ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვანი ჩარევის მიუხედავად (წინა წლებთან შედარებით დაფინანსების თითქმის გაორმაგებისა), დარგის რეალური ზრდის ტემპი 2013 წლიდან მაინც კლების ტენდენციით ხასიათდება,  2017 წელს კი სოფლის მეურნეობა (ღირებულებით ფორმაში) შემცირდა. ასევე, 2013 წლიდან  კლებადია მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი და 2008 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა - 8.2%.

ასევე, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამის მიუხედავად, რომლის ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური -354 მლნ ლარი იყო, კლების ტენდენციით ხასიათდება ნათესი ფართობის მოცულობაც. უშუალოდ 2017 წელს ნათესი ფართობის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 8.4%-ით არის შემცირებული.

2017

წელს  შემცირებულია ხილის და ბოსტნეულის წარმოებაც (მხოლოდ ყურძნის წარმოება არის გაზრდილი), შესაბამისად 39% და 11.4%-ით. ასევე კლების ტენდენციით ხასიათდება რძის წარმოება (შემცირდა 2.2 %-ით), ხორცის და კვერცხის წარმოებაში კი მხოლოდ მცირედი ზრდა დაფიქსირდა, 0.15% და 1.6%.

გიორგი კანდელაკი რიცხვებს არასწორად ასახელებს, თუმცა განცხადების მთლიანი კონტექსტი სიმართლეს შეესაბამება.

ანალიზი

პარლამენტის სხდომაზე, პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა, სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა და განაცხადა: „ 2017 წელს სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად ყველა პარამეტრით შემცირდა. მოცულობით, ნათესი ფართობით. მაგალითად, 17%-ით შემცირდა ნათესი ფართობი, ხილის წარმოება შემცირდა 38%-ით, ბოსტნეულის - 19%-ით, რძის- 11%-ით, ხორცის- 10%-ით. ეს შემცირება მოხდა იმ ათეულობით და ასეულობით მილიონობით ლარის მიუხედავად, რომელიც მთავრობამ დახარჯა, მაგალითად, ხვნა-თესვის პროგრამაში“.

2017

წელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 3 921.6 მილიონი ლარი შეადგინა (მიმდინარე ფასებში), რაც 1.8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (3 854.0 მლნ ლარი). თუმცა, დარგის რეალური ზრდის გასაზომად ეს მაჩვენებელი არ გამოდგება, რადგან პროდუქციის გამოშვება მიმდინარე ფასებში იანგარიშება და შესაბამისად, ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეული ღირებულების ზრდას არ გამორიცხავს.

აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად აღნიშნულ დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს უნდა შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეული ღირებულების ზრდას გამორიცხავს. სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა (წარმოების ოდენობის ცვლილება წინა წელთან მიმართებაში) გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე. სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უარყოფითია. გამოშვება  2.7%-ით შემცირდა. 2016 წელს ზრდა მხოლოდ 0.3 % იყო (იხ:სტატია).

ასევე 2013 წლიდან  კლებადია მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი და 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა - 8.2%.

სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესების დეტალურად გაანალიზებისთვის, მნიშვნელოვანია, ნათესი ფართობის მოცულობის სტატისტიკის განხილვაც.

ცხრილი 1:

ნათესი ფართობი 2013-2017 წლებში (ათასი ჰექტარი)

22222222 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნათესი ფართობის მოცულობა 2013 წლიდან კლებადია (მიუხედავად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამისა, რომლის ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური 354 მლნ ლარი იყო). კლების ტენდენციით ხასიათდება საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობის მოცულობებიც. 2017 წელს კი ნათესი ფართობის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 8.4%-ით არის შემცირებული.

ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოება კი შემდეგნაირია:

გრაფიკი 1:

ერთწლიანი კულტურების წარმოება (ათასი ტონა)

21112212 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკის მიხედვით, შემცირებულია ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის წარმოება. 2017 წელს კონკრეტულად ბოსტნეულის წარმოება წინა წელთან შედარებით  11.4 %-ით არის შემცირებული.

გრაფიკი 2:

მრავალწლიანი კულტურების წარმოება (ათასი ტონა)

gra22221111 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მრავალწლიანი კულტურებიდან გაზრდილია მხოლოდ ყურძნის წარმოება, 2017 წელს ხილის წარმოება, წინა წელთან შედარებით, 39%-ით შემცირდა.

ასევე, მნიშვნელოვანია, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების დინამიკის გაანალიზება.

გრაფიკი 3:

ხორცის (ათასი ტონა), რძის (მლნ ლიტრი) და კვერცხის (მლნ ცალი) წარმოება 2014-2017 წლებში

ccccccccccccccc წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში, კლების ტენდენციით ხასიათდება რძის წარმოება. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.2%-ით ნაკლები რძეა წარმოებული. რაც შეეხება ხორცის და კვერცხის წარმოებას, აქ გამოკვეთილი ტენდენცია არ გვაქვს, წლების მიხედვით წარმოება  ხან იზრდება, ხან კლებულობს. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, კვერცხის და ხორცის წარმოება მცირედით, შესაბამისად 1.6% და 0.15 %-ით არის გაზრდილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (2013-2017 წლები) ბიუჯეტიდან ათვისებულმა სახსრებმა 1 437 მლნ შეადგინა. სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო და 2013-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების წილი მთლიან ბიუჯეტში , საშუალოდ, 3.64% იყო (2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობის წილი ბიუჯეტში, საშუალოდ, 1.59% იყო).
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი