რეზიუმე: 2012 და 2016 წლის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამების მიხედვით, პედაგოგთა შრომის ანაზღაურება გაიზრდებოდა და 2017 წლის 1 იანვრისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნებოდა. გარდა პროგრამებისა, 2016 წელს ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვით გამოსვლებშიც აანონსებდნენ საშუალო ხელფასის 800 ლარამდე ზრდას. ამ დაპირებებმა საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ხელფასი თითოეულ პედაგოგს გაეზრდებოდა. თუმცა, რეალურად, ხელფასის ზრდის სქემას, მცირე რაოდენობის პედაგოგები აკმაყოფილებენ. ასეთი, დახლოებით, პედაგოგთა მაქსიმუმ 8.9%-ია. სერტიფიცირებული 17 020 მასწავლებლიდან, მხოლოდ 5 180 მასწავლებელი შეიძლება იღებდეს დაპირებულ 800 ლარიან ხელფასს. პედაგოგთა წინსვლისსქემა ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომლის დაკმაყოფილებისთვის მხოლოდ სერტიფიცირება არ არის საკმარისი.

ანალიზი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი, კვლავ შეეხო სკოლის მასწავლებლების ხელფასების საკითხს. მან მიმართა „ქართულ ოცნებას“ და განაცხადა: „2016 წლიდან თქვენ ატყუებთ მასწავლებლებს, რომ მათი საშუალო ხელფასი იქნება 800 ლარი. ამ დაპირებით მოხვედით 2016 წელს და იმის შემდეგ, ბიუჯეტის განხილვის ყოველ სხდომაზე მხოლოდ ამბობთ, რომ უსამართლობაა როდესაც სერტიფიცირებულ მასწავლებლებს არ ეძლევათ 800 ლარი. ნამდვილად უსამართლობაა, უნდა ეძლეოდეთ 800 ლარი და მათ კუთვნილ თანხას არ აძლევთ მასწავლებლებს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

„ქართული ოცნების“ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად არის დასახელებული. „განათლება ჩვენი საარჩევნო ბლოკისთვის პრიორიტეტული მიმართულება იქნება“ - ვკითხულობთ პროგრამაში. პროგრამის ავტორები აქვე დასძენენ, რომ განათლების საერთო ხარჯების ზრდასთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვნად მოიმატებდა დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ამაღლდებოდა მათი სოციალური სტატუსი და პრესტიჟი, მასწავლებლებს ექნებოდათ ღირსეული ცხოვრების პირობები (2012 წლის პროგრამა, გვ. 65).

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამა მეტად კონკრეტულია მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით. კერძოდ, პროგრამაში ვკითხულობთ: 2017 წლის 1 იანვრიდან, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდება და საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევს. 2018 წელს ხელფასები კვლავ გაიზრდება, ქვეყნის ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად (2016 წლის პროგრამა, გვ. 35). აღსანიშნავია, რომ გარდა პროგრამისა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის დაპირება სიტყვით გამოსვლებშიც გასცეს. 2016 წლის ნოემბერში, იმ დროისათვის განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან პედაგოგთა საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნებოდა. იგივე დაადასტურა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაპირებების ფორმატმა საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ხელფასი ყველა პედაგოგს გაეზრდებოდა. არც განცხადებებში და არც პროგრამაში არ ყოფილა ნათელი მითითება, რომ ხელფასი მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგებს გაეზრდებოდათ. თუმცა, რომც ყოფილიყო მსგავსად დაკონკრეტებული დაპირება, ის მაინც არ იქნებოდა შესრულებული, რადგან არც ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს გაზრდია ხელფასი.

ამჟამად, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების საკითხს, განათლების მინისტრის 2015 წლის ბრძანება არეგულირებს. ამ ბრძანების მიხედვით, მასწავლებლები კარიერული ზრდის სქემაში არიან ჩართულები და სწორედ ეს სქემა უზრუნველყოფს მათი ხელფასის ოდენობას. იმისათვის, რომ მასწავლებელს ჰქონდეს საშუალოდ 800 ლარი და მეტი ხელფასი, პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან საფეხურს. ხელფასის ზრდა ითვალისწინებს შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის სტატუსი[1], მასწავლებლის განათლების ხარისხი[2], საგაკვეთილო დატვირთვა[3], სტაჟი[4].

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დანამატებიც, კერძოდ, კლასკომპლექტით სწავლების დანამატი, კლასის დამრიგებლის დანამატი, მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის და დაგეგმვის დანამატი, სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი, მაღალმთიან დასახლებებში სწავლების და არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში სწავლების დანამატები.

საქართველოს საჯარო სკოლების 57 944 პედაგოგიდან, 40 924 მასწავლებელი არის პრაქტიკოსი, 16 811 - უფროსი, 202 - წამყვანი და 7 მენტორის სტატუსის მქონე. პრაქტიკოსის გარდა, შემდეგი სამი სტატუსი ნიშნავს, რომ პედაგოგი სერტიფიცირებულები არიან. შესაბამისად, ჯამში, 17 020 სერტიფიცირებული მასწავლებელია. თუმცა, ყველა მათგანს არ ეძლევა დაპირებული 800 ლარი ხელფასი. სქემაში, როგორც უკვე ვთქვით, მნიშვნელოვანია განათლების ხარისხიც, სტაჟიც და საგაკვეთილო დატვირთვაც. სრული საგაკვეთილო დატვირთვა ნიშნავს, რომ პედაგოგს აქვს 18 საგაკვეთილო საათი კვირაში. საქართველოს საჯარო სკოლებში სრული საგაკვეთილო დატვირთვა აქვს მხოლოდ 8 940 მასწავლებელს. მათგან უფროსი მასწავლებელი არის 3 163, წამყვანი – 31 და მენტორი – 1. სრულზე მეტი საგაკვეთილო დატვირთვა (19 საათი და მეტი) აქვს 1 985 უფროს, წამყვან და მენტორ პედაგოგს. ზემოთ ხსენებული 17 020 შესაბამისი სტატუსიანი პედაგოგიდან სრული და სრულზე მეტი საგაკვეთილო დატვირთვა აქვს მხოლოდ 5 180 მასწავლებელს. გამოდის, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ხელფასის გასაზრდელ ორ მოთხოვნას – შესაბამის სტატუსსა და საგაკვეთილო დატვირთვას – აკმაყოფილებს, მხოლოდ, 5 180 მასწავლებელი, რაც საერთო რაოდენობის 8.9%-ია. არც ეს არ არის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს ამ ნიშნულამდე. რეალურად, ამ რიცხვს შესაძლოა გამოაკლდეს იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომელებიც აკმაყოფილებენ ორ ძირითად მოთხოვნას, მაგრამ 10 წელზე ნაკლები სტაჟი აქვთ და იმ მასწავლებელთა რაოდენობაც, რომელსაც არ აქვს შესაბამისი აკადემიური ხარისხი. მეტი სიზუსტისთვის, განათლების სამინისტროს მივმართეთ კითხვით, თუ რამდენი მასწავლებლის ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს და მეტს საქართველოს საჯარო სკოლებში, სამინისტრომ გვიპასუხა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება პედაგოგების 800 ლარიან ხელფასთან დაკავშირებით, არ შესრულებულა. დაპირებების დაუზუსტებლობით, ხელისუფლებამ საზოგადოებაში არასწორი მოლოდინები შექმნა. თუმცა, ამ ფაქტის გარეშეც, სერტიფიცირებული მასწავლებლები ვერ იღებენ საშუალოს და მაღალ ხელფასს. პედაგოგთა განვითარების სქემა ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომლის დაკმაყოფილებისთვის მხოლოდ სერტიფიცირება არ არის საკმარისი და ეს, რიგ შემთხვევებში, მასწავლებელზეც არ არის დამოკიდებული. მაგალითად, ერთ-ერთი, პედაგოგისგან დამოუკიდებელი, პრობლემაა არასრული საგაკვეთილო დატვირთვით მუშაობა.

[1] სტატუსი: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი, მენტორი

[2] ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი

[3] მუშაობს სრულ განაკვეთზე, სრულზე მეტ განაკვეთზე, არასრულ განაკვეთზე

[4] სტაჟი 5 წლამდე, 5-დან 10 წლის ჩათვლით, სტაჟი 10 წლის ზემოთ

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი