ქსენია კრილოვას მოსაზრება, ნათარგმნია უკრაინული ანტი-პროპაგანდისტული სააგენტო STOPFAKE-დან

მსოფლიოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების ფონზე, სულ უფრო და უფრო მეტ ახალი ინიციატივას ვხვდებით კრემლიდან წამოსული სიცრუისა და დამახინჯებული ფაქტების გამოსავლენად: ყალბი ახალი ამბების გამოსააშკარავებელი პროექტები, სადეზინფორმაციო კამპანიის მონიტორინგისა და მიმოხილვის ანალიტიკური ცენტრები და ბევრი სხვა კერძო ინიციატივები, რომლებიც რუსულ მედიაზე ახორციელებენ დაკვირვებას. თუმცა, ექსპერტები სულ უფრო მეტად აღიარებენ, რომ მთელი ამ ძალისხმევის მიუხედავად, კრემლის პროპაგანდა კვლავაც საინფორმაციო ომის ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და უფრო მეტად შედეგიანია, ვიდრე მისი საბჭოთა წინამორბედი.

აღნიშნული სხვაობა დიდწილად იმ ფაქტით აიხსნება, რომ კომუნისტური პროპაგანდისგან განსხვავებით, კრემლის დღევანდელ „საინფორმაციო ოპერაციებს“ ერთი კონკრეტული იდეოლოგიის მხარდაჭერა არ მოეთხოვებათ. თანამედროვე რუსულ პროპაგანდას, მარქსიზმ-ლენინიზმისგან განსხვავებით, ლოგიკური თანმიმდევრობის შენარჩუნება არ სჭირდება და ხშირად შინაგანი ურთიერთწინააღმდეგობით ხასიათდება. სათანადო ბიძგის შექმნისა და შენარჩუნების მიზნით, რუსული პროპაგანდა ეყრდნობა გრძნობებსა და ხატებს, რომლებიც ისეთი პროვოკაციული შინაარსის მატარებელია, რომ ადამიანებზე გაცილებით ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე რაციონალური არგუმენტები. რუსული პროპაგანდა არ ქმნის შეხედულებათა სისტემას და პირდაპირ უმიზნებს ემოციებს, ინსტინქტებს, რეფლექსიებსა და ვნებებს, რომელთა ურთიერთგადაჯაჭვულობის შედეგად, კრემლი ახერხებს სასურველი შედეგის მიღწევას.

ასეთი სახის დეზინფორმაციასთან ბრძოლის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ემოციებთან კამათი ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია შეხედულებათა თანმიმდევრული სისტემის უარყოფა, ან ჭეშმარიტებასთან შეპირისპირების მეშვეობით იდეოლოგიური შეცდომების მარტივად გაბათილება, მაგრამ ემოციები სხვა საქმეა. ემოციები ადამიანის ქვეცნობიერს ანიჭებენ სიამოვნების განცდას, პასუხობენ ადამიანთა სიღრმისეულ ინსტინქტებს, ადამიანები გადაჰყავთ მათთვის მოსახერხებელ და კომფორტულ სამყაროში, რომელიც იწვევს მიჩვევას, გარკვეულწილად ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მსგავსად. ადამიანებს, რომლებიც ასეთ ემოციებში ეფლობიან და მათი ინსპირაციის წყაროს პროპაგანდისტული ვიზუალი წარმოადგენს, ხშირად უბრალოდ არ სურთ სიმართლის ცოდნა და საკუთარი წარმოსახვითი სამყაროდან გამოსვლა, სადაც მშრალი და არაკომფორტული რაციონალურობა ეგულებათ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ევროპასა და აშშ-ში პოპულისტებისა და ექსტრემისტების მიერ გამოყენებული პროპაგანდა ანალოგიური ემოციებზე და ინსტინქტებზე თამაშობს და მსგავს ხატებს იყენებს. შევეცადოთ გამოვყოთ, თუ როგორია ეს ემოციები და როგორ ხდება მათი გამოყენება.

შიში

შიში ნამდვილად სიის პირველ ადგილზეა. რუსეთის შემთხვევაში იყო და კვლავაც გრძელდება განსაკუთრებით მაღალი დონის საგარეო საფრთხის განცდის შექმნა. პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს აუდიტორია, რომ ქვეყანა გარშემორტყმულია მტრებით, რომლებსაც ძალიან უნდათ რუსეთის სრული განადგურება. ყველაზე მძლავრ ხატებას ამ შემთხვევაში წარმოადგენს სამომავლო კატასტროფის ხატება – ქაოსი და ძარცვა ქუჩებში, სიღარიბე, დაბომბვა, დაღუპული ბავშვები და დანგრეული სახლები. აღნიშნულის მთავარ ელემენტს წარმოადგენს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები, რომლებშიც აშშ წარმოდგენილია როგორც აბსოლუტური ბოროტების წყარო და მსოფლიო ტერორიზმის ხელშემწყობი. ამ სახის პროპაგანდის მიზანი არა მხოლოდ მტრის ხატის შექმნა, არამედ იმის დემონსტრირებაცაა, რომ რუსეთისთვის აშშ-დან წამოსული საფრთხე გარდაუვალია.

ტელევიზიის მეშვეობით მაყურებლები ხელოვნურად გადაჰყავთ წარმოსახვით ჯოჯოხეთში, საიდანაც თავის დაღწევის ერთადერთ გზას ეროვნული ლიდერის გარშემო კონსოლიდაცია წარმოადგენს. ვერ ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაში ძირითადი ადამიანური ინსტინქტების ექსპლოატაციას აქვს ადგილი – ეს უფრო ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა. ევროპასა და აშშ-ში მემარჯვენე პროპაგანდა ასევე აქტიურად იყენებს შიშის განცდას: იმიგრანტების შიში, ქალების ემანსიპაციის შიში, უფროსი თაობებისთვის კომუნისტების და ზომიერი სოციალისტების შიში, რომელთა გამარჯვებაც, ხსენებული თაობისთვის, საზოგადოების მყისიერ კოლაფსთან ასოცირდება.

სიძულვილი

აღნიშნული ემოცია ბუნებრივად მოჰყვება წინა ემოციას. ადამიანთა შეშინება შეუძლებელია მტრის ხატის შექმნის გარეშე – ეს არის საფრთხის წყარო, რომელიც ნერგავს შიშის განცდას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მტრის ხატი იქმნება მათგან, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფები უკვე განიხილავენ მტრებად და რომლებიც ამ ადამიანთა ყველაზე დიდ ფობიებს განასახიერებენ. ყველაფერი ის, რასაც პროპაგანდისტები ებრძვიან, ამ მტრებს ბრალდებათ და მტკიცედ უკავშირდება ადამიანთა გონებაში არსებულ მტრის ხატებს და მასთან ასოცირებულ ფობიებს.

რუსეთის შემთხვევაში, ბევრი რუსი განიცდის სიბრაზეს უკრაინელების მიმართ, რადგან რუსების „უმცროსმა ძმებმა“ სხვა, რუსეთისგან დამოუკიდებელი გზა აირჩიეს, დასავლეთზე ორიენტირება ამჯობინეს და შესაბამისად, მოსკოვს „უღალატეს“. ამერიკის მიმართ მტრული განცდა რუსეთში „ცივი ომის“ პერიოდიდან გვხვდება და დღესდღეობით აკომპენსირებს იმ არასრულფასოვნების კომპლექსს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები განიცდიან, როდესაც აწყდებიან ამერიკის უპირატესობას ტექნოლოგიების და მეცნიერების სფეროებში, ასევე გლობალურად წარმატებული კინემატოგრაფისა და ცხოვრების მაღალი სტანდარტების ასპექტებში. სექსუალური და რელიგიური უმცირესობები, ანარქისტული და სხვა მოძრაობები, ისევე როგორც ინტელიგენცია, რუსეთში მუდამ მარგინალური და მცირერიცხოვანი იყო და შესაბამისად, მოსახლეობის ფართო ფენებში სიმპათიის განცდას არ აღძრავს. სწორედ ამიტომ ადანაშაულებენ უმცირესობებს (მუსლიმებს, ყირიმელ თათრებს, ოპოზიციას და ა.შ.) ტერორიზმში, უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმში დივერსიების მოწყობაში, ამერიკელებს, განსაკუთრებით კი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, საპროტესტო აქციების მოსაწყობად ადამიანების მოსყიდვაში და ა.შ. ევროპასა და აშშ-ში სიძულვილის ობიექტები იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ სოციალურ ჯგუფზეა გამიზნული პროპაგანდა. ანარქისტებისთვის, ყველა უბედურების სათავედ სახელმწიფო ცხადდება, ნაციონალისტებისთვის ეს „ებრაული შეთქმულებაა“, ხოლო ღრმად მორწმუნეებისთვის „ლიბერალი ანარქისტის“ ხატი. ამავდროულად, გარკვეული ჯგუფისთვის წაყენებულ ბრალდებებს ნამდვილ ან გამოგონილ პრობლემებთან დაკავშირებით, ხშირად რეალური საფუძველი არ გააჩნიათ. თუმცა, პროპაგანდის სამიზნე ჯგუფებზე ეს ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერ ფასად უერთგულონ მათთვის კომფორტულ მსოფლმხედველობას.

მაგალითად, მემარჯვენე ექსტრემისტული პროპაგანდა აშშ-ში იყენებს კომუნიზმის შიშს და აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს და სპეციალური პროკურორი მიულერის გამოძიება, ისევე როგორც ტრამპის ნებისმიერი სახით უარყოფა, „კომუნისტური შეთქმულების“ ნაწილია, რომელიც მიზნად „ამერიკის დანგრევას“ ისახავს. ამ წარმოსახვითი რეალობის შემქმნელები უბრალოდ უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპს ძალიან ბევრი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანი აკრიტიკებს, რომელთაგან ბევრი ამას მხოლოდ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ძირითადი ამერიკული ფასეულობების დასაცავად აკეთებს.

სიძულვილი განსაკუთრებით საშიშია, რადგან სიძულვილით შეპყრობილებში მორალური აკრძალვები ქრება. სიძულვილით მართლდება ადამიანების ყველაზე პირველყოფილი და პრიმიტიული ინსტინქტები: კოლექტიურ დასჯაში მონაწილეობის მიღების სურვილი, ვიღაცის ბინძური თეთრეულის ქექვა, ვიღაცის პრივატულობის ხელყოფა, ვიღაცის ცხოვრების საჯარო სპექტაკლად გადაქცევა. რუსეთში ამ საჭიროებას იკმაყოფილებენ მრავალი საჯარო გამოაშკარავებით, რომელიც ხშირად ტელეარხ ნტვ-ზე იქმნება: „პროტესტის ანატომია“, „ხუნტას 17 მეგობარი“ და სხვა მსგავსი გადაცემები, რომლებიც არაფერია, თუ არა რეჟიმის მიერ ათვალწუნებული ადამიანების საჯარო დამცირება და ლანძღვა. „პუტინის უმრავლესობა“ ხარბად ელოდება მორიგ სკანდალს და „სენსაციურ სიახლეებს“ როგორც მონატრებულ ნათელ წერტილს მათ მონოტონურ და მოსაწყენ ცხოვრებაში. პროპაგანდა მათ აძლევს უაღრესად საჭირო ამოსუნთქვის საშუალებას – ეს არის „სიძულვილის ხუთწუთეული“, რომელიც საერთო ფსიქოლოგიური მობილიზებისა და მილიტარისტული ისტერიის ფონზე მოდუნების იშვიათ შესაძლებლობას წარმოადგენს.

დასავლეთში ეს სიძულვილი გამოიხატება იმიგრანტების „ცხოველებად“, პრესის „ხალხის მტრად“, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების „მოღალატეებად“ შერაცხვაში. აღნიშნულის შედეგს წარმოადგენს შეურაცხმყოფელი მიმების და ცილისმწამებლური ბრალდებების გავრცელება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთთან შეთქმულებას იძიებენ და მათ ადანაშაულებენ, რომ ისინი კლინტონის, ობამას ან ჯორჯ სოროსის მოსყიდულები არიან. აღნიშნული ნარატივი მოიცავს მრავალ შეთქმულების თეორიას „ღრმა სახელმწიფოს“ შესახებ, რომლის ბუნებრივ შედეგსაც წარმოადგენს ახლახანს გარდაცვლილი სენატორი ჯონ მაკკეინის მსგავსი საყოველთაოდ აღიარებული გმირების დამცირება და შეურაცხყოფა.

ცინიზმი

ცინიზმი სიძულვილისა და შიშის გარდაუვალი შედეგია. სიძულვილის ობიექტების დამცირებას და შეურაცხყოფას მათ დეჰუმანიზებამდე მივყავართ და ძალიან ხშირად, ასეთი „დეჰუმანიზებული“ მტრის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოებს იმ პრინციპით, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“. რუსეთში ამ ფენომენის ერთ-ერთ მაგალითს ე.წ. „ხელოვნური სელექცია“ წარმოადგენს, როდესაც ვიღაც კარიერას იწყობს მხოლოდ ბრალდებითა და შევიწროვებით. რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელ კიდევ ერთ ასპექტს წარმოადგენს ის ფენომენი, რასაც შეგვიძლია „იდეოლოგიური ცინიზმი“ ვუწოდოთ. იდეოლოგიური ცინიზმის მატარებლებს მხოლოდ ნაწილობრივ სჯერათ, რადგან კარგად იციან, რომ პროპაგანდის დიდი ნაწილი სიყალბეა. თუმცა, რამდენადაც მათ ხელს აძლევთ დასახული მიზანი, ნაკლებად აწუხებთ მისი თანმდევი ტყუილები და დამახინჯებული ფაქტები.

ამ ხალხისთვის მთელ მსოფლიოსთან საომარ ვითარებაში ყოფნა ძალიან მოსახერხებელია, რადგან მათ ყველაზე პირველყოფილ ინსტინქტებს ამართლებს. ამ ადამიანების მორალური სტანდარტები უკიდურესად ამორფულია: მათ ზოგადად არ სწამთ დემოკრატიის, სამართლიანი არჩევნების, დამოუკიდებელი მედიისა და ცხოვრებაში კანონისა და სიმართლის უზენაესობის არსებობის შესაძლებლობა. ამავდროულად, ისინი მიიჩნევენ, რომ გამართლებულია ტყუილი, მკვლელობა, უცხო ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება, ომის წარმოება, ოპონენტების შეურაცხყოფა და თეორიულად, მთელი მსოფლიოს განადგურება, რადგან „ეს ჩვენ ხელს გვაძლევს“. მათ ასეთი ქცევის მომგებიანობის უფრო ფანატიკურად სწამთ, ვიდრე სამაგალითო საბჭოთა მოქალაქეს სჯეროდა მარქსიზმ-ლენინიზმის ურღვევობის. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ხალხი ცდილობს ექსპერტის იმიჯის დამკვიდრებას და კლასობრივი ბრძოლის ნაცვლად საუბრობს გეოპოლიტიკაზე და იმაზე, თუ ვისი სიცოცხლის გაწირვა უფრო მომგებიანი იქნებოდა რუსეთისთვის საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ასეთი აზროვნება მათ საკუთარი ღირებულების განცდას უქმნის და მათ თვალში ნებისმიერ დანაშაულსა და მორალურ დეგრადირებას ამართლებს.

აშშ-ში „იდეოლოგიური ცინიზმი“ იმაში გამოიხატება, რომ ცალკეულ რადიკალურ მემარჯვენე ჯგუფებს სჯერათ, რომ ეროვნული ინტერესების ღალატი და მტრულ სახელმწიფოსთან შეთქმულება მისაღებია არჩევნებში გასამარჯვებლად. შესაძლებელია გავიხსენოთ ცნობილი მაისურები წარწერით: „უმჯობესია ვიყო რუსი, ვიდრე დემოკრატი“, რომელიც ძალიან მოიწონა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ. ამავდროულად, ცინიზმი აყალიბებს მტრებზე აღმატებულების განსაკუთრებულ განცდას და შესაბამისად, მტრები განიხილებიან მომაბეზრებელ დაბრკოლებად, რომლებიც ნებისმიერ ფასად უნდა განადგურდნენ.

ელიტიზმი

ეს გულისხმობს კოლექტივისტურ ან საპირისპირო შემთხვევაში, ინდივიდუალურ „ელიტიზმზე“ თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ფენომენი ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება, რეალურად ორივე ერთი და იგივე ფსიქოლოგიურ საჭიროებას ეფუძნება. კერძოდ, ეს არის ადამიანის სურვილი თავს გრძნობდეს იმ რაღაცის ნაწილად, რაც ეჭვმიუტანლად კარგია. პირველ შემთხვევაში ეს ნიშნავს დიდი, ჰარმონიული საზოგადოების წევრობას, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება რუსეთში („ნორმალური ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ უკრაინულ ფაშიზმს“ „პატრიოტული უმრავლესობა“, „ჩვეულებრივი ხალხი“). მეორე შემთხვევაში, ეს არის განცდა, რომ ხარ „რჩეულთა“ (ნამდვილი პატრიოტები, რომელთაც გაუძლეს ლიბერალური უთვისტომობის იერიშს და სამშობლოს გამო მზად არიან გაუძლონ ტანჯვას, ნამდვილი სტრატეგები რომელთაც ესმით გეოპოლიტიკური ნიუანსები და ა.შ.) ნაწილი. აღნიშნული მოიცავს როგორც რუსებს, ისე უკიდურეს მემარჯვენეებს. ეს ასევე შეგვიძლია ამოვიცნოთ „სასარგებლო იდიოტებში“, რომელთაც სჯერათ, რომ უფრო გამჭრიახები არიან ვიდრე მასები და შეუძლიათ გაზიარონ „სიმართლეს“ იმიტომ, რომ ძალუძთ „მთავრობის/მეინსტრიმული მედიის ტყუილების მიღმა დანახვა“.

ამ შემთხვევაში მთავარია საზოგადოებისა და ჩართულობის განცდა, რომელიც თავის მხრივ სულაც არ არის ნეგატიური, მაგრამ მას ყოველთვის მოხერხებულად იყენებენ ტოტალიტარული რეჟიმები.

ყველაფერი ერთად

თუმცა, აღნიშნული პროპაგანდის ყველაზე უარყოფით ასპექტს წარმოადგენს ის, რომ ოთხივე ტიპი ხშირად ადამიანის გონებაში გადაჯაჭვულია და მათი განცალკევება რთულია. პროპაგანდა ქმნის ემოციებისა და მენტალური მდგომარეობების სრულ სპექტრს – შიშიდან და პანიკიდან მთელ მსოფლიოზე აღმატებულების განცდამდე, ამორალურობიდან კათარზისამდე, უკიდურესი ეგოისტურობიდან ფანატიკურ თავგანწირვამდე. ყველა ეს მდგომარეობა ადვილად უცვლის ერთმანეთს ადგილს, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რას განიცდის ადამიანი მოცემულ მომენტში და როგორ ახდენს ის თითოეული ამ გრძნობის გამართლებას და რაციონალიზებას.

რეალობას უბრალოდ არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ვულგარულ ილუზიას, რადგან მრავალ ადამიანს სჯერა იმის, რისიც სურთ რომ სჯეროდეთ. 21-ე საუკუნის პროპაგანდამ დაამტკიცა, რომ ხატებზე და გრძნობებზე თამაში უფრო ეფექტურია ვიდრე ნებისმიერი იდეოლოგია და ემოციების კონტროლი უფრო შედეგიანია, ვიდრე აზროვნების კონტროლი.

მან ასევე გვაჩვენა, თუ როგორ საოცრად მარტივია დაარწმუნო ბევრი ადამიანი უარი თქვან მორალურ სტანდარტებზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი