ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სომხეთში პენსიის საშუალო ოდენობა (პენსია სამუშაო სტაჟის მიხედვით განსხვავებულია) თვეში 40 634 დრამია, რაც დაახლოებით 225 ლარია. კურსის ცვლილებების შესაბამისად, ეს თანხაც მერყეობს. სომხეთში საშუალო პენსიის ოდენობა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23%-ია. საქართველოში კი, პენსიის მოცულობა საშუალო ხელფასის 18%-ს შეადგენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვრიდან სომხეთში მინიმალური პენსია დაახლოებით 52 ლარით იზრდება, რაც შესაბამისად აისახება საშუალო პენსიის ოდენობაზეც. მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოში პენსია 20 ლარით გაიზარდა.

ასევე, სწორია რომან გოცირიძის განცხადების ის ნაწილიც, რომლის თანახმადაც სომხეთი საქართველოზე ღარიბი ქვეყანაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, რეალურ ფასებში, მნიშვნელოვნად აღემატება სომხეთის მაჩვენებელს.

ანალიზი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, განაცხადა: „საქართველოს ხელისუფლება როგორც მოექცა პენსიონერებს არის დანაშაული. სომხეთს, ჩვენზე ღარიბ ქვეყანას, პენსია 230 ლარი აქვს, წელს ალბათ კიდევ მოუმატებენ. ჩვენთან კი, 5 წლის განმავლობაში პენსია მხოლოდ 7 ლარით გაიზარდა“. აღსანიშნავია, რომ რომან გოცირიძე 2018 წლის მონაცემებზე საუბრობდა.

სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, პენსიის საშუალო ოდენობა 40 634 დრამს შეადგენდა, რაც ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით[i] დაახლოებით 225 ლარია. სომხეთში მინიმალური პენსია 16 000 დრამია, რაც დაახლოებით 89 ლარს შეადგენს. პენსია სამუშაო სტაჟის მიხედვით იზრდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ, სომხეთში მინიმალური პენსია არ გაზრდილა. 2019 წლის 1 იანვრიდან კი, მინიმალური პენსიის ოდენობა 60%-ით, 25 500 დრამამდე იზრდება. სომხეთში საპენსიო ასაკი როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის 63 წელია.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ასაკით პენსიონერების პენსია 110-125 ლარი იყო. 2013 წლის აპრილიდან პენსიის ოდენობა ყველა პენსიონერისთვის გათანაბრდა და 125 ლარს შეადგენდა. 2013 წლის სექტემბრიდან კი, პენსია 150 ლარი გახდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პარლამენტში წინა ხელისუფლების მიერ წარდგენილ 2013 წლის ბიუჯეტში, აღნიშნული ზრდა გათვალისწინებული იყო (იხილეთ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, გვ. 23). 2014-2018 წლებში პენსია მხოლოდ 30 ლარით გაიზარდა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ასაკით პენსიონერის პენსია 180 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის იანვრიდან კი, პენსია 20 ლარით გაიზრდა. საპენსიო ასაკი ქალისთვის 60 წელი, ხოლო მამაკაცისთვის 65 წელია. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს „ქართული ოცნების“ დაპირება იყო პენსიის 220-230 ლარამდე გაზრდა და საპენსიო ასაკის დაწევა (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).

ორ ქვეყანაში პენსიის ოდენობის პირდაპირ შედარება შესაძლოა ბოლომდე ზუსტი არ იყოს, რადგან სომხეთში და საქართველოში განსხვავებული საპენსიო სისტემაა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ განსხვავებულია ფასების დონეც. თუმცა, რომან გოცირიძის განცხადების კონტექსტი, რომ ჩვენზე ღარიბ ქვეყანაში საშუალო პენსია უფრო მაღალია სიმართლეს შეესაბამება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, რეალურ ფასებში, მნიშვნელოვნად აღემატებასომხეთის მაჩვენებელს. ამდენად, საქართველო უფრო მდიდარი ქვეყანაა, ვიდრე სომხეთი. მიუხედავად ამისა, სომხეთში საშუალო პენსიონერს უფრო მეტი პენსია აქვს, ვიდრე საქართველოში. სომხეთში საშუალო პენსიის ოდენობა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23%-ია. საქართველოში კი, პენსიის მოცულობა საშუალო ხელფასის 18%-ია.



[i] რომან გოცირიძემ განცხადება გააკეთა ნოემბერში, შესაბამისად აღებულია ნოემბრის თვის საშუალო გაცვლითი კურსი; 1 000 დრამი = 5.55 ლარს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი