ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ სირაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2013

წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ნომინალური პენსია ჯამში 30 ლარით გაიზარდა (2015 და 2016 წლებში, შესაბამისად 10 და 20 ლარით) რაც განცხადებასთან თანხვედრაშია. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ 2013 წელს, 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პენსია 30 ლარით გაიზარდა.  2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი კი, ნომინალური პენსიის 20 ლარიან ზრდას ითვალისწინებს.

2012

წლიდან 2016 წლამდე, სამომხმარებლო ფასების ზრდას აჭარბებდა ნომინალური პენსიის ზრდის ტემპი, ანუ პენსიონერების რეალური შემოსავალი იზრდებოდა. 2017 წელს, ინფლაციამ შეადგინა 6.7%, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2017-2018 წლებში პენსია არ გაზრდილა, შესაბამისად, პენსიის მსყიდველუნარიანობა გამუდმებით მცირდებოდა და რეალური შემოსავალი, 2018 წლის მესამე კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9%-ით შემცირდა.

მიზნობრივი ინფლაცია 2019 წელს არის 3%.

პენსიის ზრდის შედეგად, ნომინალური პენსია შეადგენს 200 ლარს. თუ ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი, მიზნობრივ მაჩვენებელს დაემთხვა, 2019 წლის ბოლოს რეალური პენსია გაუტოლდება 184 ლარს, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 ლარით მეტია. სხვა სიტყვებით, ნომინალური პენსიის 20 ლარით ზრდის შედეგად 2019 წლის ბოლოს პენსიონერი შეძლებს იყიდოს ყველა ის პროდუქტი, რომელსაც მაშინდელი პენსიით შეიძენდა 2016 წლის ბოლოს და დამატებით 4 ლარი დარჩება. შესაბამისად, 20 ლარიან ზრდას ინფლაცია სრულად ვერ „შეჭამს“, თუმცა 2016 წელთან შედარებით პენსიის რეალური ზრდის მაჩვენებელი მიზერულია და დაახლოებით 2.2%-ს შეადგენს.

ანალიზი 2018 წლის 12 ოქტომბერს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ოთარ სირაძემ განაცხადა:

„ქართული ოცნების ბოლო 5 წლის მმართველობის განმავლობაში, პენსია გაიზარდა 2-ჯერ 10 ლარით 2015 წელს და 2016 წელს 20 ლარით, იმ დროს, როცა ყველაზე მაღალი იყო ინფლაცია, 2017-ში, 2018 ში პენსია არ გაზრდილა და 2019 წლის ბიუჯეტში შემოგაქვთ 20 ლარიანი ზრდა, რომელიც პრაქტიკულად ვერ გაწვდება ფასების გაუფასურებას. ინფლაცია შეჭამს და უკვე შეჭმულიც არის“.

სოციალური უზრუნველყოფის და პენსიების თემატიკა ხშირად გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, საკითხის მგრძნობიარეობიდან გამომდინარე. ფაქტობრივი სიზუსტის დაცვა და ანალიზის თანმიმდევრულობა,  რეალური სურათის დასანახად მნიშვნელოვანია.

პოლიტიკოსი საუბრობს გასულ 5 წელზე. ვინაიდან, ბოლო წლებში პენსია სხვადასხვა პერიოდებში იცვლებოდა, რელევანტურია ცვლილებების განხილვა 2013 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის ოქტომბრამდე (ბოლო 5 წელი). ამ პერიოდში, ნომინალური პენსია გაიზარდა ჯამში 30 ლარით,  2015 და 2016 წლებში, რაც განცხადებასთან თანხვედრაშია. 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი, ითვალისწინებს ნომინალური პენსიის 20 ლარიან ზრდას.

ცხრილი 1:

ასაკობრივი პენსია 2010-2017 წლებში

I კვარტალი II კვარტალი III კვარტალი IV კვარტალი
ნომინალური პენსია რეალური პენსია (2016=1) ნომინალური პენსია რეალური პენსია (2016=1) ნომინალური პენსია რეალური პენსია (2016=1) ნომინალური პენსია რეალური პენსია (2016=1)
2012 100 108.2 100 108.1 110-125 119.8-136.2 110-125 122.6-139.3
2013 110-125 121.5-138.1 125 134.8 125 137.92 150 163.33
2014 150 160.1 150 158.5 150 158 150 160.2
2015 150 156.1 150 151.7 160 160.2 160 162.9
2016 160 160 160 160 180 180 180 180
2017 180 170.9 180 168.1 180 168.8 180 168.7
2018 180 166 180 164.9 180 165 - -
წყარო: საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

პენსიებზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინება. იმ პირობებში, როცა პენსია არ იზრდება, ფასების დონის ზრდის გამო, პენსიონერებს იგივე თანხით ნაკლები პროდუქტის და მომსახურების შეძენა შეუძლიათ. 2012 წლიდან 2016 წლამდე, სამომხმარებლო ფასების ზრდას აჭარბებდა ნომინალური პენსიის ზრდა, ანუ პენსიონერების რეალური შემოსავალი იზრდებოდა. 2017 წელს ინფლაციამ შეადგინა 6.7%, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცხრილი 2:

ინფლაცია საქართველოში 2007-2017 წლებში

2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
საშუალო წლიური ინფლაცია წინა წლის საშუალო წლიურთან 11 5 3 11.2 2 -1.4 2.4 2 4.9 1.8 6.7
წყარო: საქსტატი

2017-2018

წლებში პენსია არ გაზრდილა, შესაბამისად პენსიის მსყიდველუნარიანობა გამუდმებით მცირდებოდა და რეალური შემოსავალი, 2018 წლის მესამე კვარტალში, 2016 წლის რეალურ პენსიასთან კვარტალთან შედარებით, შემცირდა 9%-ით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პენსიონერი 2018 წელს ვერ შეძლებდა ეყიდა ყველა ის პროდუქტი რასაც საკუთარი პენსიით 2016 წელს ყიდულობდა.

მიზნობრივი ინფლაცია 2019 წელს არის 3%. პენსიის ზრდის შედეგად, ნომინალური პენსია კი 200 ლარს გაუტოლდება. თუ  ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი, მიზნობრივ მაჩვენებელს დაემთხვა, რეალური პენსია (2016 წლის ფასებში) 2019 წლის ბოლოს, 184 ლარს გაუტოლდება. 2016 წელს ნომინალური პენსია ემთხვევა რეალურს და 180 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 2019 წლის ბოლოს პენსიონერს გაუჩნდება შესაძლებლობა შეიძინოს ყველა ის პროდუქტი რის შეძენასაც 2016 წელს საკუთარი პენსიით ახერხებდა და დამატებით 4 ლარი დარჩება. ანუ, პენსიონერის მდგომარეობა რიცხვებში ოდნავ გაუმჯობესდება, თუმცა, პრაქტიკულად, რეალური პენსიის ზრდა იმდენად მცირეა, რომ ფასების ზრდის გავლენის დაბალანსებაზე საუბარი მეტად რელევანტურია. პენსიონერის რეალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება 2016 წელთან შედარებით და პენსიის 20 ლარიანი ზრდით სახელმწიფო მხოლოდ იმ დანაკარგს აუნაზღაურებს რაც ფასების დონის მატების შედეგად წარმოიშვა.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი