„მე, როგორც სპორტსმენი, ვფიქრობ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები დავაყენო პარლამენტში, რომლებიც სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს, იყოს გამარტივებული ბიზნესი ამ მხრივ, რომ აშენდეს სპორტული დარბაზები, სპორტული მოედნები და ახალგაზრდობას ჰქონდეს განვითარების მეტი შესაძლებლობა. კონკრეტულ კანონპროექტზე არ მიფიქრია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებ“ - ეს განცხადება თენგიზ ხუბულურმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გააკეთა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, როგორ ასრულებს აღნიშნულ დაპირებას გორის მუნიციპალიტეტის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი.

მაჟორიტარის ბიუროს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით, თენგიზ ხუბულურს 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე საკანონმდებლო ინიციატივები არ დაუყენებია. ამავე ინფორმაციით, 2017 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრის, თენგიზ ხუბულურის ინიციატივით, „ჩატარდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გორში. კომიტეტის წევრებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. მიმდინარე წლის განმავლობაში კი, თენგიზ ხუბულურის ბიუროს ინიციატივით ჩატარდა სხვადასხვა სპორტულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები. ბიურო სისტემატიურად უწევს მონიტორინგს მუნიციპალიტეტის თემებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს“.

ამასთან, ბიუროს ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში მათ განცხადებით 225 მოქალაქემ მიმართა, ამავე რაოდენობის წერილი გაეგზავნა ბიუროსგან შესაბამის სამსახურებს. ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია 90 მოქალაქეს გაეწია. გარდა ამისა, თენგიზ ხუბულურის ინიციატივით ბიურო პერიოდულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფასო სამედიცინო გამოკვლევას.

აღსანიშნავია, რომ თენგიზ ხუბულური მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ის იმ დეპუტატთასიაში აღმოჩნდა, რომლებსაც საპარლამენტო სესიაზე არცერთი სიტყვით გამოსვლა არ ჰქონიათ. გორის მაჟორიტარი დეპუტატი მე-9 მოწვევის პარლამენტშიც მდუმარე დეპუტატთა შორის აღმოჩნდა. მისი სიტყვით გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ ფიქსირდება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

თენგიზ ხუბულური საკანონმდებლო ორგანოში ძირითადად ხმის მიცემის პროცესში ჩართულობითაა დაკავებული. გასული წლის მაისამდე მან 94 ინიციატივას დაუჭირა მხარი, ამ დროისთვის კი ეს რიცხვი 659 მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მის ცალკეულ ინიციატივებს, ხუბულურის მიერ სპორტის სფეროს შესახებ ახალი იდეები ამ დრომდე ძირითადად ლოკალურ დონეზე გამართული შეხვედრების დროს ისმის. ამის დასტურად კი ბიურო მაჟორიტარის „ფეისბუქის“ გვერდზე მიგვითითებს.

სოციალურ ქსელში დეპუტატის რანგში ხუბულურის მონაწილეობით აქტივობები 2016 წლის 1 ნოემბრიდან ჩნდება. პოსტები მოიცავს როგორც მოსახლეობასთან შეხვედრებს, ასევე რელიგიური დღესასწაულების მილოცვას პარლამენტარისგან. ამომრჩეველთა შეხვედრების დროს დეპუტატი მიმდინარე ინფრასტუქტურული სამუშაოების დათვალიერებაზე აკეთებს აქცენტს. ამასთან, მისი აქტივობები ადგილობრივი პრობლემების გაცნობასაც მოიცავს.

თენგიზ ხუბულური ადგილობრივებთან ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს და ამისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობის გარანტიებზე საუბრობს. ერთ-ერთი თვალშისაცემი ღონისძიება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა იყო გორში. „ჩემი წინასაარჩევნო დაპირება ისიც იყო, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს შევუქმნი ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული განვითარების პირობებს, რათა ავარიდოთ ისინი სხვადასხვა მავნე ჩვევებს და რაც მთავარია, ახალგაზრდობა დავამაგროთ სოფელში. ამ დანაპირებს ჩვენ თანდათან ვასრულებთ, ახლა სწორედ იმის შესასწავლად შემოვიარეთ სოფლები, რომ კონკრეტულად აღვწეროთ სად რა არის გასაკეთებელი“ - განაცხადა გორის მაჟორიტარმა.

თენგიზ ხუბულური 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საუბრობდა ასევე ბიზნესის გამარტივების ხელშეწყობაზე, სპორტული დარბაზების, მოედნების მოწყობის მიზნით, რაც ახალგაზრდების განვითარებისკენ იქნებოდა მიმართული. თუმცა, როგორც მოძიებული მასალებიდან ჩანს, პარლამენტარ თენგიზ ხუბულურს ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში ტრიბუნა არცერთი მსგავსი ინიციატივის გასაჟღერებლად არ გამოუყენებია.

ფაქტ-მეტრი ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ცდილობდა თენგიზ ხუბულურთან დაკავშირებას, მისი აქტივობების უფრო ფართოდ მიმოხილვის მიზნით, თუმცა ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, პასუხები ვერ მოვიპოვეთ. კომენტარის ჩაწერის შესათანხმებლად ბიუროსაც დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ თენგიზ ხუბულურს დატვირთული გრაფიკი აქვს და დარეკვა კიდევ გვეცადა. უშედეგო მცდელობის შემდეგ, აღნიშნული დაპირების შესახებ ისევ ბიუროს წარმომადგენელს ვესაუბრეთ:

„სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა რომ ჩატარდა გორში, ეგ თენგიზ ხუბულურის ინიციატივით იყო. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, ამ დრომდე მსგავსი არ დაუყენებია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ წელს ერგნეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება“ - აღნიშნეს გორის მაჟორიტარის ბიუროში.

ამის შემდგომ, ფაქტ-მეტრი თენგიზ ხუბულურს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, თუმცა გორის მაჟორიტარმა, ზარის ავტორის ვინაობის გაგების შემდეგ, აღნიშნა, რომ დაკავებულია და ტელეფონი გათიშა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი