ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ვასილისა ჯაბახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: საჯარო დაწესებულებას, ამ შემთხვევაში საკრებულოს, მიღებული დადგენილებების საკანონმდებლო მაცნეზე (www.matsne.gov.ge)

ატვირთვას კანონი ავალდებულებს, რის შემდეგაც დოკუმენტი იურიდიულ ძალას იძენს.

საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებულია შესაბამისი საფასური და მისი გადახდის წესი:

ერთი გვერდიდან 10 გვერდის ჩათვლით, თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის - 20 ლარი; 11 გვერდიდან 50 გვერდის ჩათვლით, თითოეული გვერდის გამოქვეყნებისთვის - 15 ლარი; 50 გვერდზე მეტი გვერდისთვის, თითოეული გვერდის გამოქვეყნებისთვის - 10 ლარი.

გორის საკრებულოს მიერ, 2017 წლის 14 ნოემბრიდან (არჩევნების შემდეგ, უფლებამოსილების დაწყებიდან) მიმდინარე წლის 10 ივლისის ჩათვლით (რა პერიოდზეც ოპოზიცია საუბრობს), მიღებული და მაცნეზე ატვირთული ნორმატიული აქტების გვერდების რაოდენობა 901-ს შეადგენს (ცვლილებების ჩათვლით), რისთვისაც სულ 15 391 ლარია გადახდილი.

საკრებულოს ინფორმაციით, უფლებამოსილების დაწყებიდან დღემდე 18 ნორმატიული აქტი საკანონმდებლო მაცნეზე ერთზე მეტჯერ ატვირთეს, თუმცა არა სამჯერ, როგორც პოლიტიკოსი აცხადებს. საკრებულოს აპარატში განმარტავენ, რომ მიღებული შენიშვნების თუ რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩასწორება კონკრეტულ გვერდზე ხდებოდა და მაცნეზეც ჩასწორებული გვერდები იტვირთებოდა, ამდენად, 18 ნორმატიული აქტიდან, ჩასწორებული გვერდების რაოდენობა მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 60 იქნებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაცნეზე 10 გვერდამდე დოკუმენტის ატვირთვა 20 ლარი ღირს, გამოდის, რომ არასწორად დამტკიცებული აქტებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 8 თვის განმავლობაში, მინიმუმ 400 ლარი ამაოდ დაიხარჯა.

  ანალიზი „ერთი და იგივე საკითხზე სამჯერ იღებენ გადაწყვეტილებას. როდესაც ნორმატიული აქტის დადგენილება ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეზე, ბიუჯეტიდან თითო ფურცელში ვიხდით 20 ლარს. ხარვეზის გამო, ერთი და იგივე საკითხი სამჯერ დაამტკიცეს და ატვირთეს აღნიშნულ საიტზე, რითიც ბიუჯეტიდან თანხები გაიფლანგა“ - განაცხადა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გორის საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს იუსტიციის ბრძანების საფუძველზე განისაზღვრება. დოკუმენტის თანახმად, ერთი გვერდიდან 10 გვერდის ჩათვლით, თითოეული გვერდის მაცნეზე გამოქვეყნება 20 ლარი ღირს. 11 გვერდიდან 50 გვერდის ჩათვლით – თითოეული გვერდის გამოქვეყნების საფასური 15 ლარი. 50 გვერდზე მეტის შემთხვევაში, თითოეული გვერდის გამოქვეყნებისთვის 10 ლარის გადახდაა საჭირო. საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, გორის  მუნიციპალიტეტს 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მაცნეზე გამოქვეყნებული აქვს 238 გვერდი, რაშიც გადახდილია 3 660 ლარი, 2018 წლის 1 იანვრიდან 10 ივლისამდე გამოქვეყნებულია 663 გვერდი და გადახდილია  - 11 731 ლარი.

გორის საკრებულოს ინფორმაციით, ნორმატიული აქტების რაოდენობა, რომელთა ატვირთვაც მაცნეზე ერთზე მეტჯერ გახდა საჭირო, 18-ია. მათ შორის აღმოჩნდა დადგენილებები შემდეგ საკითხებზე:

დადგენილება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში პანთეონი არ არსებობს, მიღებული დადგენილების ერთ-ერთი მუხლი პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესს ეხება.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული დადგენილება თბილისის საკრებულოს დადგენილების ანალოგი იყო, სადაც შესაბამისი ცვლილებების შეტანა გამორჩათ.

გარდა ამისა, ამავე დადგენილებაში საუბარი იყო გარდაცვლილთა მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესზე. ფაქტების გახმაურების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები

შეიტანა.

დადგენილება გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის წესის დამტკიცების შესახებ: მიღებული წესის

შესაბამისად, პირი, რომელიც საქონელს გორის ქუჩებში მიატოვებდა, ადმინისტრაციული წესით დაისჯებოდა. საქონელს მერიის ზედამხედველობის სამსახური სპეციალურ სადგომზე გადაიყვანდა.

აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება,

სპეციალური მანქანისა და სადგომის არ ქონის გამო, მალევე შევიდა.

დადგენილება გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის შესახებ: პარკირების რეგულირების პროექტს გორის საკრებულომ მხარი აპრილში დაუჭირა. პარკირების ახალი წესი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, გორში ავტომანქანის ერთი საათით გაჩერება ერთი ლარი ეღირებოდა.

არსებული კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებაა პარკირების წესების მიღება, თუმცა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული დარღვევის ოქმის შედგენის და ჯარიმის (სანქცია) დაკისრების უფლებამოსილება არ აქვთ (გარდა, ქ. თბილისის და ქ. ბათუმის). ამ საკითხზე ფაქტ-მეტრიც წერდახარვეზების აღმოჩენის შედეგად, მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეს საკითხი შესწორებული ვარიანტით დაამტკიცა.

აღნიშნულთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავრობის კანცელარიიდან შენიშვნები კიდევ რამდენიმე საკითხზე მიიღო: 1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარე რეკლამის ნებართვასთან დაკავშირებით მომზადებული განკარგულების პროექტი; 2. გარე რეკლამის შემოღების საკითხის დადგენილების პროექტი; 3. გარე ვაჭრობის რეგულირების წესში ცვლილების შეტანის დადგენილების პროექტი; 4. უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებულ დადგენილების პროექტი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა, სადაც უკვე დამტკიცებული საკითხები ხელახლა განიხილეს და სახეშეცვლილი ვარიანტით ახლიდან დაამტკიცეს. საკრებულოს ინფორმაციით, ამ პერიოდში 4 დადგენილების ხელახლა ატვირთვა ცალ-ცალკე გახდა საჭირო.

საკრებულოს ინფორმაციით, მიღებული და ატვირთული ნორმატიული აქტების გვერდების რაოდენობამ სულ 901 შეადგინა (ცვლილებების ჩათვლით), რისთვისაც 15 391 ლარია გადახდილი. აქედან, 18 დადგენილება ორჯერ ატვირთეს. დაწესებული საფასურის გათვალისწინებით, 18 დოკუმენტიდან მინიმუმ 20 გვერდის მაცნეზე გამოქვეყნებისთვის საკრებულოს 400 ლარი ფუჭად აქვს გადახდილი. საკრებულოში აცხადებენ, რომ ორზე მეტჯერ მაცნეზე არცერთი დოკუმენტი არ ატვირთულა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი