საარჩევნო კამპანიაში ჩართული სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა საქართველოს საარჩევნო კოდექსით წესრიგდება. ამ კანონის თანახმად, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე, ხელისუფლებას ეკრძალება მთელი რიგი ისეთი აქტივობების განხორციელება (იხ. კოდექსი), რომლებიც შეიძლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვალოს. ამ კანონის 45-მუხლის მე-7 პუნქტი გვეუბნება, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რომელი ღონისძიებები გაიმართა ბოლო კვირების განმავლობაში აჭარის რეგიონში და რა მესიჯებით წარსდგნენ ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე, როგორ აფასებს არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებას და იკვეთება, თუ - არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე ღონისძიებას დაესწრნენ. ჩვენ ამ აქტივობების ჩამონათვალს გაგაცნობთ:

ბათუმში, თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამ ღონისძიებას თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქ ბათუმის მერი დაესწრნენ. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სკოლამდელ აღზრდას დიდი ყურადღება დაეთმობა.

ბათუმის მერიამ, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, ფედერაციებს სპორტული ღონისძიებებისა და საერთაშორისო ტურნირების ჩატარების ახალი სისტემა შესთავაზა. ამ სიახლით, კონკურსები აღარ გამოცხადდება და ფედერაციები, ღონისძიების ჩატარების სურვილის შემთხვევაში, მერიას განცხადებით მიმართავენ. ლაშა კომახიძემ შეხვედრაზე თქვა, რომ არ გამორიცხავს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის გაზრდასაც.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც რეგიონისა და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძირითადი აქცენტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე გაკეთდა. წინა არჩევნების გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ამ თემის გააქტიურება სწორედ არჩევნებს უკავშირდება. ამჯერად დაანონსდა, რომ თვითონ შშმ პირების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიერ მიღებულ რეკომენდაციებსაც პროექტის ავტორები გაითვალისწინებენ. თუმცა, პროექტი ჯერ არ არსებობს და შეკრებილ საზოგადოებას მხოლოდ კონცეფცია გააცნეს. საუბარი იყო ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზეც.

აჭარაში ამოქმედდა რეზერვის საპილოტე პროექტი. ამ ღონისძიებას თორნიკე რიჟვაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიახლის ძირითადი მესიჯი ისაა, რომ სარეზერვო სამსახურის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ, სტუდენტები, 5 წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდებიან.

აქტიურობით გამოირჩევიან აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებიც. მაგალითად, შუახევის მერიამ სახურავების შეცვლის მიზნით 50 000 ლარი გამოყო.

21 ოქტომბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კოლეჯის ხულოს ფილიალის მშენებლობა დაათვალიერეს. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მაღალმთიანი აჭარიდან ანზორ ბოლქვაძე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღება ადგილზე შეუძლიათ, ხოლო მომავალში საშუალება ექნებათ, ეს ცოდნა თავიანთ მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიმართულებით გამოიყენონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე რეგიონში მოქმედი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა და აღნიშნა, რომ მთავრობა, სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით, აქტიურ მუშაობას იწყებს.

ბათუმის მერიამ დააანონსა, რომ 2019 წლის ბოლომდე ხელოვნების უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, 1 000 კვ.მ ფართობზე სკვერს მოაწყობს და რომ ამ პროექტის განსახორციელებლად ტენდერი მალე გამოცხადდება.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მასწავლებელთა კვირეული გაიმართა. რეგიონის მაღალი თანამდებობის პირებმა წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს.

„საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტების 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებს ჯამში 50 075 ლარის 5 916 წიგნი გადაეცა.

აჭარის მაღალმთიანეთში დაიწყო ნივრის სათესლე მასალის გადაცემა. პროცესში აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი უშუალოდ მონაწილეობდა.

აჭარაში 1 აგვისტოს დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. პროცესი გამარტივებულია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ პირებს უფასო სერვისებს სთავაზობს.

ყველა ეს ღონისძიება ოქტომბერში გაიმართა, უმეტესად, მეორე ნახევარში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა მთავარი ისაა, რას უკავშირებენ ხელისუფლების ასეთ გააქტიურებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის პირდაპირი გამოყენება არ ჩანს, თუმცა ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ინფრასტრუქტურული პროექტების სიხშირით გამოირჩევა, რაც ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობაზე მიუთითებს.

ინფორმაციისთვის, ხულოს მუნიციპალიტეტში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არჩეული მერი გადადგა. ის 31 ოქტომბრამდე შვებულებაში იყო, მოვალეობას კი მისი პირველი მოადგილე ასრულებდა. 17 ოქტომბერს გოჩა მელაძემ შვებულება შეწყვიტა, პირველი მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებას ხელი მოაწერა, მის ნაცვლად კი ხულოს პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი (მან გადადგომის შესახებ განცხადება წინა დღეს, 16 ოქტომბერს დაწერა) დანიშნა. ამის შემდეგ, საკუთარი უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, გოჩა მელაძემ განცხადებით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელმაც ეს თხოვნა დააკმაყოფილა. ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად მიიჩნიეს. იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმაგანაცხადა, რომ დაირღვა საარჩევნო კოდექსი. ამ კოდექსის მე-6 თავის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე, აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების საკადრო გადაადგილება, გარდა მათი ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა. ეს საკითხი უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა განიხილოს.

აღნიშნული გარემოებები ოპოზიციას, მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საზოგადოების ნაწილს, უქმნის შთაბეჭდილებას, რომ წინასაარჩევნო გარემო არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის არათანაბარია და ხელისუფლება მის ხელთ არსებულ საშუალებებს ისე იყენებს, რომ საარჩევნო კოდექსის აშკარა დარღვევას თავი აარიდოს. ეს კი საარჩევნო წელს ბიუჯეტის შედგენის პროცესშივე ხდება, როცა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელება სწორედ წინასაარჩევნო პერიოდისთვის იგეგმება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი