/და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. თუმცა, გამოძიება კვლავ იმ მუხლით მიმდინარეობს, რომლითაც დაიწყო.

ჟურნალისტის გაუჩინარებიდან 6 თვის თავზე სახალხო დამცველმა პროკურატურას იმ სკანდალური ვიდეო ჩანაწერების შესახებაც სთხოვა განმარტების გაკეთება, რომელიც გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გავიდა და რომლის თანახმადაც, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ კადრში აფგან მუხთარლი უნდა გამოჩენილიყო, კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება. კერძოდ, იცვლება დრო, ამინდი და მანქანები. „საქართველოს პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, სხვადასხვა ობიექტებიდან გამოთხოვილ იქნა ათეულობით ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, რომელთა ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ექსპერტიზა არ დანიშნულა“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველისთვის პროკურატურის მიერ გაცემულ პასუხში. გამოძიების არაეფექტურობაზე გაამახვილა ყურადღება ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმაც. „დიდი ხანია, არაფერი გვსმენია ამ გამოძიების მიმდინარეობაზე და იქ არსებული რაიმე პროგრესის თაობაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ არაეფექტურია ეს გამოძიება და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოპოვებული იქნეს მედიის საშუალებით თუ დაკავებულ პირთან კონტაქტის საშუალებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის. ასევე, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს განსაკუთრებით როცა საუბრობს გატაცების გარემოებებზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პროკურატურამ თხოვნით მიმართა აზერბაიჯანელ მხარეს, რომ მიეცათ დაკავებულის დაკითხვის შესაძლებლობა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს პასუხი რა ხდება“, - განაცხადა

ნინო ლომჯარიამ.

აღსანიშნავია, რომ აფგან მუხთარლი, რომელსაც აზერბაიჯანის სასამართლომ 2018 წლის 14 იანვარს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაღუპული ნათესავების ორმოცზე დასწრების მიზნით, საპატიმროდან 2 დღით გამოუშვეს. სწორედ ამ დროს, მედიასაშუალებებით მან არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, მათ შორის დეტალურად გაიხსენა მისი გატაცების დღე და  განაცხადა, რომ მისი გატაცების ოპერაციაში ქართველი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, უშუალოდ ბრძანება კი პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მუხთარლის განცხადებები მისი ციხეში 16 საათით ადრე შებრუნების საფუძველი გახდა. მართალია მმართველი გუნდი უარყოფს და მუხთარლის ბრალდებებს აბსურდად მიიჩნევს, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ამ დრომდე კონკრეტული პასუხი, რაც საქმეში არსებულ გარკვეულ ეჭვებს გაფანტავდა, არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას პასუხისმგებელი პირები ჯერ არ დაუდგენია მუხთარლის გატაცების საქმეზე, 2017 წლის 20 ივლისს თანამდებობები დაატოვებინეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრ-დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, რაც თავის დროზე ოპოზიციის მხრიდან კვალის არევის მცდელობად შეფასდა. აღსანიშნავია, რომ საქმის მნიშვნელობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე მუხთარლის გაუჩინარების პირველივე დღიდანვე საუბრობდნენ. ზოგადად კომისიის შექმნის შესახებ მოსაზრებებს უმრავლესობაშიც იზიარებდნენ, თუმცა ჯერ გამოძიებისთვის გონივრული დროის მიცემის მიზანშეწონილობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მართალია 9 თვე გონივრულობის ყოველ ზღვარს ცდება, თუმცა არ არის გამორიცხული უმრავლესობის დეპუტატებს  კომისიის შექმნის საწინააღმდეგოდ ახლა უკვე სხვა მიზეზი ჰქონდეთ. კერძოდ, ისინი განაწყენებულნი არიან აფგან მუხთარლის განცხადებებით, რაც შესაძლოა ოპოზიციის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის

მორიგი მოთხოვნის დაბლოკვის საფუძველიც კი გახდეს.

გამოძიების არაეფექტურობაზე  ყურადღება Amnesty International-ის  უახლეს ანგარიშშიც არის გამახვილებული. „გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ  ყოფილა“, - ვკითხულობთ 2017-2018 წლის ანგარიშში.   დასკვნა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებიდან 9 თვის თავზე გამოძიებას არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ერთადერთი ოფიციალური ინფორმაცია, რაც ამ დრომდე საზოგადოებისთვის არის ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ  გასული წლის ივლისში გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშია.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მთავარ პროკურატურას აფგან მუხთარლი დაზარალებულად არ უცნია. ამ დრომდე ვერც მისი დაკითხვა მოხერხდა. შესაბამისად, უცნობია, რას გულისხმობს თბილისის მერი საგამოძიებო კუთხით ყველა ნაბიჯის გადადგმაში და თუკი მართლაც ასეა, მაშინ რატომ არ არის ის საზოგადოების ფართო წრეებისთვის ცნობილი. ხოლო, თუ დედაქალაქის მერისთვის იმაზე მეტია ცნობილი ვიდრე საზოგადოებამ იცის, მაშინ კიდევ უფრო ცალსახაა დროებითი საგამოძიებო კომისიის  შექმნის აუცილებლობა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი