ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ევროსასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილების საფუძველიც კი გახდა (იხ: ფაქტ-მეტრის სტატია), ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის

სახელით არის ცნობილი. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო მერაბიშვილის ბრალდებების გაქარწყლება, მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული ფაქტის სინამდვილეში არსებობა თავისთავად პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.

კერძოდ, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე ისაუბრა

და განაცხადა: „დავუშვათ გაიყვანეს მერაბიშვილი. რა უქნეს? აწამეს? დაემუქრნენ?  ჩვეულებრივი საპროცესო მოქმედებაა, კანონში წერია, როცა პროკურორი სთავაზობს ბრალდებულს აღიარებით ჩვენებას, ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ შედგეს საპროცესო გარიგება. პირობითად ვამბობ, ხომ არ ვამბობ ამ შემთხვევაში. რა მოხდა თუ გაიყვანეს? რა უქნეს?“

აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელია არ არის არც პირველი და ერთადერთი, ვინც მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საკითხს ამ კუთხით უყურებს. ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ზუსტად იგივე კითხვებით მიმართა:

„ამ მერაბიშვილს დღეს უნდა, რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენოს და ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა, რა უქნა მერე, გააუპატიურა? ნამუსი ახადა თუ რა მოხდა? რისთვის მოიტაცა, მიზანზე არ საუბრობენ, რად უნდა მთავარ პროკურორს პატიმარი მოიტაცოს, ამაზე დიდი აბსურდი გაგიგიათ?“

ყოფილ პრემიერს რიტორიკული შეკითხვა მოუწონა იმჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც და რამდენიმე დღის შემდეგ იდენტური განცხადება

თავადაც გააკეთა. „რა მოხდა მერე, რომ ფარცხალაძემ გაიტაცა ვანო მერაბიშვილი, რა უყო ფარცხალაძემ მერაბიშვილს, გააუპატიურა თუ ნამუსი ახადა?! ეს სწორი შეკითხვაა, რა მოხდა მერე?! რატომ უნდა გაეტაცებინა, ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?! როცა ადამიანი რაღაცას იგონებს, ამის რაღაც ლოგიკური შინაარსი უნდა არსებობდეს. თუ კითხვა დაებადებოდა მთავარ პროკურორს, რატომ არ მოვიდოდა თვითონ, რატომ გაიტაცებდა, რა გასატაცებელია ვანო მერაბიშვილი?!“

აღსანიშნავია, რომ ამ სამ იდენტურ განცხადებას შორის ერთადერთი სხვაობაა. კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრებისგან განსხვავებით, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადების მომენტისთვის, მის რიტორიკულ კითხვებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას უკვე გაცემული ჰქონდა საკმაოდ მკაცრი პასუხი.

2017 წლის 28 ნოემბერს ევროსასამართლოს დიდმა პალატამ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, მოსარჩელის ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე დაყრდნობით, სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (5§1-თან ერთობლიობაში) დაადგინა.

სასამართლოს შეფასებით, მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების თავდაპირველი ლეგიტიმური მიზნის კონვენციასთან შეუსაბამო მიზნით  ჩანაცვლება მოხდა. კერძოდ, წინასწარი პატიმრობა სახელმწიფოს ორგანოებმა გამოიყენეს, რათა მასზე ზეწოლის განხორციელებით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით მიეღოთ ინფორმაცია.

მართალია, ევროსასამართლო მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, თავად ვერ გამოიკვლევდა ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად ვერ დაადგენდა მართლაც გაიყვანეს თუ არა ვანო მერაბიშვილი ციხიდან, თუმცა ერთი მხრივ განმცხადებლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრულად და სარწმუნოდ წარმოდგენამ, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა, ხელისუფლების გულგრილობამ და არასათანადოდ ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა, სასამართლოს  ხელისუფლების ჩართულობის შესახებ გონივრული  ეჭვები გაუჩინა.

ევროსასამართლოს მიერ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის აქტი შეფასებულია როგორც ღამის საათებში, „აშკარად არარეგულარული წესით“ (კანონით დადგენილი წესიდან გადახვევით)

ჩატარებული საიდუმლო ოპერაცია, მაშინ როდესაც, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნული ქმედება ჩვეულებრივი საპროცესო მოქმედებაა (საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებული პროცედურა).

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი და მისი გამოყენების პროცედურები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით

არის განსაზღვრული. აღნიშნული კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად, საპროცესო შეთანხმება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას გულისხმობს, რომლის დროსაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.

კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე. ამასთან, საპროცესო შეთანხმების შესახებ აუცილებლად უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც ასახული იქნება ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი (საპროცესო შეთანხმების ოქმი), რომელიც გაეცნობა ბრალდებულსა და მის ადვოკატს, ხოლო მათი და პროკურორის მიერ ხელმოწერის შემდეგ წარედგინება სასამართლოს, პროკურორის შუამდგომლობასთან ერთად.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ასევე საგამონაკლისო წესით, ბრალდებულს/მსჯავრდებულსა და მთავარ პროკურორს შორის განსაკუთებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობასაც იცნობს. კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის ან/და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ერთმნიშვნელოვნად განპირობებულია აღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის, მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მართლაც ითვალისწინებს მთავარი პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის თანამშრომლობის შეთავაზების შესაძლებლობას, ამავე დროს კოდექსი არ განსაზღვრავს დეტალურ პროცედურას თუ როგორ, სად და რომელ საათზე შეიძლება შეთანხმების მიზნით  პროკურორისა და ბრალდებულის შეხვედრა, თუმცა როგორც მინიმუმ ადგენს შეთანხმების ნებისმიერ სტადიაზე ადვოკატის მონაწილეობის აუცილებლობას. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემური გაანალიზების შედეგად, ალოგიკურია იმის მტკიცება, თითქოს შუა ღამით მთავარ პროკურორთან შეხვედრის მიზნით, წინასწარი გაფრთხილებისა და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, დაწესებულებიდან პატიმრის ფარულად გაყვანა, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისია.

მერაბიშვილის განცხადებით, 2013 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 1:30 სთ-ზე, იგი მოულოდნელად გაიყვანეს საკნიდან. თანმხლებმა ციხის დაცვამ, ქურთუკის მეშვეობით მას თავი დაუფარა, ჩასვა მანქანაში და უცნობი მიმართულებით წაიყვანა. მგზავრობა დაახლოებით ათი წუთი გაგრძელდა, შემდეგ ის შენობაში შეაცილეს. როდესაც ყოფილი პრემიერ მინისტრი ერთ-ერთ ოთახში შევიდა, დაცვამ ქურთუკი მოაშორა თავიდან და მან ორი ადამიანი დაინახა. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, იყო მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე  და მეორე გახლდათ ციხის ადმინისტრაციის უფროსი, დიმიტრი დარბაისელი.

მერაბიშვილის მტკიცებით, პროკურორმა შეხვედრის დროს გარიგება შესთავაზა. კერძოდ, მომჩივანს მოუწოდეს გაემხილა „სიმართლე“ 2005 წლის 3 თებერვალს, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ და ასევე მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების თაობაზე, რაზეც მან უარი განაცხადა. საპასუხოდ, მთავარი პროკურორი მომჩივანს დაემუქრა, რომ თუ იგი არ დათანხმდებოდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მისი პატიმრობის პირობები გაუარესდებოდა.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეკა ბესელიამ კანონიერ საპროცესო მოქმედებებში შუა ღამეს, ფარულად ციხიდან გაყვანა და პატიმარზე მუქარის განხორციელება იგულისხმა და ვვარაუდობთ, რომ განცხადებაში ის მხოლოდ პროკურორსა და ბრალდებულს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობის კანონით რეგულირებაზე საუბრობდა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ კონკრეტული კონტექსტის გაუთვალისწინებლად (მაშინ, როცა ციხიდან გაყვანის ვერსია და დეტალები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილია), ფაქტის ისე წარმოჩენა თითქოს, მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა (ფაქტის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და საკითხისთვის სიმწვავის დაკარგვას ისახავს მიზნად.
თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი